fbpx

სახალხო დამცველს პანსიონში აუცილებლად შევიყვანთ – მეუფე ნიკოლოზის შეთავაზება ომბუდსმენთან

ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტი მეუფე ნიკოლოზი აცხადებს, რომ სახალხო დამცველს წინასწარი შეთანხმების საფუძველზე ნინოწმინდის პანსიონში შეუშვებენ.

მეუფე ნიკოლოზის თქმით, სახალხო დამცველს თავშესაფარში კამერებით შესვლა და გადაღებაც შეეძლება, თუ ამაზე შეთანხმება წინასწარ მოხდება. 

“ომბუდსმენი და ომბუდსმენის აპარატი ორი განსხვავებული რამ არის. რაც შეეხება თვითონ ომბუდსმენს, ჩამობრძანდეს, შევხვდეთ წინასწარ, შევთანხმდეთ რაღაც წესებზე და შემდეგ შევიდეთ ერთად. ჯერ შევიდეთ ისე, კამერების გარეშე, მერე გამობრძანდეს ომბუდსმენი, თვითონ მოითხოვოს ეს კამერები და შევიდეთ კამერებთან ერთად. ეს არის შემოთავაზება. აუცილებლად შევიყვანთ შიგნით, ოღონდ წინასწარი შეთანხმების საფუძველზე. წინასწარ უნდა გავიაროთ ომბუდსმენთან, როგორ მოხდება, რა შეკითხვებს დაუსვამს [ბავშვებს]”, – განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

ცნობისთვის, სახალხო დამცველი თავის ანგარიშებში აღნიშნულ პანსიონში ძალადობასა და დასჯის სასტიკ მეთოდებზე საუბრობს. ომბუდსმენის აპარატში აცხადებენ, რომ არაერთი ცდის მიუხედავად, მათ პანსიონის ხელმძღვანელი მეუფე სპირიდონი თავშესაფარში არ უშვებს, რათა არსებული ვითარება შეისწავლონ. 

ნინოწმინდის პანსიონში მცხოვრები ბავშვების უფლებებზე მედია განსაკუთრებით მას შემდეგ გააქტიურდა, როცა სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ განაცხადა, რომ პანსიონში ბენეფიციარების მიმართ სავარაუდო ძალადობასთან დაკავშირებით ბოლო წლების განმავლობაში არაერთი სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. სახალხო დამცველის 2015 წლის ანგარიშში წერია: “ბავშვი რამეს რომ დააშავებს, მას უბრძანებენ ხელები დაიდოს თავზე, მუხლებზე დაიჩოქოს და დერეფანში მუხლებზე ჩოქვით გაიაროს. ასევე, დასჯის მეთოდია 100 მეტანია, ბავშვისთვის საჭმლის აკრძალვა, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს მათი ზრდა-განვითარების შეფერხება.” ომბუდსმენის ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის ოთხს საქმეზე დაიწყო, მათგან ერთი კი სექსუალურ ძალადობას ეხება. 

გაუზიარე!

0Shares
0 0

კომენტარის დატოვება

error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია