fbpx

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატ თეა ახვლედიანს იურიდიულ საკითხთა, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, თავდაცვისა და უშიშროების და საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე მოუსმინეს.

თეა ახვლედიანი: ჩვენი საქმიანობის უმთავრეს მიმართულებად დარჩება აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ოკუპაციის წნეხის ქვეშ მცხოვრებ მოსახლეობაზე ზრუნვა, მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება.

„ამავდროულად, სამშვიდობო ინიციატივით გახსნილი შესაძლებლობების გაფართოებითა და შესაბამისი მექანიზმების განვითარებით ჩვენი საქმიანობის უმთავრეს მიმართულებად დარჩება აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ოკუპაციის წნეხის ქვეშ მცხოვრებ მოსახლეობაზე ზრუნვა და მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება, რაც ადამიანზე და ფუნდამენტურ უფლებებზე  ორიენტირებული მნიშვნელოვანი სამშვიდობო გზავნილია.

ამ თვალსაზრისით, ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველყოფა, მათ შორის გამარტივებული წვდომა ყველა სახის სამედიცინო მომსახურებაზე, რაც კიდევ უფრო მეტი ინტენსივობით გაგრძელდება და გაფართოვდება.

ასევე, გაძლიერდება ჩვენი ძალისხმევა ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდების ხარისხიანი განათლების შესაძლებლობების განვითარებისთვის, მათ ინტერესებსა და საჭიროებებზე მორგებული მიდგომებით.

ამავდროულად, მნიშვნელოვნად მივიჩნევთ გამყოფი ხაზების ორივე მხარეს სავაჭრო ურთიერთობების განვითარებასა და შემდგომ გაღრმავებას სამშვიდობო ინიციატივის ფარგლებში  მოქმედი უნიკალური ფინანსური მექანიზმის – “მშვიდობის ფონდის“ მეშვეობით,“- განაცხადა სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატმა თეა ახვლედიანმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება