fbpx

შალვა პაპუაშვილი – სინამდვილეში ჩვენ გვაქვს ოპოზიციის ნაწილის რადიკალიზაციის პრობლემა, რასაც შემდეგ ამ გამძაფრებულ პოლარიზაციასთან მივყავართ

პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საქართველოს სინამდვილეში ოპოზიციის ნაწილის რადიკალიზაციის პრობლემა აქვს, „რასაც შემდეგ ამ გამძაფრებულ პოლარიზაციასთან მივყავართ“. როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“ განაცხადა, ოპოზიციის ნაწილს რადიკალური დღის წესრიგი აქვს. „ჩვენ სინამდვილეში პოლარიზაციის პრობლემა კი არ გვაქვს, ჩვენ გვაქვს ოპოზიციის ნაწილის რადიკალიზაციის პრობლემა, რასაც შემდეგ ამ გამძაფრებულ პოლარიზაციასთან მივყავართ. პოლარიზაცია მოვლენა არის მთლიანად სამყაროში. ვაკვირდებით აშშ-ს, მოღალატეებს ეძახიან ლამის ერთმანეთს წამყვანი პოლიტიკოსები. ზოგადად, პოლარიზაცია ბევრი ფაქტორის გამო არის გამოწვევა სხვადასხვა ქვეყანაში, თუმცა, ჩვენთან, რაც სინამდვილეში არის პრობლემა, ეს არის ოპოზიციის რადიკალური დღის წესრიგი. ამაზე ვსაუბრობდით ჩვენ და ეს დღევანდელმა დღემ დაგვანახა, ეს იყო მაგალითი, ფაქტობრივად, იმ პრობლემის ვიზუალიზაცია, რომელიც ქართული პოლიტიკის ამ ნაწილს, რადიკალურ ოპოზიციას აქვს“, – განაცხადა პაპუაშვილმა. მისი შეფასებით, ეს საბოლოოდ, საქართველოსთან დაკავშირებით ცუდ ვიზუალს ქმნის. „მთავარი პრობლემა არის ის, რომ როდესაც გადაწყვეტილებამდე მიდის საქმე, იქ გვაქვს სწორედ რადიკალური დღის წესრიგი, რომელიც საბოლოოდ, საქართველოსთან დაკავშირებით ცუდ ვიზუალს ქმნის“,-განაცხადა პაპუაშვილმა. მან მაგალითად ომბუდსმენის არჩევნების წესთან დაკავშირებით რეგლამენტში ცვლილების განხილვის პროცესი მოიყვანა. როგორც შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, „ნაციონალური მოძრაობა“ , ლელო” და „სტრატეგია აღმაშენებელი“ ყველა გადაწყვეტილებას ერთგვაროვნად იღებს. მისი თქმით, ამ პარტიებმა გუშინ მხარი დაუჭირეს ცვლილებებს და დღეს საპირისპირო აჩვენეს. „არანაირი საკითხიც კი არ აქვთ, რომელზეც შეიძლება პრობლემა იყოს. მთავარი პრობლემა რაც არის, მათ არ უნდათ აჩვენონ ვიზუალი, რომ შეთანხმებით მოხდა გადაწყვეტილების მიღება. ეს ახალი არ არის ამ შემთხვევასთან დაკავშირებით, მაგრამ დღეს სწორედ ამის კარგი ჩვენება იყო“,-განაცხადა პაპუაშვილმა. მისი თქმით, დეპოლარიზაცია არის პროცესი, რომელიც თანამშრომლობის გზით უნდა იყოს მიღწეული. “სამუშაო ჯგუფი არის ის ფორმატი, რომელიც იძლევა იმის შესაძლებლობას, თანამშრომლობით იყოს რაღაც შედეგები მიღწეული. სხვა საკითხებს რაც შეეხება, დეოლიგარქიზაცია ახსენეთ, იცით, რომ ის გამოცდილება, რაც მსოფლიოში არსებობს, უკრაინული პრაქტიკა გახლავთ, მათ შორის ევროპულმა საბჭომ როდესაც კანდიდატის სტატუსი მიანიჭა დათქმებით უკრაინას, ერთ-ერთი პირობა არის სწორედ ამ კანონის პრაქტიკაში განხორციელება. ევროპული საბჭოს მხრიდან მოწოდებული კანონია, ამიტომ, ეს კანონი ქართულადაც ვთარგმნეთ, ჩვენმა ჯგუფმა განიხილა, თუ როგორ შეიძლება დაინერგოს. ვნახოთ, ამას სამუშაო ჯგუფი განიხილავს. გარდა ამისა, იმ განრიგიდან გამომდინარე, რომელიც პარლამენტს აქვს, 21 სექტემბერი არის ვადა, როდესაც უნდა მოხდეს საპარლამენტო კონტროლის გაძლიერების კუთხით ცვლილებების ინიცირება. ასევე, 21 სექტემბერი არის ვადა, როდესაც უნდა მოხდეს საარჩევნო კოდექსში ცვლილებების ინიცირება, სხვათა შორის, საარჩევნო კოდექსში ძალიან წინ არის საქმე წასული, ფაქტობრივად, ყველა საკითხთან დაკავშირებით არის თანხმობა“,-განაცხადა პაპუაშვილმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება