fbpx

ფერმერთა ასოციაცია შალვა ნათელაშვილს პასუხობს-ვერ შევეგუებით ვერცერთი ფერმერის რეპუტაციის უსაფუძვლო შელახვას

 ბატონ შალვა ნათელაშვილს და ზოგადად
საქართველოში მოღვაწე პოლიტიკურ სპექტრს
საქართველოს ფერმერების ერთობლივი

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

საქართველოს ფერმერთა ასოციაცია, როგორც ქოლგა ასოციაცია, რომელიც აერთიანებს ბევრ ქვე-სექტორულ ასოციაციას სოფლის მეურნეობასა და აგრობიზნესში, ერთობლივი განცხადებით გვინდა გამოვეხმაუროთ გუშინ ბატონ შალვა ნათელაშვილის დაუსაბუთებელ ბრალდებებს ჩვენი ფერმერის, ფერმერთა სათათბიროს წევრის და საქართველოს მერძევეთა ასოციაციის თავმჯდომარის ბატონი ნიკოლოზ ბენიაიძის მიმართ.
ჩვენ, ყველა ხელმომწერი ასოციაცია ვერ შევეგუებით ვერცერთი ფერმერის რეპუტაციის უსაფუძვლო შელახვას და ყოველთვის ვიბრძოლებთ მათი ინტერესების დასაცავად.
საქართველოს კონსტიტუციისა და საკანონმდებლო აქტების თანახმად პირის პატივი და ღირსება ხელშეუვალია, ხოლო ცილისწამებისათვის გათვალისწინებულია სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობა. ბატონი შალვას განცხადება ატარებს სწორედ ცილისმწამებლურ ხასიათს. მასში არ არის მითითება არავითარ მტკიცებულებაზე. იგი ასევე არ შეიცავს იმგვარ ფაქტობრივი გარემოებებს, რომლებიც შესაძლებელია გადამოწმდეს, იმ დროს, როცა ბატონი ნიკოლოზი დადანაშაულებულია საკუთარი სამშობლოს ღალატში (უცხო ქვეყნის, ამ შეთხვევაში საქართველოს ოკუპანტის, სპეცსამსახურის აგენტობა) და ამომრჩევლის მოსყიდვასა და მათ ტერორში.
ვფიქრობთ, მსგავსი შინაარსის განცხადებები, მით უფრო პოლიტიკური/საჯარო პირის მიერ კერძო პირის (რომელსაც არ არის რომელიმე პოლიტიკური პარტიის წევრი და არ უკავია რაიმე თანამდებობა) მისამართით გაკეთებული, უაღრესად სახიფათოა ქვეყნისა და საზოგადოების უსაფრთხოებისა და სტაბილური განვითარებისათვის. სწორედ, აღნიშნულიდან გამომდინარე ვთვლით, რომ იგი არ უნდა დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე. შესაბამისად, წინამდებარე დოკუმენტზე ხელმომწერი პირები მივმართავთ ბატონ შალვა ნათელაშვილს საზოგადოებას წარმოუდგინოს მისი განცხადების დამადასტურებელი შესაბამისი მტკიცებულებები.
კიდევ ერთხელ გვსურს ხაზგასმით აღვნიშნოთ, ჩვენი ერთობლივი სულისკვეთება დავიცვათ ყველა ჩვენი წევრი საჯარო მოხელეებისა თუ სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფების მხრიდან ცილისწამებისა და მათი საქმიანობის უკანონო ხელშეშლისგან. ამასთანავე, მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ პარტიას, ფერმერები და ფერმერული გაერთიანებები მათი თანხმობის გარეშე არ იქნას გამოყენებული პოლიტიკური დივიდენდისთვის.

? 28 მაისი, 2020 წ.
პატივისცემით,
1. საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე – ნინო ზამბახიძე
2. საქართველოს მეცხვარეთა ასოციაციის თავმჯდომარე – ბექა გონაშვილი
3. მომავლის ფერმერის თავმჯდომარე – რუსუდან გიგაშვილი
4. რძის პროდუქტების მწარმოებელთა ასოციაციის (საქრძე) აღმასრულებელი დირექტორი – კახა კონიაშვილი
5. საქართველოს დეკორატიული და ტყის შემქნელი ენდემური სახეობების მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარე – ნინო ხარხელაური.
6. კენკრის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარე – ელისო ღვინიაშვილი
7. ორგანული აქვაკულტურის განვითარების ასოციაცია „ფორეჯი“-ს თავმჯდომარის მოადგილე – ალეკო ბაღდაძე
8. ფერმერ ქალთა ასოციაციის თავმჯდომარე – ირინე ფხოველიშვილი
9. საქართველოს ჩაის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარე – თენგიზ სვანიძე
10. ხორბლის და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარე – ლევან სილაგავა
11. ყველის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარე – ანა მიქაძე
12. მეთხევეთა ასოციაციის თავმჯდომარე – ლია დემეტრაშვილი
13. ნუშის და კაკლის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარე – ირაკლი არჯევანიძე

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება