fbpx

აგენტების კანონის წინააღმდეგ აგორებულ პროტესტს წითელ ხაზად გასდევდა კამპანია, რომელიც ლიბერალური ფაშიზმის „საუკეთესო“ ტრადიციების შესაბამისად იყო დაგეგმილი

აგენტების კანონის წინააღმდეგ აგორებულ პროტესტს წითელ ხაზად გასდევდა კამპანია, რომელიც ლიბერალური ფაშიზმის „საუკეთესო“ ტრადიციების შესაბამისად იყო დაგეგმილი. ორგანიზებული ჯგუფების მეშვეობით, ხორციელდებოდა უპრეცედენტო ზეწოლა პოლიტიკოსებზე, ცნობად სახეებზე და მათი ოჯახის წევრებზე, მათ შორის არასრულწლოვნებზე – ამის შესახებ პარტია ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ექსტრემისტული ახალგაზრდული პოლიტიკური დაჯგუფებების გარდა, ლიბერალური ფაშიზმის კამპანიაში დღემდე აქტიურად არიან ჩართული ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, ყოფილი სახალხო დამცველი, ოპოზიციის მხარდამჭერი ჟურნალისტები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ისევე, როგორც რიგითი „ნაციონალები“, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს „ნაციონალური მოძრაობის“ ძალადობრივ ბუნებას.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, გასულ კვირაში დაფიქსირებული ძალადობრივი აქტები ორგანიზებული იყო რადიკალური ოპოზიციის ექსტრემისტული ახალგაზრდული დაჯგუფებების მიერ.

„ექსტრემისტული აქტივობები ძირითადად ხორციელდებოდა ჯინ შარპისა და პიტერ აკერმანის მიერ შემუშავებული სახელმძღვანელოების შესაბამისად. მათ შორის, სწორედ ამ სახელმძღვანელოებშია აღწერილი ისეთი სიმბოლური აქტები, როგორიცაა წყლის ჭავლთან დროშიანი მომიტინგის დაპირისპირება, სპეცრაზმელებთან ყვავილების მიტანა და ა.შ.“ – განაცხადა კობახიძემ.

მან ასევე ისაუბრა რადიკალური ახალგაზრდული დაჯგუფებების დაფინანსების წყაროებზეც და აღნიშნა, რომ დავით კეზერაშვილი რადიკალების მთავარი დამფინანსებელია, შესაბამისად, ის აფინანსებს მსგავს ატივობებსაც.

„კეზერაშვილი არის რადიკალური ოპოზიციური დაჯგუფებების მთავარი დონორი, მთავარი დამფინანსებელი და ის ასევე აფინანსებს შესაბამის ღონისძიებებსაც. აქედან გამომდინარე, არავის უკვირს, რომ მოძალადე ახალგაზრდები რომლებიც აწარმოებდნენ ბულინგს, დაფინანსებული იყვნენ კეზერაშვილის მხრიდან. რა თქმა უნდა, ეს საკითხი შემდგომ შესწავლას საჭიროებს.“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება