fbpx

რა იცის საქართველოს პრეზიდენტმა, რა ტიპის კანონი მივა მასთან? შთაბეჭდილება გვრჩება, რომ სალომე ზურაბიშვილი იმ ანტისახელმწიფოებრივ პიარკამპანიას აჰყვა, რომლის მიხედვითაც კანონპროექტი თითქოსდა რუსულია

მოძრაობა „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი, გურამ მაჭარაშვილი ჟურნალისტებთან პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მხარს არ დაუჭერს.

გურამ მაჭარაშვილის თქმით, პრეზიდენტი ანტისახელმწიფოებრივ პიარკამპანიას აჰყვა:

„ვერა და ვერ მოხერხდა ის, რომ ინსტიტუციებმა კონსტიტუციის შესაბამისად იფუნქციონირონ. საქართველოს პრეზიდენტი თავის პოზიციაზე საუბრობს მხოლოდ მაშინ, როდესაც მასთან კანონი მივა. თუ ის ხელს არ მოაწერს, შესაბამისი, მოტივირებული შენიშვნები პარლამენტში უნდა გამოაგზავნოს.
რა იცის საქართველოს პრეზიდენტმა, რა ტიპის კანონი მივა მასთან, შინაარსი როგორ შეიცვლება და საერთოდ შეიცვლება თუ არა? შესაბამისად, შთაბეჭდილება გვრჩება, რომ სალომე ზურაბიშვილი იმ ანტისახელმწიფოებრივ პიარკამპანიას აჰყვა, რომლის მიხედვითაც კანონპროექტი თითქოსდა რუსულია.“, – აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

„ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერის განცხადებით, ქართული კანონპროექტი არათუ რუსული კანონის მსგავსია, რომელიც მრავალ შეზღუდვას ითვალისწინებს, არამედ აშშ-ის კანონმდებლობაზეც უფრო მოქნილია.

„აშშ-ის სენატორმა, ბატონმა დურბინმა გუშინ ბრძანა, რომ მათ ნამდვილად აქვთ ასეთი ტიპის კანონი. მთავარია, ამ კანონმა მედიასაშუალება თუ არასამთავრობო სექტორი არ შეზღუდოს. ხოლო თუ პრეზიდენტი ამ კანონპროექტს ვეტოს დაადებს, ხალხი ჩვენს კანონპროექტსაც, რუსულსაც და ამერიკულსაც ძალიან მარტივად წაიკითხავს და საკუთარი თვალით ნახავს, რომ ჩვენი კანონპროექტი სიხისტის თვალსაზრისით არა თუ რუსულთან, არამედ ამერიკულ კანონთანაც არ არის მიახლოებული. ამგვარად, საზოგადოება თავადვე მიხვდება, რომ პრეზიდენტი ცდება.
სიმკაცრის მიხედვით რომ დავალაგოთ, ჯერ არის რუსული კანონი, მერე – აშშ-ის კანონი და შემდეგ – „ხალხის ძალის “ მიერ ინიციირებული ყველაზე ოპტიმალური კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“.
რუსულ კანონში არასამთავრობო სექტორის მიმართ შეზღუდვებია, აშშ-ს კანონპროექტში ძალიან გაზრდილია მასშტაბები, თუ ვინ უნდა დარეგისტრირდეს უცხოური გავლენის აგენტად, ჩვენს კანონპროექტში კი არც შეზღუდვებია და ის საკმაოდ ვიწრო წრეს ეხება; ასევე, ძალიან მარტივი ფორმულაა შესავსები იმისთვის, რომ არასამთავრობო სექტორის შემოსავლები გამჭვირვალე იყოს, რაც საზოგადოებას აინტერესებს“, – აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება