fbpx

სოზარ სუბარი სალომე ზურაბიშვილზე: ეს არ იყო საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლა პარლამენტში, ეს იყო უცხო ქვეყნის აგენტის გამოსვლა

„როდესაც ქვეყნის პრეზიდენტი დადის უცხოეთში, ან საქართველოში უცხოელ კოლეგებთან შეხვედრის დროს პირდაპირ ამბობს, რომ საქართველო არ იმსახურებს ევროკავშირში გაწევრიანებას და კანდიდატის სტატუსის მიღებას, ეს არის ქვეყნის მტრობა“, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სოზარ სუბარმა მედიასთან განაცხადა.
მისი თქმით, როდესაც ქვეყნის პრეზიდენტი აბსოლუტურად შეგნებულად, გაცნობიერებულად და მრავალგზის არღვევს საქართველოს კონსტიტუციას, ეს არის ქვეყნის მტრობა.
„სალომე ზურაბიშვილის გამოსვლას ვერ დავარქმევ კრიტიკულს, ეს იყო ქვეყნის საწინააღმდეგო, მტრული გამოსვლა. ეს არ იყო საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლა, ეს იყო უცხო ქვეყნის აგენტის გამოსვლა. როდესაც მასზე ამბობდა ოპოზიცია („ნაციონალური მოძრაობა“ და არა მხოლოდ ისინი), რომ ის აგენტია, როგორც ჩანს, მთლად შორს არ იყვნენ სიმართლისგან. სხვანაირად არ შეიძლება ქვეყნის პრეზიდენტი ასე მტრობდეს ქვეყანას. როდესაც ქვეყნის პრეზიდენტი აბსოლუტურად შეგნებულად, გაცნობიერებულად და მრავალგზის არღვევს საქართველოს კონსტიტუციას, ეს არის ქვეყნის მტრობა. როდესაც ქვეყნის პრეზიდენტი დადის უცხოეთში, ან საქართველოში უცხოელ კოლეგებთან შეხვედრის დროს პირდაპირ ამბობს, რომ საქართველო არ იმსახურებს ევროკავშირში გაწევრიანებას და კანდიდატის სტატუსის მიღებას, ეს არის ქვეყნის მტრობა.
გუშინ მამუკა მდინარემ აიძულა ეღიარებინა, რომ საქართველო, ქართველი ხალხი იმსახურებდა კანდიდატის სტატუსსაც და იმსახურებს ევროკავშირის წევრობასაც. გუშინ ვახსენე სიტყვა დეფიტიზმი, რომელიც მას არაერთხელ ჰქონდა ნახსენები და მინდა განვმარტო, რას გულისხმობდა ამ ტერმინში – თითქოს როდესაც ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ საქართველოს ავაცილოთ ომში ჩართვა, ეს არის წინასწარ მარცხისთვის განწირული ქმედება ჩვენი მტრების წინაშე. ქვეყნის მტრობაა, როდესაც ყველაფერს აკეთებ, რომ ქვეყანა ჩაითრიო ომში, როგორც ეს მოხდა ეს 2008 წელს და გავიმეორებ, რომ 2008 წლის ომის საქმე არის აუცილებლად გამოსაძიებელი, რათა გაირკვეს, რას აკეთებდა, ან არ აკეთებდა „ნაციონალური მოძრაობა“ იმისთვის, რომ საქართველოს ომი თავიდან აეცილებინა.
სალომე ზურაბიშვილი თავის დროზე დარწმუნებული იყო და ღიად ამბობდა, რომ ის იგებდა 2006 წლის არჩევნებს და 2%-იც ვერ მიიღო იმიტომ, რომ ქართველი ხალხი კარგად ხედავდა მის განწყობებს. ამის შემდეგ ის გაიქცა ქვეყნიდან. დაბრუნდა მხოლოდ მაშინ, როდესაც ბიძინა ივანიშვილი გამოჩნდა და გაუჩნდა იმედი, რომ იქნებ „ქართულ ოცნებასთან “ ერთად მოეპოვებინა ადგილი პარლამენტში. მოგვიანებით, ისევ და ისევ „ქართული ოცნების“ ზურგით გახდა პრეზიდენტი, აი ასეთი საქციელია ზუსტად დეფიტიზმი“, – განაცხადა სუბარმა.
მან ასევე, განმარტა, რა ს გულისხმობდა საქართველოს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, როდესაც საქართველოს პრეზიდენტს მისი ემიგრირებული წინაპრები შეახსენა.
„მე სწორედ იმით დავიწყე საუბარი ემიგრაციაში წასულ სალომე ზურაბიშვილის წინაპრებზე, რომ დავუდასტურე პატივისცემა, მაგრამ როდესაც იგი საუბრობს დეფიტიზმზე და ასევე, ყველას გვახსოვს მისი ცნობილი ინტერვიუ, სადაც განაცხადა, რომ ის უფრო ზემოთ დგას, ვიდრე ხალხი, ეს არ არის მისი, მხოლოდ როგორც პრეზიდენტის პოზიცია, მას ეს აროგანტულობა აქვს იმ წუთიდან, რაც ჩამოვიდა საქართველოში და მიიღო საქართველოს მოქალაქეობა. ამას ვერ მივიღებთ, რადგან როგორც პატივისცემას იმსახურებენ ის ადამიანები, რომლებიც წავიდნენ ქვეყნიდან (მათ შორის, ვთქვათ, ქაქუცა ჩოლოყაშვილი, რომელმაც იბრძოლა საქართველოსთვის, ასევე, მისი შეფიცულების ნაწილი წავიდა), ასევე, პატივისცემას იმსახურებენ ისინი, ვინც აქ დარჩნენ. მაგალითად, არ წასულა მიხა ხელაშვილი, ასევე, ბიძინა პირველი, რომელიც სვანეთში აჯანყებას ხელმძღვანელობდა, ეს ადამიანები დაიღუპნენ აქ, ზოგი დახვრიტეს, ზოგი მოკვდა, ზოგიც გადარჩა.
ზემოდან არავინ არავის არ უნდა უყურებდეს და ამის შეხსენება მინდოდა სალომე ზურაბიშვილისთვის და სხვა არაფრის. ეს მისი პოზიციაა, თორემ აქედან წასული ემიგრაციის წარმომადგენლების შთამომავლები ასე არ იქცევიან. ამიტომ მე მას შევახსენე, რომ მისი ეს საქციელი არ არის სწორი, როგორც შევახსენე ისიც, რომ საეჭვოდ დაემთხვა მისი ასეთი პოზიცია მისი შვილების თანამდებობრივ დაწინაურებას. ქართველი ხალხი ყველაფერს ძალიან კარგად ხედავს და ამიტომაც მიიღო მან 2006 წლის არჩევნებზე 2%.
აქვე აღვნიშნავ, რომ 20018 წელს, როდესაც „ქართულმა ოცნებამ“ სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტობის კანდიდატად წარადგინა, ჩვენი მიდგომა იყო ასეთი – ჯერ ერთი, აგვერჩია არა პარტიული ადამიანი და მეორე მიზეზი, რის გამოც არჩევანი ზურაბიშვილზე შეჩერდა, იყო ის, რომ იმ დიდი პატივისცემის გამო, რაც გვაქვს ჩვენი ემიგრირებული წინაპრების მიმართ, რაღაცნაირად მოგვეხდინა პირველი რესპუბლიკის და თანამედროვე საქართველოს გაერთიანება და ამის სიმბოლო თითქოს უნდა ყოფილიყო სალომე ზურაბიშვილი, მაგრამ ხალხმა ეს არ მიიღო და ამიტომაც წააგო პირველი ტური. მან მოიგო მხოლოდ მას შემდეგ, რაც ბილბორდებზე „ქართული ოცნების“ ლიდერები გამოჩდნენ. კარგი იქნებოდა, ეს სალომე ზურაბიშვილსაც ახსოვდეს და შეეშვას ქართველ ხალხზე ზემოდან ყურებას და აროგანტულობას, რაც არაერთხელ გამოუვლენია,“ – განაცხადა სოზარ სუბარმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება