უცხოური პრესის მიმოხილვა

«Financial Times» (დიდი ბრიტანეთი): „დონალდ ტრამპი ავიაკატასტროფაში, რომელმაც მრავალრიცხოვანი მსხვერპლი გამოიწვია, დემოკრატებს ადანაშაულებს“;

«Financial Times» (დიდი ბრიტანეთი): „ევროკავშირი რუსულ გაზზე დაბრუნების საკითხს იხილავს?! შესაძლოა ეს მოხდეს რუსეთ-უკრაინის სამშვიდობო შეთანხმების ჩარჩოებში“;

————————————————-

ბრიტანული გაზეთი „ფაინენშელ თაიმსი“ (Financial Times) ეხმაურება ვაშინგტონში 30 იანვარს მომხდარ ავიაკატასტროფას და აქვეყნებს სტატიას სათაურით „დონალდ ტრამპი ავიაკატასტროფაში, რომელმაც მრავალრიცხოვანი მსხვერპლი გამოიწვია, დემოკრატებს ადანაშაულებს“ (ავტორები – სტეფ ჩავესი და ფელიცია შვარცი), რომელშიც გადმოცემულია როგორც აშშ-ის პრეზიდენტის პოზიცია მომხდარი ტრაგიკული ფაქტის მიმართ, აგრეთვე განხილულია კატასტროფასთან დაკავშირებული რიგი გარემოებები.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

დონალდ ტრამპმა ავიაკომპანია American Airlines-ის სამგზავრო რეაქტიული თვითმფრინავისა და სამხედრო ვერტმფრენის შეჯახებაში, რომლის შედეგად 67 ადამიანი დაიღუპა (ბორტებზე მყოფი ყველა მგზავრი და ეკიპაჟის წევრები), დემოკრატიული პარტია და მის მიერ გატარებული მრავალფეროვნების, თანასწორობისა და ინკლუზივობის (Diversity, equity, and inclusion – DEI) პოლიტიკა დაადანაშაულა.

აშშ-ის პრეზიდენტმა ისე, რომ რაიმე მტკიცებულებები არ დაუსახელებია, განაცხადა, რომ მისი აზრით, 30 იანვრის გვიან საღამოს მომხდარი ავიაკატასტროფა გამოწვეულია უსაფრთხოების სუსტი სტანდარტებით, რომელიც წინა ხელისუფლების – დემოკრატების – მიერ ხორციელდებოდა DEI-ის ჩარჩოებში.

ამასთან, როგორც ავიაკატასტროფის მიზეზების გამომკვლევმა ფედერალურმა გამომძიებლებმა განაცხადეს, ჯერ კიდევ ძალიან ადრეა იმ მიზეზების დასახელება, რომლებმაც ორი საფრენი აპარატის ერთმანეთთან შეჯახება გამოიწვია.

„არცერთი ადამიანი არ გადარჩენილა“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა ხუთშაბათს, როცა იგი, მეორე ვადით პრეზიდენტობის დროს, პირველად ავიდა თეთრი სახლის ბრიფინგების დარბაზში არსებულ ტრიბუნაზე.

ავიაკომპანია American Airlines-ის სამგზავრო თვითმფრინავი Bombardier CRJ700 კანზასის შტატის ქალაქ უიჩიტოდან ვაშინგტონში რეგიონული რეისს ასრულებდა და  რონალდ რეიგანის სახელობის ეროვნულ აეროპორტში ეშვებოდა, როცა ის სამხედრო ვერტმფრენს Sikorsky H-60 Black Hawk-ს შეეჯახა, აფეთქდა და ნამსხვრევები მდინარე პოტომაკში ჩაცვივდა.

მაშველებმა პოტომაკის ფსკერზე, ყინულებიან წყალში თვითმფრინავის ფიუზელაჟის სამი ნაწილი აღმოაჩინეს. იქვე იყო ვერტმფრენის დამსხვრეული კორპუსიც. Bombardier CRJ700-ის ბორტზე 60 მგზავრი და ეკიპაჟის ოთხი წევრი იმყოფებოდა, ხოლო Black Hawk-ის ბორტზე – სამი ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე.

აშშ-ის სატრანსპორტო უსაფრთხოების ეროვნული სააგენტოს განცხადებით, ავიაკატასტროფის წინასწარი ანგარიში 30 დღის განმავლობაში მომზადდება.

ხუთშაბათს, გვიან ღამით ცნობილი გახდა, რომ სამაშველო სამსახურმა თვითმფრინავის ბორტზე არსებული „შავი ყუთები“ იპოვა და წყლიდან ამოიღო.

როცა სატრანსპორტო უსაფრთხოების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარეს ჯენიფერ ხმენდის ჟურნალისტებმა კითხვა დაუსვეს დონალდ ტრამპის ეჭვების თაობაზე, მან ასე განაცხადა: „ჩვენ ჯერ არ ვფლობთ საკმარისი რაოდენობის ფაქტებს, რომ მტკიცედ ვთქვათ, რა არის კატასტროფი გამომწვვი მიზეზი – ადამიანის ფაქტორი თუ საფრენი აპარატების ტექნიკური მდგომარეობა“.

დონალდ ტრამპმა, რომელსაც გვერდით ედგნენ ვიცე-პრეზიდენტი და ახლახან თანამდებობებზე დანიშნული თავდაცვისა და ტრანსპორტის მინისტრები (იმის მიხედვით, რომ სამგზავრო თვითმფრინავი სამოქალაქო ტრანსპორტს მიეკუთვნება, ხოლო ვერტმფრენი – სამხედროს ანუ პენტაგონს), ბრიფინგი იმით დაიწყო, რომ ამერიკელებს მოუწოდა საერთო უბედურების გაზიარებისაკენ დაღუპული ადამიანების მიმართ: „ჩვენთვის ყოველი ამერიკელის სიცოცხლე ძვირფასია, ისინი ერთმანეთისაგან არაფრით არ განსხვავდებიან“.

შემდეგ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სწრაფად გადავიდა პოლიტიკურ შეტევაზე დემოკრატების წინააღმდეგ და ხაზი გაუსვა, რომ მისი წინამორბედი დემოკრატი პრეზიდენტები ბარაკ ობამა და ჯო ბაიდენმა პროფესიული მოთხოვნები შეუმცირეს იმ ადამიანებს, რომლებიც ავიადისპეტჩერების თანამდებობებზე ინიშნებოდნენ.

„ჩემთვის ადამიანთა უსაფრთხოება პირველ ადგილზეა, ბარაკ ობამა და ჯო ბაიდენი კი პრიორიტეტს პოლიტიკას ანიჭებდნენ… პოლიტიკას, რომელსაც ისინი ძალიან ცუდად და უარესად ახორციელებდნენ“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

„ავიადისპეტჩერების თანამდებობებზე ჩვენ გვჭირდება ყველაზე მოხერხებული, მცოდნე, გონიერი და რთულ სიტუაციებში სწრაფად მოქმედი სპეციალისტები. ჩვენ გვჭირდება ისეთი ადამიანები, რომლებიც ფსიქოლოგიური უპირატესობით გამოირჩევიან“, – განაცხადა პრეზიდენტმა და დასძინა:  „არ ვფიქრობ, რომ სერიოზული დარღვევების მქონე ადამიანები ავიადისპეტჩერები უნდა იყვნენ“.

მას შემდეგ, როცა დონალდ ტრამპმა ავარიაში ავიადისპეტჩერები დაადანაშაულა, იგი სამხედრო ვერტმფრენის ეკიპაჟზე გადაერთო: „მათ პრობლემები ჰქონდათ ვერტმფრენის პილოტირებასთან დაკავშირებით, რაც ვიზუალურადაც ჩანდა. აბა, წარმოიდგინეთ: უღრუბლო ცა,  American Airlines-ის თვითმფრინავს საბორტო განათება ჰქონდა ჩართული, [სამხედროები კი ისე მიფრინავენ, თითქოს ვერაფერს ხედავენ]. ვერტმფრენებით ვსარგებლობ და ვიცი, რომ მათი გაჩერება ძალიან სწრაფად შეიძლება. სამხედრო ვერტმფრენს შეეძლო უცებ ან უფრო მაღლა აფრენილიყო, ან უფრო დაბლა დაშვებულიყო, შეეძლო სწრაფად გადაეხვია კურსიდან… მაგრამ ის მოქმედება, რაც მათ ჩაიდინეს, არასწორი იყო“.

თავის მხრივ, როგორც თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა განაცხადეს, სამხედრო ვერტმფრენს გამოცდილი ეკიპაჟი მართავდა, ფრენა ჩვეულებრივი რეჟიმით, გეგმიური სწავლების ჩარჩოებში მიმდინარეობდა.

დონალდ ტრამპის თქმით, ამჟამად გამომძიებლები ცდილობენ იმის გარკვევას, იყენებდნენ თუ არა სამხედრო მფრინავები ღამის ხედვის ხელსაწყოებს, რომლებსაც პილოტების კაბინიდან გარე სივრცის აღქმის შეცვლა შეუძლიათ. პენტაგონის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ სამხედრო-საჰაერო ძალებს ჯერ-ჯერობით არ შეუძლიათ იმის ზუსტი თქმა, ეკეთათ თუ არა Black Hawk-ის ეკიპაჟს ღამის ხედვის „სათვალეები“.

თავდაცვის მინისტრმა პიტ ჰეგსეთმა განაცხადა, რომ ვერტმფრენის ბორტზე მყოფი სამი სამხედრო მოსამსახურე ჩვეულებრივ ტრენინგს გადიოდა ღამის ფრენის რეჟიმის მიხედვით და სტანდარტული მარშრუტით, რომელიც სამთავრობო მისიების დროს სრულდება [რ.რეიგანის სახელობის აეროპორტი თეთრ სახლთან შედარებით ახლოს მდებარეობს]. ეკიპაჟის წევრები იყვნენ ახალგაზრდა პილოტი – უფროსი სერჟანტი და ორი ოფიცერი.

„სამწუხაროდ, ღამით ფრენისას ეკიპაჟმა შეცდომა დაუშვა… როგორც ჩანს, მათ რაღაც პრობლემა გაუჩნდათ… ჩვენ ამ საქმის გამოძიება დაუყონებლივ დავიწყეთ თავდაცვის სამინისტროსა და არმიის დონეზე“, – აღნიშნა მინისტრმა და ხაზი გაუსვა: ‘მომხდარი ტრაგიკული ფაქტი ჩვენთვის აბსოლუტურად მიუღებელია“.

აშშ-ის არმიის ავიაციის ექსპერტის ჯონ კოზიოლის თქმით, სამხედრო ვერტმფრენის ეკიპაჟის გამოცდილების გათვალისწინებით, მათთვის რთული არ უნდა ყოფილიყო იმის გაცნობიერება, თუ საით და როგორი მარშრუტით მიფრინავდნენ. „ეს საჰაერო დერეფანი ჩვეულებრივ, სტანდარტულ მიმართულებას წარმოადგენს, ამ მარშრუტით თითქმის ყოველდღიურად დაფრინავენ როგორც სამხედრო ვერტმფრენები, ასევე სამთავრობო თვითმფრინავები“.

დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ Bombardier CRJ700-ის მგზავრებს შორის, ამერიკელებთან ერთად, იყვნენ რუსეთის მოქალაქეებიც (ფიგურულად მოციგურავეები, რომლებიც უიჩიტოში გამართულ აშშ-ის ჩემპიონატში მონაწილეობდნენ), რომელთა ცხედრების რეპატრიაციას აშშ-ის მთავრობა ხელს შეუწყობს. როგორც ცნობილია, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების გამო აშშ-მა რუსეთთან პირდაპირი საავიაციო მიმოსვლა აკრძალა.

აშშ-ში სერიოზული საავიაციო ინციდენტები შედარებით იშვიათად ხდება ხოლმე. ამერიკული კომერციული სამგზავრო  თვითმფრინავის უკანასკნელი მსხვილი ავიაკატასტროფა დაახლოებით 15 წლის წინ, 2009 წელს მოხდა, როცა ავიაკომპანია Colgan Air-ის თვითმფრინავის იძულებითი დაშვების დროს (ბუფალოსთან ახლოს) 49 მგზავრი დაიღუპა.

ბრიფინგის დასასრულს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მოსახლეობას მოუწოდა, რომ თვითმფრინავებით მგზავრობა გააგრძელონ.

წყარო: https://www.ft.com/content/81aa4527-743f-4c1d-a207-624ef3a143a0

—————-

რუსული მილსადენური გაზის მომხრეთა მტკიცებით,  ციმბირული იაფი „ცისფერი საწვავის“ მიწოდების განახლება გააიოლებს რუსეთ-უკრაინის ომის დარეგულირებას და მნიშვნელოვნად შეამცირებს ენერგოშემცველების შესყიდვის ხარჯებს, – აღნიშნულია ბრიტანული გაზეთის „ფაინენშელ თაიმსში“ (Financial Times) გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „ევროკავშირი რუსულ გაზზე დაბრუნების საკითხს იხილავს?! შესაძლოა ეს მოხდეს რუსეთ-უკრაინის სამშვიდობო შეთანხმების ჩარჩოებში“ (ავტორები – ჰენრი ფოი და ქრისტოფერ მილერი). „რუსული გაზის დაბრუნების შესაძლებლობა ბრიუსელელი დიპლომატებსა და ჩინოვნიკებში გაღიზიანებას იწვევს“, – წერს გაზეთი.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

ევროკავშირის ჩინოვნიკები იხილავენ საკითხს – საჭიროა თუ არა რუსული მილსადენური გაზის მიწოდება ევროკავშირის უმეტეს წევრ სახელმწიფოებში – უკრაინა-რუსეთის ომის ამომავლო დარეგულირების ჩარჩოებში, – იტყობინებიან კომპეტენტური წყაროები.

გაზის შესყიდვის მომხრეების მტკიცებით, რუსული გაზის მიღების განახლება ფასებს დასცემს და ამით ევროპაში საკმაოდ გაძვირებული ენერგოშემცველები მნიშვნელოვნად გაიაფდება. გაზის შესასყიდად რუსებისათვის რევერანსის გაკეთება ხელს შეუწყობს კრემლის დაჯდომას მოლაპარაკების მაგიდასთან და ორივე მხარეს სტიმულს მისცემს ცეცხლის შეწყვეტის რეალიზებისათვის.მაგრამ თვითონ იდეამ –  რუსული გაზის მიწოდების აღდგენის თაობაზე ევროკავშირში, თუნდაც წინასწარი ვარაუდების სახით – მრისხანე უარყოფა გამოიწვია უკრაინის ევროპელი მოკავშირეების მხრიდან.

სამმა ოფიციალურმა პირმა, რომლებიც საქმის კურსში არიან, განაცხადეს, რომ იდეა მოიწონეს რიგმა გერმანელმა და უნგრელმა ჩინოვნიკებმა, რამდენიმე დედაქალაქის მხარდაჭერით, რომლებიც რუსული გაზის მიღებაში ენერგოშემცველებზე არსებული მაღალი ფასების დაწევას იმედოვნებენ.

„ზოგიერთი დიდი ქვეყანა გაზზე მაღალი ფასების მეშვეობით დანარჩენებზე ზეწოლას ახდენენ და, რა თქმა უნდა, რუსული მისადენური გაზის შესყიდვა ფასებს დასცემს“, – ამბობს საქმის მცოდნე ერთ-ერთი წყარო.

რასაკვირველია, ციმბირული „ცისფერი საწვავის“ ევროკავშირში ექსპორტით კრემლი ბევრ ფულს მიიღებს. უკრაინასთან ომის დაწყებამდე მილსადენური გაზის იმპორტის მოცულობა ევროპაში საერთი იმპორტის 40%-ს შეადგენდა, თანაც უმსხვილეს იმპორტიორად სწორედ გერმანია გამოდიოდა.

დონალდ ტრამპმა მოითხოვა კონფლიქტის შეწყვეტა „რაც შეიძლება მალე“. შესაბამისად, ევროპულ დედაქალაქებში მტკიცე შეთანხმების აუცილებელი ელემენტების განხილვას შეუდგნენ. აშშ-ის პრეზიდენტი ასევე დაემუქრა  ევროკავშირს ბაჟების გაზრდით, თუ ევროპელები არ დაიწყებენ ამერიკული თხევადი გაზის შეძენას დიდი მოცულობით, რომელიც მილსადენურ გაზზე ბევრად იაფია.

რუსული გაზის დაბრუნების შესაძლებლობამ ბრიუსელელ დიპლომატებსა და ჩინოვნიკებში და აღმოსავლეთ ევროპის რიგ ქვეყნებში რისხვა გამოიწვია – ისინი ხომ მესამე წელია ცდილობენ ციმბირული გაზის იმპორტის მინიმუმამდე შემცირებს. „ეს ხომ უგუნურებაა, – ამბობს ერთ-ერთი ბრიუსელელი ჩინოვნიკი, – როგორი დონის სულელი უნდა იყოს ადამიანი, რომ ახლა ამ ვარიანტზე ფიქრი დაიწყოს?“.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოთხშაბათს განაცხადა, რომ ომის ცხელი ფაზის დასრულებს გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება… რა თქმა უნდა, დილომატიური გადაწყვეტილების მიღება უფრო პრიორიტეტული იქნება – შემცირდება მსხვერპლისა და სხვა დანაკარგების რაოდენობა“. სამწუხაროდ, ვოლოდიმირ ზელენსკის ადმინისტრაცია არანაირი კომენტარს არ აკეთებს.

დისკუსიის განახლებამ რუსული გაზის მიწოდების შესახებ ამერიკული თხევადი გაზის ექსპორტიორები ძალიან შეაშფოთა – ისინიც ხომ ჩქარობენ ხელი მოაწერონ გრძელვადიან შეთანხმებებს ევროპულ კომპანიებთან, რადგან შიშობენ, რომ რუსული გაზის უკრაინული ტრანზიტის აღდგენა ნებისმიერი ფორმით, მათ თხევად გაზს არაკონკურენტუნარიან პროდუქციად გადააქცევს.

ევრპის კომისიის ერთ-ერთი წამყვანი ჩინოვნიკი ენერგეტიკის საკითხებში დან იორგენსენი ახლახან აშშ-ში ჩავიდა, სადაც იგი მოლაპარაკებას გამართავს თხევადი გაზის მიწოდებაში გრძელვადიანი შეთანხმებების დადების მიზნით. 

ევროკავშირმა უკვე გამოცხადებული აქვს, რომ ბლოკის ენერგეტიკული სისტემის გაწმენდა რუსული ყოველგვარი საწვავი წიაღისეულის ნაშთებისაგან 2027 წლისათვის დასრულდება. ევროკავშირის ენერგეტიკულმა კომისარმა დან იორგენსენმა  გეგმა მარტში უნდა წარადგინოს.

მაგრამ ევროკავშირის მძიმე მრეწველობის არასახარბიელო მდგომარეობამ ევროპული ქვეყნები აიძულა უფრო იაფი ენერგეტიკული წყარო მოეძებნათ. ამერიკული გაზი ხომ ევროპაში ორჯერ და სამჯერ ძვირია, ვიდრე თვითონ აშშ-ში.

2024 წლის დეკემბრისათვის რუსული მილსადენური გაზის წილი ევროპაში საერთო მოცულობის 10%-ს შეადგენდა, მაგრამ უკვე მიმდინარე წლის იანვარში ორჯერ შემცირდა, რადგან უკრაინამ უარი განაცხადა მის ტრანზიტზე.

„თურქული ნაკადი“ ამჟამად რუსული მილსადენური გაზის ერთადერთი წყაროს წარმოადგენს ევროკავშირისათვის, რომლის მეშვეობით უნგრეთს ყოველწლიურად 7,5 მილიარდი კუბმეტრი იაფი გაზი მიეწოდება. პარალელურად ბუდაპეშტი ბრატისლავის პრორუსულ მთავრობასთან ერთად ზეწოლას ახდენს კიევზე, რომ მან რუსული გაზის ტრანზიტი აღადგინოს. „ბოლოსდაბოლოს, ყველას უნდა იაფი გაზი. ყველას სურს, რომ „ცისფერ საწვავზე“ ფასები შემცირდეს, ეს კი რუსული გაზის გარეშე არ მოხდება“, – ასკვნის ევროკავშირის მაღალჩინოსანი.

წყარო: https://www.ft.com/content/a19aa690-fb54-41ea-9885-10972b11ab24

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება