fbpx

ღია კარის დღე კადეტთა სამხედრო ლიცეუმში

ღია კარის დღე კადეტთა სამხედრო ლიცეუმში

გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმი მომავალი სასწავლო
წლისთვის კადეტთა ახალი ნაკადის მისაღებად აქტიურად ემზადება. ლიცეუმის პირადმა
შემადგენლობამ კადეტებთან ერთად საქართველოს სხვადასხვა რეგიონის საჯარო სკოლების
მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრები უკვე ჩაატარა.
დღეს კი, საინფორმაციო შეხვედრების ციკლი კადეტთა სამხედრო ლიცეუმში ღია კარის დღით
დასრულდა. ლიცეუმში სწავლის მსურველი მოსწავლეები მშობლებთან ერთად ქუთაისში
საქართველოს თითქმის ყველა რეგიონიდან ჩამოვიდნენ. სტუმრებს ლიცეუმის დირექტორი,
ვიცე-პოლკოვნიკი მალხაზ გოლეთიანი მიესალმა და ყურადღება ლიცეუმში არსებულ
გამორჩეულ სასწავლო გარემოზე, დისციპლინასა და ლიცეუმის მიზნებზე გაამახვილა.
კადეტებმა კი, ლიცეუმის შესახებ პრეზენტაცია წარადგინეს და ახალგაზრდების შეკითხვებს
ამომწურავი პასუხები გასცეს.
პრეზენტაციის დასრულების შემდეგ ვიზიტორებმა ლიცეუმის ინფრასტრუქტურა,
საცხოვრებელი პირობები, საგანმანათლებლო შესაძლებლობები, სასწავლო ლაბორატორიები,
სიმულაციური კლასები და სპორტული დარბაზები დაათვალიერეს. მათ შესაძლებლობა
ჰქონდათ ლიცეუმის სამწყობრო მოედანზე გამოფენილ სამხედრო შეიარაღებასა და
ტექნიკასაც გაცნობოდნენ, ლიცეუმის საბუნებისმეტყველო ლაბორატორიების მიერ
წარმოდგენილი სხვადასხვა ექსპერიმენტი ენახათ და რობოტექნიკის ლაბორატორია
დაეთვალიერებინათ, რომელიც თანამედროვე რობო-სისტემებითაა აღჭურვილი.
ლიცეუმში მოსწავლეთა მისაღებ გამოცდებზე რეგისტრაცია 21 ივნისიდან დაიწყება და 4
ივლისამდე გაგრძელდება.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება

error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია