fbpx

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გაეროს გენერალურ მდივანს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გაეროს გენერალურ მდივანს შეხვდა. მთავრობის მეთაურმა ანტონიო გუტერეშს გენერალური მდივნის თანამდებობაზე მეორე ვადით არჩევა მიულოცა და პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

პრემიერმა განსაკუთრებით გაუსვა ხაზი გაეროსა და გენერალური მდივნის პერსონალურ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი და აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა აფასებს გაეროს ჩართულობას კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში. ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, გაეროს გენერალური მდივნის ანგარიში იძულებით გადაადგილებულ პირთა შესახებ საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებიდან, გაეროს გენერალური ასამბლეისა და გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს რეზოლუციები, უმნიშვნელოვანესი მექანიზმია იმისთვის, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მძიმე ჰუმანიტარული ვითარება საერთაშორისო დღის წესრიგში მაღალ დონეზე შენარჩუნდეს.

ყურადღება გამახვილდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ მძიმე ვითარებაზე. ხაზი გაესვა გაეროს როლს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში და აღინიშნა ამ ფორმატში კონკრეტული, ხელშესახები შედეგების მიღწევის აუცილებლობა. მთავრობის მეთაურმა ისაუბრა გაეროს ჩართულობისა და გადამწყვეტი ნაბიჯების მნიშვნელობაზე გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატის აღდგენის საქმეში.

პრემიერის განცხადებით, საქართველოს მთავრობა კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკის ერთგულია, რაც საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციას და საოკუპაციო ხაზით გაყოფილ საზოგადოებებს შორის ნდობის აღდგენას ისახავს მიზნად. საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და გაეროს გენერალური მდივნის შეხვედრა ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გაიმართა.

ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის 76-ე სესია მიმდინარეობს. საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს, ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ილია დარჩიაშვილი იმყოფებიან.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გაეროს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიის მონაწილეებს 24 სექტემბერს მიმართავს.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება