fbpx

ადამიანის პირად სივრცეში შეჭრის, მისი უფლებების შელახვის ძალიან ცუდი ტენდენცია დამკვიდრდა -კობა კობალაძე

ჟურნალისტებმა პატივი უნდა სცენ საჯარო პირების პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის სამართლიან მოლოდინს, – ამის შესახებ განცხადება ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალმა კობა კობალაძემ გააკეთა.

„დიდ პატივს ვცემ მედიას, რომელსაც განვითარებულ ქვეყნებში მეოთხე ხელისუფლებასაც უწოდებენ და ვიყავი და მზად ვარ თანამშრომლობისათვის. მაგრამ ეს არ ეხება პირადი ან პარტიული გამორჩენის მიზნით აჟიტირებულ, კვაზი ან ფსევდო ჟურნალისტებს!

საჯარო პირების ოჯახის წევრები, ნათესავები და მეგობრები, რომლებიც თავად არ არიან საჯარო პირები, სარგებლობენ პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფრო მაღალი ხარისხით.

პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება მოიცავს არა მხოლოდ ფაქტობრივი ფიზიკური სივრცის უფლებას, არამედ ამ სივრცით დაუბრკოლებლად სარგებლობის უფლებასაც. პიროვნების სახლის მისამართი, არის პირადი მონაცემი; ამდენად, იგი დაცულია და არ უნდა გახდეს ხელმისაწვდომი საზოგადოებისათვის ჟურნალისტების მხრიდან.

აქედან გამომდინარე, ევროპული პრაქტიკისთვის სრულიად მიუღებელი და ამორალურია, სენსაციის მოპოვების მიზნით, ჩვეულებრივი მოქალაქის სახლში მივარდნა და 80 წლის ქალი, დედა, რომელსაც 54 -წლიანი თანაცხოვრების შემდეგ, მეუღლე გარდაეცვალა, ქალბატონი, რომელსაც რთული ჯანმრთელობის მდგომარეობა აქვს და ქმრის გარდაცვალების მეორმოცე დღეს, სასაფლაოზე გასვლაც კი უჭირს, შოკში ჩააგდო. ვიდეოკამერების თანხლებით სახლში შეუვარდე და კომენტარი მოსთხოვო თუ მისი შვილი რატომ დაინიშნა ვეტერანების სახელმწიფო სამსახურის დირექტორად და რატომ აღარ არის პარლამენტის დეპუტატი! მარაზმია! ვინ იქნება პასუხისმგებელი ამ დროს, ისედაც სტრესში მყოფ სუსტი ჯანმრთელობის მქონე ადამიანს, რომ რამე დაემართოს?! ჟურნალისტი, მისი იქ გამომგზავნი, თუ ტელევიზიის ხელმძღვანელი?!

მე, საქართველოს ერთგული ჯარისკაცი ვარ! ასობით და ათასობით კი არა, თავისუფლად შემიძლია ვთქვა, რომ ათეულ ათასობით განისაზღვრება იმ ადამიანთა რიცხვი, ვისაც პირადად ვიცნობ და გაცილებით მეტი, ვინც ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე მიცნობს. აქედან ერთი ადამიანიც ვერ იტყვის, რომ ოდესმე, ნებისმიერ ვითარებაში, ადამიანებს და, მით უმეტეს, პასუხისმგებლობას გავქცევივარ! თუ ინფორმაცია გაინტერესებთ ვეტერანების სოციალურ და ეკონომიკურ მდგომარეობაზე, მომავლის ხედვებსა და განვითარების სტრატეგიაზე, პირიქით, დიდ მადლობას გეტყვით და გახსნილად და გულწრფელად მოგახსენებთ. საზოგადოებრივ ინტერესს ჟურნალისტების ჩართულობა უფრო გააღვივებს და აქცენტირებას გააკეთებინებს განვითარების პერსპექტივებზე, რისი მომხრეც ვარ ყოველთვის.

ჟურნალისტიკაში არსებობს პროფესიული სტანდარტი და მედია ეთიკა. სიტყვის თავისუფლების არსებობის პირობებში, ჩვენს დასავლელ პარტნიორ ქვეყნებში, ჩამოყალიბებულია ჟურნალისტური ეთიკის კრიტერიუმები, სადაც კონკრეტულად წერია, რომ „ჟურნალისტის პროფესიული ეთიკა პირდაპირ გულისხმობს ადამიანის ისეთი ძირითადი ღირებულებების პატივისცემას, როგორიცაა ადამიანის უფლებები.

პირადი და ოჯახური ცხოვრების, პირადი სივრცისა და კომუნიკაციის ხელშეუხებლობის უფლებებს, ჩვენს ქვეყანაში უზრუნველყოფს საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლი და, ასევე, კონვენცია ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების დაცვის შესახებ (მუხლი და ურიგო არ იქნება, თუ ამას პოლიტიკურად ანგაჟირებული ჟურნალისტებიც გაითვალისწინებენ!

ადამიანის პირად სივრცეში შეჭრის, მისი ფუნდამენტური უფლებების შელახვის ძალიან ცუდი ტენდენცია დამკვიდრდა საქართველოში ზოგიერთი მედიასაშუალების მიერ და, ვფიქრობ, ეს პარტიული, პოლიტიკური შეკვეთაა, ისე გამოჩნდეს სიტუაცია, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ნებისმიერი ადამიანის ნება და თავისუფლება შეზღუდულია. ყველაფერს წყვეტს მარტო პარტიის თავმჯდომარე, ბიზინა ივანიშვილი რაც გულწრფელად გეუბნებით, საერთოდ არ შეესაბამება სინამდვილეს და პირიქით, არის ჩვენი ხელისუფლებისა და, საერთოდ, წმინდა ადამიანური ღირებულებების საწინააღმდეგო პროპაგანდა, ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების ფეხქვეშ გათელვა! პირიქით, იშვიათად მინახავს ასეთი გულისხმიერი, სხვისი აზრის გამზიარებელი და ტოლერანტული პიროვნება. მოგახსენებთ, რასაც ვგულისხმობ, მე ჩემს თავზე ვიტყვი პერსონალურად, მაგრამ ვიცი, რომ ბევრი თავისუფალი ადამიანის მოსაზრებასაც გამოვხატავ, მე, ჩემი ავტორიტეტი თანამებრძოლებსა და საერთოდ, ჩვეულებრივ ადამიანებში, არ მომიპოვებია საცირკო წარმოდგენებში მონაწილეობით, მე ეს მოვიპოვე ბრძოლის ველზე, საომარი მოქმედებების დროს (სახსოვრად, რუსულ ტყვიებსაც, დღესდღეობით, ჩემი სხეულით დავატარებ) და ვაგრძელებ „ბრძოლის ველზე” ჩემს საჯარო და კერძო საქმიანობაში. ჩემი გადაწყვეტილება იყო აღმასრულებელ ხელისუფლებაში დაბრუნება, რის თაობაზეც გავიარე კონსულტაციები გუნდში და მიღებული იქნა გადაწყვეტილება. სკამზე გამოკიდებული რომ არა ვარ, იმაშიც გამოიხატა, რომ ჯარს, ჯარისკაცებსა და ომის ვეტერანებს, მათი სოციალური და ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებას ვემსახურო, რასაც მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება ვაკეთებდი! მნიშვნელობა არა აქვს, საკანონმდებლო თუ აღმასრულებელ ხელისუფლებაში. თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში მუშაობისას, მართლა პერმანენტული კონტაქტი მქონდა ნატოს, აშშ-ს, ევროკავშირის ქვეყნების წარმომადგენლებთან, რომლებიც მუშაობენ თავდაცვის ძალებისა და ომის ვეტერანების, ღირსეული დაფასებისა და საზოგადოებაში რეინტეგრაციის მიმართულებით. მათთან კონსულტაციებით, ბევრი საერთაშორისო გამოცდილება შევიძინე, რომელთა ტრანსფორმაციასა და დანერგვას ჩვენს რეალობაში ვაპირებ. 2021 წელს, ბევრ საერთაშორისო სტანდარტების მიმართულებას წარმოგიდგენთ, რომელთა იმპლემენტაცია, მნიშვნელოვნად გააძლიერებს ჩვენი სამხედროებისა და ომის ვეტერანების მდგომარეობას.

და ბოლოს, არ მინდა ბანალური და ხმამაღალი ნათქვამი გამომივიდეს, არ გავიმეორებ ჩემთვის უდიდესი ქართველ გენერალს გიორგი მაზნიაშვილს სიტყვებს (“მე არც მენშევიკების გენერალი ვარ და არც ბოლშევიკებისა, მე საქართველოს გენერალი ვარ!”), მაგრამ გულწრფელად გეტყვით, მე საქართველოს ჯარისკაცი ვარ და ჩემთვის დიდი პატივია, ვიყო საქართველოს სამხედროების დიდი კოჰორტას წევრი და გენერალი. ასევე, ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, დიდი პატივია საქართველოს პარლამენტში იყო ქართველი ხალხის წარმომადგენელი, თუმცა, ადამიანურად ჩემთვის უფრო ორგანულია ქართველ ჯარისკაცებთან და ვეტერანებთან უშუალო კონტაქტი და მუშაობა, ქვეცნობიერადაც კი!“, – განაცხადა 

e

~

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება