fbpx

უბნების გადათვლის პროცესს ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის სრული შემადგენლობა ესწრებოდა-შალვა პაპუაშვილი

უპირველეს ყოვლისა გვინდა გამოვეხმაუროთ ბათუმის ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ნაწილის ჩამონგრევის ფაქტს. ამ მომენტისთვის, საქართველოს და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობების პრიორიტეტს ნანგრევებში მოყოლილი მოქალაქეების გამოყვანის უზრუნველყოფა წარმოადგენს. იცით, რომ ჩვენმა მაშველებმა უკვე შეძლეს რამდენიმე ადამიანის ნანგრევებიდან გამოყვანა და ჩვენ ახლა ვალდებული ვართ სწორედ ამ ამოცანაზე ვკონცენტრირდეთ.

ამ კონტექსტში, მინდა ყველას მოვუწოდო, ნუ აქცევენ ნებისმიერ ტრაგედიას საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის თემად, იქონიონ უფრო მეტი თანაგრძნობა მოქალაქეების მიმართ და უგულშემატკივრონ ჩვენი მაშველების მიერ სამაშველო ღონისძიების წარმატებით დასრულებას. სამაშველო ღონისძიების დასრულების შემდეგ, რა თქმა უნდა, ჩვენ მოველით, რომ უმოკლეს ვადებში დადგინდება ამ შემთხვევის მიზეზები.

რაც შეეხება ბრიფინგის მეორე თემას. როგორც იცით, ჩვენი საჩივრის საფუძველზე, ზუგდიდის მე-11 მაჟორიტარულ ოლქში ბათილი ბიულეტენების გადათვლის შემდეგ, „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატს 13 ხმა დაემატა, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს 1, ხოლო პარტიას „საქართველოსთვის“ – 2 ხმა. საბოლოოდ, „ქართული ოცნების“ კანდიდატს მხარი დაუჭირა 1193 ამომრჩეველმა, ენმ-ის კანდიდატმა – 1183, პარტია „საქართველოსთვის“ კანდიდატმა კი 507 ხმა მიიღო.

ბათილი ბიულეტენების გახსნამდე „ქართული ოცნების“ კანდიდატს, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი 2 ხმით უსწრებდა. ჩვენი გუნდის მაჟორიტარობის კანდიდატი სოსო გოგოხია  ამტკიცებდა, რომ ბათილად იყო ცნობილი ისეთი ბიულეტენები, სადაც ამომრჩეველმა ნება დააფიქსირა, ამიტომაც ჩვენ უბნების ხელახალი გადათვლა მოვითხოვეთ. უბნების გადათვლით დადასტურდა, რომ ჩვენი კანდიდატის მოთხოვნა იყო საფუძვლიანი.

გარდა ამისა, საზოგადოების ყურადღებას გავამახვილებთ კიდევ ერთ ფაქტზე, რომელიც სავარაუდოდ დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. უბნის ტერიტორიაზე მყოფი პირის მიერ გადაღებულ ვიდეოში ჩანს და ეს ვიდეო თქვენ გადმოგეცემათ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დღეს, ზუგდიდის #67 საარჩევნო ოლქის #8  საარჩევნო უბანზე შედეგების დათვლის პროცესში, ფიქსირდება ბიულეტენების მოპარვის სავარაუდო ფაქტი. ვიდეოზე ჩანს სოფიკო ჩვამანია –  „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი და ამავე უბანზე საარჩევნო კომისიის წევრი, რომელიც სავარაუდოდ იპარავს ბიულეტინებს. ამიტომ, მივმართავთ სამართალდამცავ ორგანოებს, დაიწყონ გამოძიება და ყველა კითხვაზე დეტალური პასუხი იქნას გაცემული.

რაც შეეხება ნაციონალური მოძრაობის ლიდერების ქმედებებს, რომელსაც ახლა ვაკვირდებით დღის განმავლობაში  და მათ განცხადებებს, ჩვენ ვიხილეთ, როგორ ჩაშალეს მათ საოლქო საარჩევნო კომისიის საქმიანობა და საარჩევნო კომისიის ბრიფინგი . მოვისმინეთ მათი ბრალდებები, რომ თითქოს გადათვლა „ზონდერების მიერ ქურდულად მოხდა“.

საზოგადოებას ვაცნობებთ, რომ უბნების გადათვლის პროცესს ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის სრული შემადგენლობა ესწრებოდა. აქედან გადათვლის შედეგებს მხარი დაუჭირა კომისიის 13 წევრმა, მათ შორის ოპოზიციის წარმომადგენლებმა, გარდა „ნაციონალური მოძრაობის“, „ევროპული საქართველოს“ და „ლელოს“ წარმომადგენლებისა, რომელიც, კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, სრულად ესწრებოდნენ გადათვლის პროცესს. ეს სამი პარტია, რომ ზოგადად ერთნაირად იქცევა და ერთი პოლიტიკური გუნდია, სხვა დროსაც არაერთხელ დამტკიცდა და მათი ეს ქცევა და მათ შორის ამ კომისიაზე არ დათანხმება გადათვლის შედეგებისადმი-ეს გასაკვირი არ არის.

გადათვლას ასევე ესწრებოდნენ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, მათ შორის ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის, საერთაშორისო გამჭვირვალობის და სამართლიანი არჩევნების დამკვირვებლები.

რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების ქმედებებს საოლქო საარჩევნო კომისიაში. ეს არის პირდაპირი ძალადობრივი ჩარევა საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობაში და ზეწოლა ადმინისტრაციის თანამშრომლებზე. მოვუწოდებთ სამართალდამცავ ორგანოებს ასეთ ფაქტებზე ჰქონდეთ უმკაცრესი რეაგირება, რათა საფრთხე არ შეექმნას ჩვენი მოქალაქეების მიერ 2 ოქტომბერს გამოხატული ნების დაცულობას.

ჩვენ წერილობით მივმართეთ და ახლა საჯაროდაც მივმართავთ ეუთო/ოდირის გრძელვადიან დამკვირვებლებს, რომლებიც ქვეყანაში ჯერ კიდევ იმყოფებიან და ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს კომუნიკაცია იქონიონ „ნაციონალურ მოძრაობასთან“, რათა მათ შეწყვიტონ საარჩევნო პროცესის ჩაშლის მცდელობები.

„ნაციონალური მოძრაობის“ ეს საქციელი კიდევ ერთხელ გვაჩვენებს რამდენად ფარისევლურები არიან ისინი. გუშინ ამტკიცებდნენ რომ ერთი ადამიანის ხმაც კი მათთვის მნიშვნელოვანი და გადამწყვეტია, და დღეს, როცა ამ ერთი ადამიანის ხმა მათ წინააღმდეგ არის გადამწყვეტი, ეს ადამიანი და ეს ხმა მათთვის არაფერია. ამომრჩეველი მათ თვალში მხოლოდ მათი ამომრჩეველია.

საზოგადოებას კიდევ ერთხელ შევახსენებთ, რომ საარჩევნო რეფორმის შედეგად შემოღებულ იქნა უბნების 10%-ის შემთხვევით შერჩევა და გადათვლა. სტატისტიკურად ეს ნიშნავს, რომ სურათი რომელსაც აჩვენებს უბნების 10% არის განზოგადებადი უბნების 100-ვე პროცენტზე და ამ მხრივ საერთო სურათს ქმნის. ამ პრინციპით 3600 უბნიდან საარჩევნო ადმინისტრაციამ გადაითვალა 360 უბანი და დადგინდა, რომ ცვლილებები შეეხო სულ 130-მდე ხმას, ანუ ხმების დაახლოებით 0,07%.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება

error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია