დღეს, სოფელ ზარზმაში სერაპიონ ზარზმელის ხსენების დღე აღნიშნეს. ზარზმის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მონასტერში საზეიმო წირვა-ლოცვა ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა მეუფე თეოდორემ და ხონისა და სამტრედიის ეპარქიის მიტროპოლიტმა საბამ სასულიერო პირებთან ერთად აღავლინეს.
წირვის დასრულების შემდეგ, ხელისუფლების წარმომადგენლებმა ადგილობრივებსა და მოსულ სტუმრებს, „ზარზმობა” მიულოცეს, რის შემდეგაც სახალხო-რელიგიური დღესასწაულის აღნიშვნა სხვადასხვა კულტურული ღონისძიებით გაგრძელდა. მაყურებლის წინაშე ადიგენის კულტურის ცენტრთან არსებული ანსამბლი „ზარზმა“, მომღერალთა გუნდი “ჩვენი კვარტეტი” და მალხაზ ერქვანიძის მგალობელთა გუნდი წარსდგა.
„ზარზმობის“ დღესასწაულს სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე დავით ვარდიაშვილი, მაჟორიტარი დეპუტატი ანტონ ობოლაშვილი, ადიგენის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქიმაძე, საკრებულოს თავმჯდომარე შმაგი ბიძიშვილი, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, მეზობელი მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირები, სასულიერო და საერო პირები დაესწრნენ.
,,ზარზმობა“ სახალხო-რელიგიური დღესასწაულია, რომელიც ადიგენის მუნიციპალიტეტში ტრადიციულად, ყოველი წლის 11 ნოემბერს აღინიშნება. სერაპიონ ზარზმელი წარმოშობით კლარჯეთიდან იყო. მან lX საუკუნეში სხვა ბერებთან ერთად დაარსა ზარზმის მონასტერი და სიცოცხლის ბოლომდე იქ მოღვაწეობდა.




