სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ბახტაძემ, საკრებულოს თავმჯდომარე ვაჟა სტურუასთან, პირველ მოადგილე ამირან თევდორაძესთან, ქალაქ სამტრედიაში მერის წარმომადგენელ ლაშა ნიკოლეიშვილთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, გენო გეგეშიძის ქუჩაზე მდებარე მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.
მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის შენობა დაახლოებით ორმოცდაათი წლის წინ არის აშენებული და მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები წლების განმავლობაში არ განხორციელებულა.
ამ დროისთვის მიმდინარეობს სამუშაოების პირველი ეტაპი, რომლის ფარგლებშიც ჩრდილოეთის ფასადის კედლის რეაბილიტაცია განხორციელდება. ასევე განახლდება შიდა სივრცეები და შენობის ძირითადი ნაწილი თითქმის სრულად განახლდება. სამხატვრო სკოლისა და გალერეის სივრცეები კი არსებული სახით შენარჩუნდება.
როგორც სამტრედიის მერმა აღნიშნა, მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლი მრავალწლიანი ტრადიციების მქონე სივრცეა, რომლის რეაბილიტაციაც აუცილებლობით იყო განპირობებული.
„ახალგაზრდებში განათლების განვითარების ხელშეწყობა ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია არაფორმალური განათლების განვითარება და ახალგაზრდებისთვის შესაბამისი გარემოს შექმნა. მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლი მრავალწლიანი ტრადიციების მქონე სივრცეა, რომლის რეაბილიტაციაც აუცილებლობით იყო განპირობებული. სამუშაოების დასრულების შემდეგ ახალგაზრდებს განახლებული და კომფორტული გარემო ექნებათ“, – აღნიშნა დავით ბახტაძემ.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლი ახალგაზრდებს განახლებული, თანამედროვე და კომფორტული გარემოთი უმასპინძლებს, რაც ხელს შეუწყობს მათთვის საგანმანათლებლო, შემოქმედებითი და არაფორმალური აქტივობების განხორციელებას.

