fbpx

სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანია, კომისიის წევრები და ენერგოომბუდსმენი სალომე ვარდიაშვილი მოქალაქეებს შეხვდნენ

სემეკში ღია კარის დღე გაიმართა

მომხმარებელთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში (სემეკ) ღია კარის დღე გაიმართა. სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანია, კომისიის წევრები და ენერგოომბუდსმენი სალომე ვარდიაშვილი მოქალაქეებს შეხვდნენ, მოისმინეს მათი შეფასება კომუნალური კომპანიების მიერ გაწეულ მომსახურებებზე.

 სემეკში ყოველკვირეულად ტარდება საჯარო სხდომები, სადაც სხვა საკითხებთან ერთად კომისია განიხილავს მომხმარებლებსა და  კომუნალური მომსახურების კომპანიებს შორის არსებულ დავებს. სადავო საკითხები, ძირითადად, შეეხება ქსელზე მიერთების ვადებსა და პროცედურებს, უსაფუძვლოდ დარიცხულ თანხებსა და ხანდაზმულ დავალიანებებს. არსებული პრაქტიკის შესაბამისად, სადავო საკითხების უმეტესობა მომხმარებელთა სასარგებლოდ წყდება. 2020 წლის განმავლობაში კომუნალური კომპანიების მიერ მომხმარებლებზე უსაფუძვლოდ დარიცხული და შემდგომ სემეკის მიერ ჩამოწერილი თანხების ოდენობამ 1 462 000 ლარი შეადგინა.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული მოქალაქის მიერ მოწოდებული ინფორმაცია. სემეკი, წლებია, ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობს კომუნალური მომსახურებების გასაუმჯობესებლად. კომპანიებში მომსახურების ხარისხის მონიტორინგის მიზნით, სხვადასხვა პროექტთან ერთად, ჩვენი დაკვეთით ხორციელდება „იდუმალი მომხმარებლის“ კვლევა, რომლის ფარგლებშიც  მოწმდება კომუნალური კომპანიების მიერ მომხმარებლებზე გაწეული მომსახურებისა და სემეკის რეგულაციების შესრულების პროცესი. კომისიაში გვაქვს უნიკალური პროგრამა, რომელიც რეალურ დროში აფიქსირებს კომპანიებში შესულ მომხმარებელთა განცხადებებს და მათზე რეაგირების ვადებს, ინფორმაციას გეგმური და არაგეგმური წყვეტების შესახებ, ახალი მომხმარებლის ქსელზე მიერთებისა და დავალიანების გადაუხდელობისათვის გათიშული მომხმარებლებისათვის მომარაგების აღდგენის დროსა და ვადებს. გვაქვს შემუშავებული სტანდარტები, რომლის შესრულებაც სავალდებულოა კომპანიებისათვის. 2020 წლის განმავლობაში „მომსახურების კომერციული ხარისხის წესების“ დარღვევის გამო კომუნალური კომპანიების მიერ მოქალაქეებზე გაიცა კომპენსაციები, ჯამში 200 ათას ლარამდე. მინდა ვთხოვო მოქალაქეებს, თუ თვლიან რომ კომუნალური მომსახურების კომპანიების მხრიდან ირღვევა მათი უფლებები, აუცილებლად მოგვმართონ, – აღნიშნა დავით ნარმანიამ.  

სემეკი შეახსენებს ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის მომხმარებლებს, თუ  ადგილი აქვს მათი უფლებების დარღვევას კომუნალური მომსახურების კომპანიების მხრიდან, მიმართონ სემეკს ან სემეკთან არსებულ ენერგოომბუდსმენის სამსახურს.  კონსულტაციების მიღება შესაძლებელია როგორც ქოლ ცენტრში ნომერზე 16 216, ასევე სემეკის Facebook გვერდზე. 

გაუზიარე!

0Shares
0 0

კომენტარის დატოვება

error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია