fbpx

შვეიცარია, მედიის თავისუფლების მინიმალურ სტანდარტსაც კი ვეღარ აკმაყოფილებს-ზაზა შათირიშვილი

ზაზა შათირიშვილი-

კვლავაც ყურადღებით ვაკვირდები შვეიცარიაში მიმდინარე მოვლენებს, სადაც ქვეყნის უმსხვილესი კომერციული ბანკი – ერთ დროს შვეიცარიის ეროვნულ სიამაყედ მიჩნეული „კრედიტ სუისი“ კონკრეტულმა ძალებმა ბიძინა ივანიშვილის რეკეტისა და შანტაჟის მთავარ ინსტრუმენტად აქციეს. რეკეტისა და შანტაჟის დავალებას ბანკი ისეთი რუდუნებით ასრულებს, რომ ნაცმოძრაობასა და მამუკა ხაზარაძესაც კი გაუკვირდებოდათ და შეშურდებოდათ.

თუმცა, ახლა ამ საქმის კიდევ ერთ მნიშვნელოვან მხარეზე – საინფორმაციო გაშუქებაზე მინდა გავამახვილო ყურადღება. აღმოჩნდა, რომ შვეიცარია, რომელიც ერთ დროს დემოკრატიის აკვნად სრულიად სამართლიანად იწოდებოდა, მედიის თავისუფლების მინიმალურ სტანდარტსაც კი ვეღარ აკმაყოფილებს. გამაოგნებელია, როგორ ტოტალურად კონტროლდება შვეიცარიული მედია, სადაც თუ „ვიღაცამ“ მოინდომა, მისთვის უსიამოვნო ერთი სტატიაც ვერ გამოქვეყნდება. საერთო კოორდინაციის სქემაში შვეიცარიული მედიაც ასეთი ტოტალური ფორმით თუ იყო მოქცეული, ამაზე დღემდე წარმოდგენა არ მქონდა.

საზოგადოებას შევახსენებ, რომ როდესაც ბიძინა ივანიშვილის ადვოკატები ბანკის შესახებ ცდილობდნენ კრიტიკული სტატიების გამოქვეყნებას, მათ არავითარი წინააღმდეგობა არ ხვდებოდა, მაგრამ როგორც კი „ვიღაცის“ მიერ დანიშნულ და მართულ ბანკის მენეჯმენტზე სცადეს სტატიების გამოქვეყნება, მაშინვე ყველა მცდელობა უშედეგოდ დასრულდა. აშკარაა, რომ სტატიების პირველი ნაწილი, რომლის ადრესატი ბანკი და საბანკო სისტემა გახლდათ, ამერიკელების ინტერესებთან თანხვედრაში იყო. ბიძინა ივანიშვილისთვის გადარიცხვების შეჩერებით, ამერიკელები, ერთი მხრივ, ივანიშვილს აშანტაჟებენ და მეორე მხრივ, ბანკისა და საბანკო სისტემის რეპუტაციას ანგრევენ. შესაბამისად, ივანიშვილის ადვოკატების მიერ გამოქვეყნებული სტატიების პირველი ნაწილი ამ უკანასკნელ მიზანს პირდაპირ მიესადაგებოდა და გასაკვირი არაა, რომ მათ დაბეჭდვას არავითარი დაბრკოლება არ შეექმნა. მაგრამ როგორც კი ივანიშვილის ადვოკატები ბანკის მენეჯმენტს გადაწვდნენ, ცენზურის მანქანა მყისიერად ჩაირთო.

აქაც ჩანს მედიის ფუნქციონირების ამერიკული მოდელი, რომელიც 2004-12 წლებში სააკაშვილის მეშვეობით საქართველოში დაამკვიდრეს. მედიის მონოპოლიური სქემა, რომელიც საქართველოში ამერიკელებმა სააკაშვილის ხელით შექმნეს, როგორც ჩანს, შვეიცარიაშიც სრული მასშტაბით დანერგეს და აამოქმედეს.

ამერიკულ პოლიტიკურ ლექსიკონში თავისუფალი მედია ეწოდება მედიას, რომელსაც ამერიკული სპეცსამსახურები აკონტროლებენ. სწორედ ამ სტანდარტით მოიხსენიებენ ისინი საქართველოში თავისუფალ მედიად მხოლოდ „მთავარს“, „ტვ პირველსა“ და „ფორმულას“, რომლებიც, სინამდვილეში, სრულად არიან დაცლილი თავისუფლების იდეისგან და სიცრუისა და სიძულვილის შავბნელი პროპაგანდის ინსტრუმენტებად გამოიყენებიან. „იმედი“, „რუსთავი 2“, „პოსტვ“ და საზოგადოებრივი მაუწყებელი, რომლებიც, პრინციპულად, თავისუფლების იდეას ემსახურებიან და რომელთა ეთერებიდან სიცრუესა და სიძულვილს, პრაქტიკულად, ვერ ამოიკითხავთ, ამერიკული ლექსიკონის მიხედვით ვერასოდეს მოინათლებიან თავისუფალ მედიად, რადგან ამ ტელევიზიებს ამერიკული სპეცსამსახურები ვერ აკონტროლებენ.

აბსოლუტურად ნათელია, რომ აშშ შვეიცარიაში პოლიტიკურ ისტებლიშმენტს და ყველა სერიოზულ ინსტიტუტს, წამყვანი ბანკებისა და მედიასაშუალებების ჩათვლით, სრულად აკონტროლებს. შესაბამისად, ცხადია, ბიძინა ივანიშვილის წერილი კონკრეტული შვეიცარიული პოლიტიკური სუბიექტების მიმართ ვერავითარ შედეგს ვერ გამოიღებს. ასეთ პირობებში, „კრედიტ სუისის“ თვითნებობის შესახებ ინფორმაციის შვეიცარიულ მედიაში გატანა სწორი ტაქტიკური გადაწყვეტილება იყო. როდესაც ისტებლიშმენტი კონტროლს ექვემდებარება, მნიშვნელოვანია, სიმართლე ხალხს გააგებინო, რათა ვითარებაზე გარკვეული გავლენა საზოგადოებამ მაინც მოახდინოს. ბუნებრივია, შვეიცარიის მოსახლეობამ არაფერი იცის დანაშაულებრივ სქემაში „კრედიტ სუისის“ მონაწილეობის შესახებ და რომ იცოდნენ, აუცილებლად ექნებოდათ პროტესტის განცდა, რადგან აშკარაა, რომ ამ სქემის ერთ-ერთი მთავარი მიზანი შვეიცარიული საბანკო სისტემისთვის უმძიმესი ზიანის მიყენებაა, რაც მოსახლეობის ინტერესებს პირდაპირ ეწინააღმდეგება.

„დემოკრატიის“ ამერიკული მოდელი, რომელიც ევროპისთვის მოიგონეს, მარტივ ფორმულას ეფუძნება – ატყუებ ხალხს და აკონტროლებ მთავრობას. ეს მოდელი ნაცმოძრაობის ეპოქის საქართველოს მაგალითზე ყველას ძალიან კარგად გვახსოვს.

ამერიკელები საქართველოში ახლაც ამ მოდელის აღდგენას ცდილობენ. უნდათ ხალხის ნების წინააღმდეგ შეცვალონ ხელისუფლება და დააბრუნონ ნაცმოძრაობა. ასე უნდათ, შექმნან მოდელი, სადაც ხალხი მოტყუებულია, ხოლო ხელისუფლება სრულ კონტროლს ექვემდებარება. ამ ყველაფრის უშუალო მიზანიც ცხადია. უკრაინელების პირით უკვე არაერთხელ თქვეს, ეს ხელისუფლება არ ომობს და ნაციონალები აუცილებლად იომებდნენო. ასეც იქნება, რადგან ნაციონალები აკმაყოფილებენ ამ ამოცანის შესასრულებლად აუცილებელ ერთ მთავარ პირობას – ისინი არიან უსამშობლო ხალხი და მათ არა აქვთ პატრიოტიზმის ნიშანწყალიც კი. მხოლოდ პატრიოტიზმისგან დაცლილ ადამიანებს შეუძლიათ დღევანდელ ვითარებაში საქართველო მეორე ფრონტად აქციონ. სწორედ ასეთი ადამიანები არიან სააკაშვილი, გვარამია, ბოკერია, ხაზარაძე, უსუფაშვილი, მელია, გიგაური, ლომჯარია და სხვები. ნაცმოძრაობამ 2008 წელს უკვე გაგვხვია ომში, რომელიც საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტის ოკუპაციით დასრულდა და ბუნებრივია, მზადაა, ეს „გმირობა“ 14 წლის თავზეც გაიმეოროს.

საბოლოოდ, მტკიცდება ყველაფერი, რასაც მთელი ამ თვეების მანძილზე ვამბობდი. ბიძინა ივანიშვილის მიერ გამოქვეყნებულმა წერილმა ყველაფერს ნათელი მოფინა. კერძოდ, დადასტურდა, რომ შვეიცარიული ბანკის ყველა ქმედება პირდაპირ კავშირშია საქართველოს მეორე ფრონტად ქცევის ინტერესთან და ეს ქმედებები თავიდან ბოლომდე ამერიკიდან არის კოორდინირებული. უკრაინაში ომის დაწყებიდან 10 დღის თავზე, 4 მარტს „კრედიტ სუისის“ ხელით იწყებენ ბიძინა ივანიშვილის შანტაჟს და აქედან ორ კვირაში, ამერიკის ელჩი სთხოვს მას შეხვედრას. 21 მარტს ელჩი შანტაჟით ზურგგამაგრებული ხვდება ივანიშვილს და მისგან რასაც ითხოვს, ეს ივანიშვილის წერილში არცთუ ბუნდოვანი მინიშნებებით ძალიან ცხადად წერია.

ბოლოს, მინდა ძალიან მოკლედ შევეხო „რადიო თავისუფლებას“, რომელიც ამერიკის მთავრობის მიერ დაფინანსებული ორგანიზაციაა და საქართველოში ნაცმოძრაობის მიერ დეზინფორმაციის გავრცელების ერთ-ერთ უმთავრეს ინსტრუმენტად გამოიყენება. შეგახსენებთ, რომ „რადიო თავისუფლების“ ქართულმა ოფისმა შვეიცარიელი ჟურნალისტი ჩაწერა და ათქმევინა, ივანიშვილის ადვოკატებს სტატიების გამოქვეყნებისას არავითარი დაბრკოლება არ შექმნიათო. ცხადია, „რადიო თავისუფლება“ ივანიშვილის საქმესთან მიმართებით სუბიექტური და პოლიტიკურად ანგაჟირებულია და ცალმხრივი პოზიცია უჭირავს. სწორედ ამიტომ შეიყვანა მან ქართული საზოგადოება შვეიცარიელი ჟურნალისტის მეშვეობით სრულიად შეგნებულად შეცდომაში.

„რადიო თავისუფლებას“ ძალიან მარტივად მინდა შევთავაზო, თუ შვეიცარიული მედიის თავისუფლებაში ეჭვი არ ეპარება, თავად სცადოს და გაავრცელოს შესაბამისი ინფორმაცია და სტატიები შვეიცარიაში. ბუნებრივია, მათგან გამოხმაურების დიდი იმედი ვერ მექნება, რადგან სიმართლე თავადაც კარგად იციან და ქართული საზოგადოების კიდევ ერთხელ მოსატყუებლად, მორიგი დეზინფორმაცია სრულიად შეგნებულად გაავრცელეს.”

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება