fbpx

შალვა პაპუაშვილი ელჩებს – საერთაშორისო პარტნიორებსა და უცხოელ საზოგადოებასთან სამუშაოდ მეტ აქტიურობას გთხოვთ – ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული დეზინფორმაციული კამპანიის მხილება, თითოეული ჩვენგანის მოვალეობაა

ვაცნობიერებთ, რომ დამდეგი წელი რთული იქნება. მნიშვნელოვანი საპარლამენტო არჩევნების გათვალისწინებით, ველით დეზინფორმაციის და ყალბი ნარატივების ფართომასშტაბიან კამპანიებს, პროვოკაციებს, არეულობას და არასტაბილურობას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა კონფერენციაზე სახელწოდებით – „ელჩების კონფერენცია 2023-საქართველო-ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა” სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პაპუაშვილმა სიტყვით გამოსვლისას ელჩებს მიმართა და აღნიშნა, რომ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული დეზინფორმაციული კამპანიის მხილება ყველას მოვალეობაა, ამიტომ მოუწოდა მათ, საერთაშორისო პარტნიორებთან სამუშაოდ მეტად იაქტიურონ, როგორც ტრადიციული დიპლომატიური მეთოდებით, ასევე სოციალური მედიის საშუალებით.

„პატივცემულო ელჩებო, სირთულეების მიუხედავად, სწორი საშინაო და საგარეო პოლიტიკის შედეგად, ვინარჩუნებთ მშვიდობის და უსაფრთხოების იმ დონეს, რაც საჭიროა ჩვენი ხალხის კეთილდღეობის გაზრდის, ეკონომიკური გაძლიერების და ეკონომიკური განვითარებისთვის.

ეს იმის შესაძლებლობას გვაძლევს, რომ 2024 წელს იმედიანად შევეგებოთ, თუმცა იმასაც ვაცნობიერებთ, რომ დამდეგი წელი რთული იქნება. მნიშვნელოვანი საპარლამენტო არჩევნების გათვალისწინებით, ველით დეზინფორმაციის და ყალბი ნარატივების ფართომასშტაბიან კამპანიებს, პროვოკაციებს, არეულობას და არასტაბილურობას. არასწორი აღქმების შექმნის მცდელობებს. ამ პროცესში მნიშვნელოვანი იქნება საერთაშორისო პარტნიორებთან დროული და სათანადო კომუნიკაცია, ასევე მათთან მჭიდრო კავშირების განვითარება. ამ საქმეში, თქვენ, საქართველოს ელჩებს უდიდესი როლი გაქვთ. დღეს ე.წ. ჰედლაინების ეპოქაში ვცხოვრობთ, ხშირად ერთ „ჰედლაინს“ გუშინდელი ერთი სტატიის თუ მთელი პიარ-კამპანიის დატვირთვა აქვს. დღევანდელ ინფორმაციულ ეპოქაში, სოციალური მედიის საშუალებებმა დიდი ძალა შეიძინა. ამიტომ, საერთაშორისო პარტნიორებსა და უცხოელ საზოგადოებასთან სამუშაოდ მეტ აქტიურობას გთხოვთ და მეტ ძალისხმევას, როგორც ტრადიციული დიპლომატიური მეთოდებით, ასევე სოციალური მედიის საშუალებით. ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული დეზინფორმაციული კამპანიის მხილება, თითოეული ჩვენგანის მოვალეობაა“,- აღნიშნა პაპუაშვილმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება