fbpx

საქართველოს დელეგაციას რომ თავი დავანებოთ, თვითონ ევროპელ პარლამენტარებშიც სააკაშვილის საკითხის შემოტანამ გაანახევრა ისეთ მნიშვნელოვან საკითხზე მხარდაჭერა, როგორიცაა უკრაინა


რეზოლუციას დაუჭირა მხარი დარბაზში 100-მა დეპუტატმა სხვადასხვა ქვეყნიდან, ხოლო ცვლილებას უკვე, რომელიც სააკაშვილის მეგობრებმა შეიტანეს რეზოლუციაში, მხარი ნახევარმა დაუჭირა, დაახლოებით 55-მა დეპუტატმა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, არჩილ თალაკვაძემ „ქრონიკაში“ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ 13 ოქტომბერს მიღებულ რეზოლუციასთან დაკავშირებით განაცხადა.

„საქართველოს დელეგაციას რომ თავი დავანებოთ, თვითონ ევროპელ პარლამენტარებშიც სააკაშვილის საკითხის შემოტანამ გაანახევრა ისეთ მნიშვნელოვან საკითხზე მხარდაჭერა, როგორიცაა უკრაინა. არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ ევროპელებისთვისაც აღმოჩნდა ტოქსიკური სააკაშვილის შეტანა ამ რეზოლუციაში. ტექსტს რომ გაეცნოთ, საერთოდ არაფერ შუაში არ არის იქ სააკაშვილი და აბსოლუტურად ხელოვნურად იყო შეტანილი იმ მოლოდინით, რომ კენჭისყრის პროცესში, ამ დინამიკაში, დეპუტატების ნაწილი ამას განსაკუთრებულ ყურადღებას არ მიაქცევდა და როგორღაც გაძვრებოდა ეს ცვლილება. ასეც მოხდა“, – განაცხადა თალაკვაძემ.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ რუსეთის წინააღმდეგ რეზოლუცია მიიღო. დოკუმენტის მეოთხე პუნქტი მოუწოდებს რუსეთის ხელისუფლებას, ასევე სხვა ქვეყნებს, გაათავისუფლონ პოლიტიკური პატიმრები. ამ კონტექსტში ვლადიმერ კარა – მურზასთან ერთად ნახსენებია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც. რეზოლუციაში ჯამში 14 შესწორება შევიდა. მიხეილ სააკაშვილი რეზოლუციის მეოთხე პუნქტშია ნახსენები.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება