fbpx



ჰუბერტ ქნირში – ჩემთვის, როგორც დიპლომატისთვის, ძალიან რთულია რურუას გათავისუფლების საკითხზე რამე სერიოზული კომენტარის გაკეთება

ჰუბერტ ქნირში – ჩემთვის, როგორც დიპლომატისთვის, ძალიან რთულია რურუას გათავისუფლების საკითხზე რამე სერიოზული კომენტარის გაკეთება, ჩემი აზრით, მთავარი შედეგი ის არის, რომ საარჩევნო სისტემაში ცვლილება უნდა მოხდეს

ჩემთვის, როგორც დიპლომატისთვის, ძალიან რთულია გიორგი რურუას გათავისუფლების საკითხზე რამე სერიოზული კომენტარის გაკეთება, – ასე უპასუხა საქართველოში გერმანიის ელჩმა, ჰუბერტ ქნირშმა  საქართველოს პირველი არხის გადაცემა „კვირის ინტერვიუს“ წამყვანის შეკითხვას, დგას თუ არა გიორგი რურუას გათავისუფლების საკითხი მისთვისაც, როგორც გერმანიის ელჩისთვის, რადგან ქართულ საინფორმაციო სივრცეში მისი გათავისუფლების საკითხი ძალიან აქტუალურია.

„გერმანიაში, მასმედიაში დამკვიდრებულია ასეთი წესი, რომ მიმდინარე სამართალწარმოებაზე მსჯელობა არ იყოს და ის საჯარო მსჯელობის საგანი არ გახდეს. ჩემთვის, როგორც დიპლომატისთვის, ძალიან რთულია ამ საკითხზე რამე სერიოზული კომენტარის გაკეთება. ჩემი აზრით, მთავარი შედეგი ის არის, რომ საარჩევნო სისტემაში ცვლილება უნდა მოხდეს, ეს უნდა განხორციელდეს და საქმე ბოლომდე მივიდეს“, – განაცხადა ქნირშმა. 

როგორც ჰუბერტ ქნირშმა აღნიშნა, 8 მარტის შეთანხმება ორი ტექსტისგან შედგება და აქ საუბარია ქართული საარჩევნო სისტემის დახვეწაზე.

„8 მარტის შეთანხმება ორი ტექსტისგან შედგება. აქ საუბარია ქართული საარჩევნო სისტემის დახვეწაზე. რამდენიმე თვის განმავლობაში მთავრობასა და ოპოზიციას შორის ძალიან რთული მოლაპარაკებები მიდიოდა და უშედეგოდ. ჩვენ, დიპლომატიური კორპუსი, ჩავერთეთ ამ პროცესში, რათა ორივე მხარე ერთგვარად გაგვემხნევებინა და მოგვეწოდებინა, რომ საარჩევნო სისტემა დაეხვეწათ. ქართულ პოლიტიკაზე ამან მართლაც მოახდინა გარკვეული ზეგავლენა. აქედან გამომდინარე, საბოლოოდ, შეთანხმება მიღწეული იქნა და ამან ძალიან გაგვახარა. ვგულისხმობ 8 მარტის შეთანხმებას“, – განაცხადა ქნირშმა.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რას ფიქრობს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებაზე, რომელმაც ელჩებისგან საჯაროდ მოითხოვა, საზოგადოებისთვის მოეყოლათ, რა ხდებოდა შეხვედრაზე, რასაც ელჩების მხრიდან შეფასებები მოჰყვა, ჰუბერტ ქნირშმა განაცხადა, რომ ის ერთ-ერთი ფასილიტატორი იყო, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ელჩები ფაქტობრივად, მოსამართლეები არიან და მართლმსაჯულებას ახორციელებენ.

„ჩემთვის, როგორც დიპლომატისთვის, მთავრობასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების პროცესში მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანი იყო. თუმცა, შიდა პოლიტიკური პროცესები გრძელდებოდა და გრძელდება. მე ჩართული ვიყავი ამ მოლაპარაკებებში და ერთ-ერთი ფასილიტატორი გახლდით, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ ფაქტობრივად, მოსამართლეები ვართ და მართლმსაჯულებას ვახორციელებთ. არა, ეს ასე არ არის. ჩვენ მივაღწიეთ ამ შეთანხმებას და ეს არის დიდი წარმატება“, – განაცხადა ქნირშმა.

შეკითხვაზე, რა იქნება მისი პასუხი საზოგადოების გარკვეული ნაწილის მოსაზრებაზე, რომ დასავლეთი საქართველოს საშინაო საქმეებში ზედმეტად ერევა და ერთ-ერთი მხარის მიმართ მიკერძოებულია, საქართველოში გერმანიის ელჩმა განაცხადა, რომ მთავარი და გადამწყვეტი იყო ის მოლაპარაკებები, რომელიც მიმდინარეობდა და შედეგიანად დასრულდა.

„გეთანხმებით, ქართული პოლიტიკური სპექტრის წარმომადგენლებმა შემდეგ ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები გააკეთეს, მაგრამ 8 მარტი იყო ის დღე, როცა ყველას გაუხარდა და ყველა მიესალმა შეთანხმების დასრულებას“, – განაცხადა ჰუბერტ ქნირშმა.

გაუზიარე!

0Shares
0 0
error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია