fbpx

სოზარ სუბარი: გამჭვირვალობის შესახებ ქართული კანონი დასავლეთში მოქმედ ანალოგიურ კანონებთან შედარებით ბევრად რბილია, ამიტომ, როცა იგივე ო’ბრაიენი გვეუბნება, რომ იქნებ ევროპულ კანონმდებლობას დაუახლოოთო – კი ბატონო, მზად ვართ

„პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესა და ჯიმ ო’ბრაიენის შეხვედრისას არ ყოფილა საუბარი სანქციებზე და მას გამჭვირვალობის შესახებ კანონისთვის არც რუსული არ უწოდებია, იმ ფონზე, რომ ამ იარლიყის მიწებებაში თავის დროზე დიდი როლი შეასრულა საქართველოში აშშ-ის ყოფილმა ელჩმა კელი დეგნანმა,“ – ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ, დეპუტატმა სოზარ სუბარმა განაცხადა.

მისი თქმით, გამჭვირვალობის შესახებ ქართული კანონი დასავლეთში მოქმედ ანალოგიურ კანონებთან შედარებით ბევრად რბილია, ამიტომ, თუ მოთხოვნაა, რომ ის ევროპულ კანონმდებლობას დაუახლოვდეს, ხელისუფლება ამისთვის მზადაა.

„კელი დეგნანმა, ერთ-ერთ დახურულ შეხვედრაზე რომ ჰკითხეს, რუსულს რატომ უწოდებთ ამ კანონს, ამაში ხომ რუსული არაფერია და ეს თქვენც იცითო, უპასუხა, რა მნიშვნელობა აქვს, ჩვენ ასე ვუწოდებთ და თქვენ იმართლეთ თავიო. შეიძლება ზუსტად ამ სიტყვებით არა, მაგრამ განცხადების არსი ეს იყო. და მეორე წელია, მართლა მეტს ვერაფერს ამბობენ, ეს ერთი სიტყვა აქვთ ხელზე დახვეული – რუსული კანონი. შინაარსში ვერ შემოდიან, რადგან შეუძლებელია ამ კანონს შინაარსში შეედავო, განსაკუთრებით იმ კანონების ფონზე, რომლებიც დასავლეთშია მიღებული. მაგალითად, ახლა საფრანგეთის ქვედა პალატამ მიიღო ანალოგიური კანონი, სადაც ჩვენი კანონისგან განსხვავებით, ფიზიკური და იურიდიული პირებიც ვალდებულები არიან, თითოეული ცენტი, რასაც ქვეყნის გარედან მიიღებენ, დაადეკლარირონ. თუკი რამე ეჭვი გაჩნდება ამ კანონის არაკეთილსინდისიერ აღსრულებასთან დაკავშირებით, სპეცსამსახურებს უფლება აქვთ, ხუთი წლის განმავლობაში თითოეული ადამიანი და შესაბამისი ორგანიზაციის წარმომადგენელი მოსმენაზე დასვან; ხელისუფლებას უფლება აქვს, რომ ნებისმიერ ადამიანს ან ორგანიზაციას, ვის არაკეთილსინდისიერებაზეც ეჭვი გაუჩნდებათ, ნებისმიერი ანგარიში გაუყინოს და ა.შ.

ამაზე ამბობენ, ეს გვჭირდება სუვერენიტეტის დასაცავადო. ჩვენი კანონი მათთან შედარებით ბევრად რბილია. ამიტომ, როცა იგივე ო`ბრაიანი გვეუბნება, რომ გამჭვირვალობის შესახებ ქართული კანონი იქნებ ევროპულ კანონმდებლობას დაუახლოოთო – ალბათ უნდა ვუპადიხოთ: კი ბატონო, მზად ვართ მივიღოთ კანონი, რომელიც ახლოს იქნება, მაგალითად, ფრანგულ კანონთან, რომელშიც პირდაპირ წერია, რომ მას საფუძვლად უდევთ ამერიკული უცხოელი აგენტების გამჭვირვალობის აქტი, FARA და რომელთანაც არავის აქვს პრეტენზია; ფრანგული კანონის მეორეცსაფუძველი ბრიტანული კანონია, რომელიც, მართალია ევროკავშირის წევრი არ არის, მაგრამ ევროპული ქვეყანა. თუ მაინცდამაინც უნდათ, რომ ჩვენი კანონი ევროპულთან დავაახლოოთ, კი ბატონო, მზად ვართ,“ – განაცხადა სოზარ სუბარმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება