fbpx

„ტელეკომპანია პირველის“ მიერ მომზადებული სიუჟეტი, შეიცავდა მცდარ ინფორმაციას-თავდაცვის სამინისტრო

„ტელეკომპანია პირველის“ მიერ მომზადებული სიუჟეტი, რომელიც შეეხებოდა სამინისტროს მიერ თავდაცვის ძალების ღორის ხორცით მომარაგებას, შეიცავდა არაერთ მცდარ ინფორმაციას, უზუსტობას და მიზნად ისახავდა საზოგადოების შეცდომაში შეყვანას.

ზოგადად, საზოგადოებისთვის გვსურს მკაფიოდ განვმარტოთ, რომ მინისტრის ერთ-ერთი პრიორიტეტია სამხედროების მაღალი ხარისხის საკვები პროდუქტით მომარაგება. შესაბამისად, ჯარი ქვეყნის დამოუკიდებლობის ისტორიაში პირველად სრულად მარაგდება ქართული, გაუყინავი საქონლისა და ღორის ხორცით. ხოლო სიუჟეტში ნახსენები გაყინული ღორის ხორცი გამოიყენება ჯარისთვის სტრატეგიული მარაგების შესაქმნელად და იმ გამონაკლისი შემთხვევებისთვის, როდესაც კრიტიკულად აუცილებელია გაყინული ღორის ხორცის შესყიდვა. ხაზგასასმელია ისიც, რომ გაყინული ხორცის მარაგის შექმნის აუცილებლობა კიდევ უფრო გააძლიერა მსოფლიოში არსებულმა პანდემიამ. აქვე განვმარტავთ, რომ თავდაცვის უწყების სურსათით მომარაგებას ახორციელებს შპს „სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფა“, რომელიც ასევე მოქმედებს კომერციული მიზნებიდან გამომდინარე, რაც გულისხმობს სხვა ობიექტების მომარაგებას.

კიდევ ერთი ტყუილი სიუჟეტში შეეხებოდა ინფორმაციას, თითქოს სახელმწიფო შესყიდვისას ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას თავდაცვის სამინისტრო ადგენს. არადა, უწყება მხოლოდ სატენდერო პირობებს განსაზღვრავს, ხოლო გამარჯვებულს შესყიდვების სააგენტოს სატენდერო კომისია ავლენს.

ასევე, მორიგი ფაქტობრივი ტყუილია ისიც, რომ თითქოს ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ, ვალდებულებების შეუსრულებლობის მიუხედავად, ხელშეკრულების ღირებულების თანხა (706 200 ლარი) მიიღო, რაც ასევე არ შეესაბამება სიმართლეს, ვინაიდან კომპანიას აღნიშნული ხელშეკრულებიდან არცერთი ლარი არ მიუღია.

ასევე, ყურადღება იყო გამახვილებული იმაზე, თითქოს ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან, რომელმაც ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებები არ შეასრულა, თავდაცვის სამინისტრო მიზანმიმართულად არ წყვეტს ხელშეკრულებას.

გვსურს განვმარტოთ, რომ შპს „სახელმწიფო კვებითმა უზრუნველყოფამ“ ჯერ კიდევ 30 მარტს ოფიციალური წერილით მიმართა შესყიდვების სააგენტოს კონსოლიდირებული ტენდერების სატენდერო კომისიას აღნიშნულ გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე. მიმართვის მიზეზი კი იყო ის, რომ 30 მარტის მდგომარეობით, არ განხორციელებულა მხარეთა შორის 2020 წლის 24 თებერვალს გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული გაყინული ღორის ხორცის მოწოდება შპს „ლუკა 2005“-ისგან. მოცემული სწრაფი და დროული რეაგირება კიდევ ერთხელ ადასტურებს თავდაცვის სამინისტროში მოქმედი კონტროლისა და შემოწმების მექანიზმების ეფექტურ მუშაობასა და საქმიანობას.

შემდგომი გადაწყვეტილებები კი (ხელშეკრულების გაწყვეტა თუ სხვა) კანონით არ შედის თავდაცვის სამინისტროს უფლებამოსილებაში და ეს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს კომპეტენციაა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება