fbpx

ჩვენ კი არ ავცდით ევროპას, როგორც ევროპელი სოციალისტების პარტიაში განაცხადეს, პირიქით – მათი ადგილი არ არის ევროპაში, რადგან ევროპის ისტორიული პოლიტიკური იდეოლოგია კონსერვატიზმია

ხელისუფლების გადაწყვეტილება, დაეტოვებინა „ევროპის სოციალისტური პარტიის“ დამკვირვებელი წევრის სტატუსი და პარტიასთან დაკავშირებული სხვა გაერთიანებები, იყო პასუხი იმ შანტაჟზე, რაც ხელისუფლების მიმართ კვლავ ევროპიდან წამოვიდა, – ამის შესახებ გადაცემა „პოლიტიკურ პოსტში“ „ხალხის ძალის“ წევრმა თამარ ჩიბურდანიძემ განაცხადა.

მისი თქმით, როგორც ევროპელი სოციალისტების პარტიაში განაცხადეს, რომ საქართველო აცდა ევროპას და საქართველოს ადგილი კი არ არის ევროპაში, სინამდვილეში, პირიქით არის – მათი ადგილი არ არის ევროპაში, რადგან ევროპის ისტორიული პოლიტიკური იდეოლოგია კონსერვატიზმია, რომელიც იმ უძველესი, ტიტულოსანი ერების ღირებულებებს იცავს, რისგანაც ევროკავშირი შედგება.

„მათ, ალბათ, რატომღაც ეგონათ, სჯეროდათ, რომ ქართული ხელისუფლება ამ პარტიიდან თავისი ნებით გამოსვლას ვერ გაბედავდა, რადგან დასავლეთში წინა ხელისუფლებისგან მიჩვეულები იყვნენ, რომ მათი ბრძანებები, მათი შანტაჟი საქართველოში ყოველთვის ჭრიდა. მაგრამ, დღეს სიტუაცია შეიცვალა და ეს პოლიტიკური გამბედაობა, რაც ჩვენს ხელისუფლებას, ამ პოლიტიკურ გუნდს აქვს, არა მხოლოდ „ოცნების“ მხარდამჭერებში, არამედ, ოპოზიციის მომხრეებშიც კი ძალიან ფასობს და ეს კვლევებმა გვიჩვენა.

ზოგადად, ევროპის პოლიტიკური იდეოლოგია, რომელიც უძველესი, ტიტულოსანი ერებისგან შედგება, არის კონსერვატიზმი. რადგან, როცა უძველესი ტრადიციების მქონე ქვეყნების კავშირზე ვსაუბრობთ, იქ შეუძლებელია სოციალისტურ იდეოლოგიაზე ვისაუბროთ. ევროპელი სოციალისტების პარტიის მიდგომები, ღირებულებები, ზუსტადაც, რომ ლგბტ პროპაგანდას ითვალისწინებს. ვისაც კარგად აქვს წაკითხული, კარგად იცის სოციალიზმი რა არის; მარქსი, ენგელსი – ვინ არის; ძალიან კარგად იციან მე-20 საუკუნის 30-იან წლებში ლენინის მიერ როგორ იყო დაკანონებული ლგბტ პროპაგანდა, როგორ იყო მათი უფლებები აღიარებული. ლიბერალებსა და სოციალისტებს შორის განსხვავება ძალიან ძნელია, თუ ძალიან სიღრმეებში არ ჩასწვდები. შესაბამისად, სოციალისტური პარტია ვერ იქნება იმ პარტიის ოჯახი (ამ შემთხვევაში „ქართულ ოცნების“ ხელისუფლებაზე მაქვს საუბარი), რომლის უპირატესი მიზანი არის ეროვნული ტრადიციების შენარჩუნება და დაცვა. ჩვენ კი არ ავცდით ევროპას და როგორც განაცხადეს – ჩვენი ადგილი კი არ არის ევროპაში, პირიქით – ევროპაში არ არის სოციალისტური პარტიის ადგილი, იმიტომ, რომ ევროპის ისტორიული პოლიტიკური იდეოლოგია არის კონსერვატიზმი, რომელიც იმ უძველესი, ტიტულოსანი ერების ღირებულებებს იცავს, რისგანაც ევროკავშირი შედგება.

ვფიქრობ, „ქართული ოცნება“ მაშინ უნდა გამოსულიყო „ევროპის სოციალისტური პარტიიდან“, როცა 500-ზე მეტმა დეპუტატმა ჩვენ წინააღმდეგ მისცა ხმა. მესმის, რომ ხელისუფლება ანგარიშს უწევს ბევრ რამეს, განსაკუთრებით კი დასავლეთთან და ევროპასთან ურთიერთობას და არ სურდათ სიტუაციის გამწვავება, მაგრამ ვნახეთ, ამ დათმობებმა და ანგარიშის გაწევამ რა შედეგი მოგვიტანა დასავლეთიდან.

არის კიდევ მეორე საკითხი: ქართველი პოლიტიკოსები, რომელთაც სულ ცოტა პოლიტიკური აზროვნება მაინც აქვთ, ხვდებიან, რომ საქართველოსთვის სულ სხვა რეალობაა დღეს მსოფლიოში. პირველად ვამბობ ამას ღიად: მას შემდეგ, რაც თავისუფლები ვართ, ბოლო 30 წლის განმავლობაში საქართველოს პირველად ეძლევა საშუალება, თამამად და დამოუკიდებლად შექმნას დღის წესრიგი, დააყენოს მოთხოვნა მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნის წინაშე, დააყენოს საკითხი საკუთარი სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე და, საბედნიეროდ, ეს მოხდა ჩვენი ჩარევების გარეშე, მსოფლიო პოლიტიკური პროცესების დამსახურებით. სწორედ ამიტომ არის დღეს ასეთი განსაკუთრებული ზეწოლა საერთაშორისო თანამეგობრობისგან, განსაკუთრებით – დასავლეთისგან. საქართველო აღმოჩნდა იმ ადგილას, იმ დროს და იმ სიტუაციაში, როდესაც მსოფლიოს ოთხივე მიმართულებით ოთხივე პოლიტიკური ხაზისთვის არის თანაბრად მისაღები, ამიტომ ჩვენ ეს შანსი უნდა გამოვიყენოთ!“, – განაცხადა თამარ ჩიბურდანიძემ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება