fbpx

პრემიერი უჩა აბაშიძის საქმეზე – გარყვნილება და „ნაცმოძრაობა“ რომ იდენტური ცნებებია,ეს კიდევ ერთხელ გამოჩნდა 

წარმოუდგენელი რამის მომსწრეც ვართ და შემიძლია გითხრათ, რომ მხოლოდ „ნაციონალმა“ შეიძლება ჩაიდინოს ასეთი სავარაუდო დანაშაული, ამ მასშტაბის გარყვნილება უბრალოდ წარმოუდგენელია, – ამის შესახებ მთავრობის მეთაურმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც პროკურატურის მიერ უჩა აბაშიძესთან დაკავშირებით გავრცელებულ ვიდეოჩანაწერებს შეეხებოდა.  

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ვიდეოჩანაწერების რაოდენობის გათვალისწინებით, მათ ფალსიფიცირებაზე საუბარი ვერც იქნება.

„არის საუბარი ისეთი ტიპის სავარაუდო დანაშაულზე, რომელიც პირდაპირ კავშირშია გარყვნილების უმაღლეს ხარისხთან. თქვენ გახსოვთ ეს გარყვნილება ამ პოლიტიკური პარტიისგან. ეს ადამიანები იყვნენ სწორედ, ვინც კასრებში ინახავდა ათასობით კომპაქტ-დისკს, რომლებზეც ადამიანების პირადი ცხოვრება იყო ასახული. ეს სავარაუდო დანაშაული, რაც ამ შემთხვევაში არის სახეზე, იმეორებს ზუსტად იმ ხელწერას, რომელიც დამახასიათებელი იყო „ნაცმოძრაობისთვის“. აქედან გამომდინარე, გასაკვირი არაა, რომ ეს კონკრეტული სავარაუდო დამნაშავე, უჩა აბაშიძე, არის კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერი, აქტიურად მონაწილეობდა შესაბამისი აქციების ორგანიზებაში, ეს არის აბსოლუტურად გასაგები და ლოგიკური მოვლენა. დანარჩენი გამოძიების საქმეა, მაგრამ რეალურად მე რა ინფორმაციაც მაქვს, იმ რაოდენობის ვიდეოჩანაწერზეა ლაპარაკი, რომ ამის ფალსიფიცირებაზე ვერც იქნება საუბარი, აქ არის უბრალოდ წარმოუდგენელი მასშტაბი გარყვნილებისა. რაც შეეხება დანაშაულს, დანაშაული საბოლოოდ იქნება დადგენილი სათანადო წესით სამართალდამცავი სტრუქტურების მხრიდან, მაგრამ გარყვნილება და „ნაცმოძრაობა“ რომ იდენტური ცნებებია, ეს კიდევ ერთხელ გამოჩნდა ამ საქმეზე,“- აღნიშნა პრემიერმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება