fbpx

სააკაშვილის ციხიდან გამოხსნის მცდედობის ორთვიანი სპექტაკლის პირველი მოქმედება დასრულდა

უნიჭო სპექტაკლი უნდა დასრულდეს

სააკაშვილის ციხიდან გამოხსნის მცდედობის ორთვიანი სპექტაკლის პირველი მოქმედება დასრულდა.

სპექტაკლში მონაწილე მთავარი თუ ეპიზოდური როლების შემსრულებლებმა, მაქსიმალური მონდომებით გამოავლინეს თავიანთი სამსახიობო ოსტატობა.

ძალისხმევის მიუხედავად, სპექტაკლის პირველი მოქმედება, აპლოდიმენტების ნაცვლად წყევლა-კრულვით და ლანძღვა-გინებით დასრულდა.

მაყურებელთა იმ ნაწილს, რომლებსაც ეს სპექტაკლი რეალობა ეგონა, ცრემლები ვერ შეიკავა, რადგან მართლა დაიჯერა, რომ ბოლო სერიაში მათი სუპერგმირი ბოროტმა ძალებმა უნდა განგმირონ.

ბევრი უცნაურობები ვნახეთ და მოვისმინეთ ამ უნიჭოდ დადგმულ სპექტაკლში:

თურმე არაჟნებიანი კონტეინერით სააკაშვილის საქართველოში შემოპარვის მიზანი ქვეყნის სასამართლოს წინაშე წარდგენა იყო,

თურმე საქართველოს ბოლო 300 წლის განმავლობაში არ ჰყოლია სააკაშვილის მსგავსი დიდებული მმართველი,

თურმე მის მიმართ წარდგენილი ყველა ბრალდება პოლიტიკურია და ამ ბრალდებებს არავითარი სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნიათ,

თურმე სისტემური წამებების შემოქმედ, პატიმარ სააკაშვილს დღეს სხვები აწამებენ, წამლავენ და კლავენ.

მის მიერ დანერგილი წამებებისგან განსხცავებით, დღევანდელი მისი წამება გამოიხატება იმაში, რომ მასთან 2 ოთახიან პალატა-ლუქსში დაკაკუნების გარეშე შედიან.

ციხისა და საავადმყოფოს ტერიტორიაზე ფორმიანი კაცები ტრიალებენ.

მაჯის საათი, რომლის ტარება პატიმრისთვის აკრძალულია, ხელიდან ძალით შეხსნეს.

თურმე პენიტენციური დაწესებულებიდან ციხის საავადმყოფოში ისე გადაიყვანეს, რომ მას ამის სურვილი არ გამოუთქვამს.

ორი თუ სამი კვირის მანძილზე კარანტინის გამო არ უშვებდნენ ვიზიტორებს და ა. შ.

დედის დაქირავებულმა ლობისტურმა კომპანიამ და მისი ჯიბის ექსპერტებმა გამოგვიცხადა-მიშა მოწამლეს.

ამ დროს, სააკაშვილის სხეულში დარიშხანი საერთოდ არ აღმოაჩნდა, ხოლო ვერცხლისწყალი, ნორმის ფარგლებში იყო.

ტყუილის ტირაჟირება მის მიერ კონტროლირებად მედია საშუალებებში გრძელდება და დღესაც ვისმენთ მიშა მოწამლულიას ზღაპარს, რადგან ამერიკელმა ექსპერტმა ივარაუა, შეიძლება ანალიზები გვიან აუღეს და მძიმე მეტალები მისი სხეულიდან უკვე გამოდევნილი იყოო.

მოკლეთ მათ ასე აღიქვეს ან არც აღიქვეს, მაგრამ საქმეს ასე “სჭირდება”.

სააკაშვილის გულშემატკივრები ვერ ხვდებიან, რომ მასაც და საკუთარ თავსაც კომიკურ მდგომარეობაში აგდებენ, როდესაც ერთი წლის განმავლობაში ყოველდღე ამტკიცებენ, არიქა, კვდება, ხვალ თუ არა ზეგ მოკვდება, თუ არ გაათავისუფლებთო. ისიც კომიკურია, როდესაც საკუთარ ბელადზე ჯიუტად ამტკიცებენ, გინდა თუ არა, დემენცია ჭირს, ანუ ჭკუასუსტიაო.

სააკაშვილის ადვოკატებს სიტვის მასალა ისე შემოელიათ, ბოლოს პენიტენციურ დეპარტამენტს ედავებოდნენ, თქვე მონსტრებო, როგორ მოხდა, რომ თქვენს სისტემაში ბოლო სამ წელიწადში 51 პატიმარი გარდაიცვალაო (ანუ წელიწადში საშუალოდ 17 პატიმარი). და ეს მაშინ, როდესაც სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს წელიწადში 140 პატიმარზე მეტი კვდებოდა.
თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ორთვიანი სპექტაკლი ნაცების საერთაშორისო ლობისტების აკომპანიმენტის ქვეშ მიმდინარეობდა, რომლებიც საქართველოს ევროპულ გზაზე წინსვლის პირობად სააკაშვილის გათავისუფლებას ასახელებდნენ, გასაგები გახდება, რომ სააკაშვილის ფიგურა ამჯერადაც ჩვენი ქვეყნის პროევროპულ გზაზე შეფერხების და რუსულ ინტერესებზე წყლის დასხმის ინსტრუმენტად იქცა.

მოდით გავიხსენოთ, მერამდენედ მეორდება სააკაშვილის ფიგურის გამოყენება პრორუსული ინტერესებისათვის.

ჯერ იყო და, დემოკრატიისა და პროდასავლურობის სახელით მომხდარი ე. წ. „ვარდების რევოლუციის“ შედეგად საქართველოში დაამყარა ანტიდემოკრატიული რეჟიმი. ბოლშევიკურ სტილში ჩაატარა განკულაკებები. თავისუფალი მედია გააქრო ორბიტიდან. პატიმართა წამებები აქცია პენიტენციური სისტემის მართვის ფორმად. დამკვიდრდა პიროვნების (მიშას) კულტი. და ა. შ.

შემდეგ იყო კულტის მიერ წარმოებული და სამარცხვინოდ წაგებული ბრძოლები სეპარატისტებისა და რუსების გაერთიანებულ სამხედრო ძალასთან,

კოდორის ხეობის უბრძოლველად ჩაბარება მტრისთვის, რასაც დაემატა 140-ზე მეტი ქართული სოფლის (რომელსაც სააკაშვილმა ქვა-ღორღი უწოდა) ჩაბარება.

მერე იყო ამ სამარცხვინოდ წაგებული 2-დღიანი ომის შემდეგ რუსეთის კულტურის მინისტრისთვის თხოვნა-მუდარა, რუსეთში დაეშვათ ქართული მომღერლებისა და მოცეკვავეების მიერ ტაშ-ფანდურის გამართვა.

ამის შემდეგ “ჩვენი” კულტი „დიდი რეფორმატორის“ მანტია მოსხმული, თავის გუნდის ნაწილებთან ერთად მიდის უკრანაში, მონაწილეობს იქაურ სამხედრო გადატრიალებაში და გარკვეულ პოზიციებს იკავებს იქაურ ხელისუფლებაში.

იქიდან პრეზიდენტ ზელენსკის კურთხევით ჩამოდის საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების მოსაწყობად, ხოლო ციხეში აღმოჩენილი ისევ ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო მავნებლურ მოქმედებებს აგრძელებს, რითაც ყველას უმტკიცებს, რომ მისი პიროვნული ინტერესებისთვის უსიტყვოდ გაწირავს ქვეყნის ინტერესებს.

ეს “ჩვენი” კულტი ხან ქართველია, ხან უკრაინელი. კულტს ხან დემენცია აქვს ხან არ აქვს და წერილობით დამოძღვრას ცდილობს.

ხან მოწამლულია, ხან არა.

ხან შიმშილობს, ხან შიმშილობისას თაფლს და ფაფებს მიირთმევს,

ხან საქართველოს პოლიტიკაში ჩარევას არ აპირებს, ხან აცხადებს, რომ საქართველოს არავის დაუთმობს.

რაც მთავარია ხან კვდება-ხან არა, და ა. შ. და ა. შ.

მოკლედ, ისე ჩანს, რომ სააკაშვილი საქართველოს მოუცილებელი ჭირია. იმედის მომცემი მხოლოდ ის არის, რომ ეს ჭირი თანდათან სუსტდება, ქვეყანა ჯანსაღდება, რასაც ადასტურებს მისი მომხრეების სიმეჩხერე ბოლო მოვლენებთან დაკავშირებით გამართულ მის მხარდამჭერ აქციებზე.
ასეა თუ ისე, ამ ეტაპზე სპექტაკლის პირველი მოქმედება დასრულდა.

მეორე მოქმედებაში საინტერესო მომენტად რჩება ის თუ როდის დარწმუნდება სააკაშვილი, დამსახურებული სასჯელის მოხდის გარდაუვალობაში. როდის გააცნობიერებს,რომ სიმულაცია მას ვერ დაიხსნის.

სამართლებრივ სახელმწიფოში ფუჭად გადაყრილია საერთაშორისო ლობისტებში ჩადებული ფული. მას პასუხისმგებლობისგან ვერ გამოაძვრენს ვერც პრეზიდენტ ზურაბიშვილის ორჭოფული და უშინაარსო განცხადებები.

მხოლოდ ამის საღად გაცნობიერებისა და გაანალიზების შემდეგ შეწყვეტს ის თვითდაზიანების გზით თავისუფლების მოპოვების მცდელობას, შეეგუება პატიმრობას, თვითონაც დაისვენებს, ქვეყანასაც დაასვენებს და უნიჭოდ დადგმული სპექტაკლიც დასრულდება.წერს უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება