fbpx

საპატრიარქოს დასჯის დროა-დავით ბერძენიშვილი

„რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთი ლიდერი დავით ბერძენიშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და „ღირსების მარშთან” დაკავშირებით გაკეთებული განცხადების გამო საპატრიარქოს უპირისპირდება.

დავით ბერძენიშვილის თქმით, „პოლიტიკასთან შეზრდილი ანტიდასავლური საპატრიარქოს მხილების და დასჯის დროა”.

„5 ივლისს ქაშუეთთან კონტრაქციის დაანონსებით საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქომ, ფაქტიურად ღიად განაცხადა:
რაკი რამდენიმე ასეული აგრესიული მოძალადის მეტი ვერ გამოიყვანეს ფალავანდიშვილმა და სხვებმა, რაკი დასავლეთმა უპირობო მხარდაჭერა გამოუცხადა თბილისი პრაიდს, რაკი ხელისუფლებამ ამჯერად არ მიუშვა მოძალადეები დემონსტრანტების დასარბევად და ა.შ, საპატრიარქო თავად გამოვიდა დღეს ასპარეზზე, როგორც მთავარი დაპირისპირებული, რუსული მხარე.

ილია მეორემ, მისმა თანამესაყდრე შიომ და ბევრმა სხვა იერარქმა, საპატრიარქოს ადმინისტრაციასთან ერთად, ეტყობა, მიიღეს ბრძანება მოსკოვიდან – მოსინჯონ საქართველოს ხელისუფლების დაშინება. მოთვინიერება, ძალის დემონსტრირება, იმის ჩვენება, თითქოს ეს ჩეკისტური, უვიცი და მომხვეჭელი, რუსების ბრძანების შემსრულებელი ყანდურების ორგანიზაცია არის ერის აბსოლუტური უმრავლესობის ინტერესების გამომხატველი და ეროვნული ღირსების დამცველი.
ასევე, საპატრიარქოს აქვს ქართული ოპოზიციის ერთი ნაწილის შიშნარევი მორჩილების იმედიც.

ხელისუფლებასთან და მთლიანად პოლიტიკასთან შეზრდილი ანტიდასავლური საპატრიარქოს მხილების და დასჯის დროა.
თანამედროვე დასავლეთს ემუქრება ჩამოძონძილი, დროს და რეალობას აცდენილი, პროგრესის მტერი ეგზარქოსი და მისი ამალა.
ღირსეულ საზოგადოებას თქვენი არ ეშინია. არც იმდენი ხართ, როგორც ბაქიბუქობთ. ხაფანგი დაიგეთ და თქვენვე გაებმებით მასში.
ყველა პარტია და პოლიტიკოსი, ხელისუფლებასა თუ ოპოზიციაში, ვინც აყვება ობერ-პროკურორ კირილეს ადგილობრივ ეგზარქოს ილიას ამ აგრესიულ, ანტიდასავლურ მოწოდებასა და ქმედებაში, იქნება დაუნდობლად შეფასებული და, დარწმუნებული ვარ, დამარცხებული, დანარცხებულიც.
ილია მეორე, შიო და სხვები მიდიან საქართველოს მოქალაქეების ევროპული და ევროატლანტიკური არჩევანის წინააღმდეგ.
პრაიდი მათთვის საბაბია.

არ გაგატანინებთ, არ ჩაგატოვებინებთ საქართველოს რუსულ ბნელ და აგრესიულ ბუნაგში.”, – წერს დავით ბერძენიშვილი.

ცნობისთვის, 5 ივლისს „თბილისი პრაიდის” წარმომადგენლები რუსთაველის გამზირზე „ღირსების მარშის” გამართვას აანონსებენ.

„ღირსების მარშს” ეწინააღმდეგება საქართველოს საპატრიარქო და მრევლს 5 ივლისს 17 საათზე ქაშუეთთან შეკრებისკენ მოუწოდა

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება

error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია