fbpx

ძალიან ბევრ სიბინძურეს ვითმენ თქვენგან, შესაბამისად, სასამართლოს გზით გადაწყდეს ყველაფერი-კახა კალაძე

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ „ტვ პირველისა“ და ამავე არხის ჟურნალისტის წინააღმდეგ სასამართლოში შეტანილ სარჩელს მოიგებს, თანხას იმ ოჯახების და ადამიანების დასახმარებლად გამოიყენებს, ვისაც დღეს ყველაზე მეტად უჭირს.

„ძალიან ბევრ სიბინძურეს ვითმენ თქვენგან, ძალიან ბევრ ცილისწამებას, ტალახის სროლას, შეურაცხყოფას. შესაბამისად, სასამართლოს გზით გადაწყდეს ყველაფერი. იმაზე, რაც იყო ნათქვამი, კონკრეტულ ჟურნალისტს აუცილებლად მოუწევს წარმოადგინოს ამის მტკიცებულება. ამასთან დაკავშირებით ისაუბრა ჩემმა ადვოკატმა. დეტალებში აღარ შევალ, არ მინდა ეს ყველაფერი შემდეგ ჩემს საწინააღმდეგოდ იყოს გამოყენებული. რაც შეეხება თანხას, თუ ჩვენ მოგვეცემა იმის შესაძლებლობა, რომ მოვიგოთ ეს თანხა, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მიმართული იქნება იმ ოჯახების და ადამიანების დასახმარებლად, ვისაც დღეს ყველაზე მეტად უჭირს“, – განაცხადა კალაძემ.

კითხვაზე, სასამართლოში სარჩელის შეტანა თბილისის მერის მხრიდან არის თუ არა კრიტიკულ მედიაზე ზეწოლა, როგორც კალაძე განმარტავს, კრიტიკული მედია უფრო პასუხისმგებლიანი უნდა იყოს.

„კრიტიკული მედია უნდა იყოს უფრო პასუხისმგებლობიანი. არ უნდა იყოთ დაკავებული სიბინძურით, ცილისწამებით, შეურაცხყოფით, ტალახის სროლით. როგორ წარმომიდგენია კრიტიკული მედია? – თქვენ უნდა დასვათ კრიტიკული კითხვები, გაქვთ სიუჟეტები? ეს უნდა იყოს სიმართლეზე და მტკიცებულებებზე დაფუძნებული და არა, სიცრუეზე, ცილისწამებაზე, რასაც თქვენ კადრულობთ, აკეთებთ ყოველდღიურ რეჟიმში, სიძულვილის ენა და ა.შ.“ – განაცხადა კახა კალაძემ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება