სოზარ სუბარი: ჩეხი მასპინძლები დაინტერესდნენ, გამჭვირვალობის კანონის შინაარსით, რა პერიპეტიები ახლდა მის მიღებას, რა რეაქცია ჰქონდა ბრიუსელს და სწორედ ბრიუსელის ევრობიუროკრატების რეაქციის გამო იყვნენ გაოცებულები

„ძალიან საინტერესო დისკუსია გაიმართა (ჩეხეთში გამართული შეხვედრებისას) საქართველოში მოქმედი გამჭვირვალობის კანონის შესახებ,“ – განაცხადა მედიასთან საუბარში საკანონმდებლო ორგანოს ვიცე-სპიკერმა, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა, რომელიც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან და საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად, პრაღაში ჩეხეთის დეპუტატთა პალატის თავმჯდომარის, ტომიო ოკამურას ოფიციალური მიწვევით იმყოფება.

ვიცე-სპიკერის თქმით, ჩეხეთს გამჭვირვალობის კანონის მიღება აქვს დაგეგმილი, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მათი კანონი იქნება უფრო მკაცრი, ვიდრე საქართველოს კანონმდებლობა.

„ძალიან საინტერესო დისკუსია გაიმართა (ჩეხეთში გამართული შეხვედრებისას) საქართველოში მოქმედი გამჭვირვალობის კანონის შესახებ. მასპინძლები დაინტერესდნენ, თუ რა არის ამ კანონის შინაარსი, რა პერიპეტიები ახლდა მას, რა რეაქცია ჰქონდა ბრიუსელს და სწორედ ბრიუსელის ევრობოუროკრატების რეაქციის გამო იყვნენ გაოცებულები (ჩეხეთის წარმომადგენლები).

გაოცებას ვერ მალავდნენ იმიტომ, რომ ზუსტად იმ დროს, როდესაც ჩვენ მივიღეთ გამჭვირვალობის კანონი, საფრანგეთმაც მიიღო მსგავსი, თუმცა გაცილებით მკაცრი.

შედარებისთვის რომ ვთქვათ, კანონის იმ დარღვევისთვის, რაზეც საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს 20-ათასლარიან ჯარიმას, საფრანგეთის კანონმდებლობა ითვალისწინებს 6-წლიან პატიმრობას. უფრო მეტიც, საფრანგეთის კანონი აძლევს უფლებას სპეცსამსახურებს, 5 წლის განმავლობაში, ყოველგვარი სასამართლო ნებართვის გარეშე, მოსმენაზე ჩართონ ყველა ის არასამთავრობო თუ ლობისტური ორგანიზაცია, რომელიც არღვევს ამ კანონს. ვფიქრობ, ჩეხებს ფრანგული კანონი უფრო მოეწონათ. ისინი აპირებენ მსგავსი კანონის მიღებას და ეს კანონი იქნება უფრო მკაცრი, ვიდრე საქართველოს კანონმდებლობაა,“ – განაცხადა სოზარ სუბარმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება