ჩინურმა კომპანიამ DeepSeek-მა გამოუშვა უფასო ჩატ-ბოტი

ჩინურმა კომპანიამ DeepSeek-მა გამოუშვა უფასო ჩატ-ბოტი, რამაც პანიკა გამოიწვია სილიკონის ველის ინვესტორებს შორის და რამდენიმე მსჯელობის ტესტში ამერიკულ ChatGPT-ს გაუსწრო.

ჩინური ხელოვნური ინტელექტის აპლიკაცია DeepSeek-R1 გახდა ყველაზე რეიტინგული უფასო აპლიკაცია Apple App Store-ში აშშ-ში, გაერთიანებულ სამეფოსა და ჩინეთში.

მისი პოპულარობა გაშვებიდან მოყოლებული გაიზარდა, რამაც უარყო ფართოდ გავრცელებული მოსაზრება იმის შესახებ, რომ აშშ ხელოვნური ინტელექტის სფეროში უდავო ლიდერია.

DeepSeek-ის ინფორმაციით, ახალი ჩატ-ბოტი იყენებს უფრო იაფ ჩიპებს და ეყრდნობა მონაცემთა უფრო მცირე ბაზას.

ხელოვნური ინტელექტის ასისტენტი მუშაობს ღია კოდის მქონე DeepSeek-V3 მოდელზე, რომელიც, მკვლევართა მტკიცებით, შეიქმნა 6 მილიონ დოლარზე ნაკლები დანახარჯით — რაც მნიშვნელოვნად ნაკლებია კონკურენტების მიერ მსგავს შემუშავებებზე დახარჯულ მილიარდებთან შედარებით. თუმცა, ეს მტკიცება სადავოდ მიაჩნიათ ხელოვნური ინტელექტის სფეროს სხვა სპეციალისტებს.

R1-ის გამოჩენამ, როგორც ჩანს, უარყო ფინანსურ ბაზრებზე ფართოდ გავრცელებული ვარაუდი იმის შესახებ, რომ ხელოვნური ინტელექტი წაახალისებს მოთხოვნას მთელ მიწოდების ჯაჭვში — ჩიპების მწარმოებლებიდან მონაცემთა დამუშავების ცენტრებამდე, წერს Reuters-ი.

DeepSeek-მა პანიკა გამოიწვია საფონდო ბაზარზე. ორშაბათს დილით ევროპაში Nasdaq 100-ის ელექტრონული საფონდო ბირჟის ფიუჩერსები 2.6%-ით შემცირდა, S&P 500-ის კი — 1.4%-ით; ამერიკული ტექნოლოგიური კომპანია Nvidia-ს აქციები თითქმის 10%-ით დაეცა. ხელოვნურ ინტელექტში ინვესტირებაზე ორიენტირებული SoftBank Group-ის აქციები 8%-ზე მეტით დაეცა — ეს გახდა ყველაზე დიდი ერთდღიანი ვარდნა 30 სექტემბრის შემდეგ.

კომპანია DeepSeek დააფუძნა ჩინელმა მილიარდერმა, საინვესტიციო ფონდ High-Flyer-ის მმართველმა ლიან ვენფენმა.

Deepseek სრულად ფინანსდება High-Flyer-ის მიერ და არ გეგმავს ინვესტორთა სახსრების მოზიდვას.

კომპანია “ფოკუსირებულია ფუნდამენტური ტექნოლოგიების შექმნაზე და არა კომერციულ აპლიკაციებზე. მან აიღო ვალდებულება, უზრუნველყოს ღია წყაროს კოდი ყველა თავისი მოდელისთვის”, წერს პორტალი ChinaTalk.

ამერიკულმა კომპანიებმა, მათ შორის OpenAI-მ და Google DeepMind-მა, პიონერობა გასწიეს “მსჯელობის მოდელების” (Reasoning models) განვითარებაში — ხელოვნური ინტელექტის კვლევის შედარებით ახალ სფეროში, სადაც ცდილობენ შექმნან ადამიანის კოგნიტურ შესაძლებლობებთან შესაბამისი მოდელები.

დეკემბერში სან-ფრანცისკოში დაფუძნებულმა OpenAI-მ გამოუშვა თავისი o1 მოდელის სრული ვერსია, მაგრამ საიდუმლოდ შეინახა განვითარების მეთოდები.

DeepSeek-ის ჩატ-ბოტის R1 ფორმატში გამოსვლამ სილიკონის ველში გამოიწვია მწვავე დებატები იმის შესახებ, შეძლებენ თუ არა ხელოვნური ინტელექტის განვითარებაზე მომუშავე ამერიკული კომპანიები, მათ შორის Meta და Anthropic, დაიცვან თავიანთი ტექნიკური უპირატესობა.

სინგაპურელმა ტექნოლოგიური აქციების კონსულტანტმა ვეი-სერნ ლინგმა განუცხადა ბი-ბი-სის, რომ ჩინურმა ხელოვნური ინტელექტის ასისტენტმა შესაძლოა “პოტენციურად ძირი გამოუთხაროს საინვესტიციო დასაბუთებას ხელოვნური ინტელექტის მთელი მიწოდების ჯაჭვისთვის”.

თუმცა, უოლ-სტრიტის საბანკო გიგანტმა Citi-მ გააფრთხილა, რომ მიუხედავად იმისა, რომ DeepSeek-მა შეიძლება გამოწვევა გაუგზავნოს ამერიკული კომპანიების, მაგალითად OpenAI-ს დომინანტურ პოზიციებს, პრობლემები, რომლებსაც ჩინური ფირმები აწყდებიან, შეიძლება ხელი შეუშალოს მათ განვითარებას.

“ჩვენი შეფასებით, გარდაუვალი შეზღუდვების პირობებში, აშშ-ის წვდომა უფრო სრულყოფილ ჩიპებზე შეიძლება განვიხილოთ როგორც უპირატესობა”, — ნათქვამია ანალიტიკოსთა ანგარიშში.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება