fbpx

ცაგერში, ადგილობრივ მოსახლეობასთან გამართული შეხვედრა იყო ძალიან კარგი და საქმიანი-ნათია თურნავა

ცაგერში, ადგილობრივ მოსახლეობასთან გამართული შეხვედრა, მთლიანობაში, იყო ძალიან კარგი და საქმიანი. ჩვენ, ამ ფორმატში, რამდენიც შევძელით, პასუხები გავეცით კითხვებს, მაგრამ ამით, ცხადია, არ ვასრულებთ შეხვედრებს, – ამის შესახებ ნათია თურნავამ ცაგერში ადგილობრივ მოსახლეობასთან „ნამახვანი ჰესის“ პროექტთან დაკავშირებული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომელიც ორი მინისტრის მონაწილეობით საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით დღეს გაიმართა.

„ნამდვილად გული დაგვწყდა, რომ სხვადასხვა, ალბათ, ტექნიკური პრობლემის გამო ვერ მოხერხდა უფრო სრულყოფილ, ფართო ფორმატში შეხვედრა, კერძოდ, ის ადამიანები, რომლებიც ამჟამად კარვებში იმყოფებიან, ე.წ. „რიონის ხეობის მცველები“ ვერ დაესწრნენ ამ შეხვედრას, ამიტომ მე და ჩემმა კოლეგამ, ლევან დავითაშვილმა მივიღეთ გადაწყვეტილება, ჩავიდეთ მათთან, შევხვდეთ ამ ადამიანებს და დავთქვათ მათთვის მისაღები ფორმატი და ადგილი შეხვედრისთვის.

პირველ რიგში, გვსურს მათ ვუთხრათ, რომ ნამდვილად, ჩვენი დიდი სურვილია, ჩვენ შორის საუბარი გაიმართოს. ვწუხვართ, რომ ფორმატის გამო არ ისურვეს ცაგერში ჩამოსვლა და გვესმის მათი, რომ ღია ფორმატია აუცილებელი. შესაბამისად, თქვენც ხედავთ, რომ მივიღეთ გადაწყვეტილება, მედია სრულად დასწრებოდა შეხვედრას. ახლა მივდივართ ადგილზე, კარვებთან, სადაც ადამიანები ამდენი დღეა, თავიანთ პროტესტს გამოხატავენ და ალბათ შევთანხმდებით შემდეგი შეხვედრის ფორმატზე, უფრო, ასე ვთქვათ, მომზადებულ ვითარებაში, სადაც, ორივე მხრიდან იქნებიან ექსპერტებიც პრობლემურ საკითხებზე სასაუბროდ“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

გაუზიარე!

0Shares
0 0

კომენტარის დატოვება

error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია