fbpx

პოლიტიკაში ჩართვას ერთჯერადი პროექტის სახით ვაპირებ-გია ხუხაშვილი

„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, პოლიტიკის ექსპერტი გია ხუხაშვილი, რომელმაც პოლიტიკაში ჩართვა ცოტა ხნის წინ დააანონსა, შესაძლოა, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას გუნდში ვიხილოთ.

აღსანიშნავია, რომ გახარიას პოლიტიკაში ჩართვა სწორედ ხუხაშვილის სახელს უკავშირდება, რის შესახებაც ექსპერტმა მედიასთან თავად განაცხადა.

“გახარია ჩემი მეზობელია, მე დავასაქმე, მისი პოლიტიკაში შემოყვანა ჩემს კისერზეა” – ამბობს ხუხაშვილი.

იქნება თუ არა ხუხაშვილი გახარიას გუნდში, ამ საკითხის გასარკვევად „პრაიმტაიმი“ექსპერტს დაუკავშირდა.

როგორც ხუხაშვილი აცხადებს, ის პოლიტიკაში ჩართვას ნამდვილად აპირებს, თუმცა ვისთან ერთად, ჯერჯერობით, გაურკვეველია.

„მე გიორგი გახარია კარგა ხანია არ მინახავს, მეზობლები კი ვართ, მაგრამ ახლა აქ არ ცხოვრობს. მე, რა თქმა უნდა,  ერთჯერად პოლიტიკურ პროცესში მივიღებ მონაწილეობა, თუმცა, ვისთან ერთად, ჯერ არ ვიცი.  იმ მოცემულობაში, როცა გიორგი გახარია არც კი გამოჩენილა და არ ვიცით, რას აპირებს, რაიმე ტიპის თანამშრომლობაზე საუბარი ზედმეტია.

პოლიტიკაში ჩართვას ერთჯერადი პროექტის სახით ვაპირებ. მე არ ვაპირებ პოლიტიკური კარიერის გაკეთებას. თავის დროზე ბიძინა ივანიშვილთან ამ პირობით ვიყავი, როცა ერთჯერადი პროექტი დასრულდა, წამოვედი. ჩემი საქმე პოლიტიკა არ არის, მაგრამ იმისთვის, რომ ქვეყნაში ცვლილებები მოხდეს, ახლაც მივიღებ ერთჯერად პროექტში მონაწილეობას“,- განაცხადა ხუხაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია პოლიტიკაში აქტიურ ჩართვას აპირებს.

მის პოლიტიკურ გუნდში იქნებიან „ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატები: გიორგი ხოჯევანიშვილი, მიხეილ დაუშვილი, ბექა ლილუაშვილი, ანა ბუჩუკური, ალექსანდრე მოწერელია, შალვა კერესელიძე.

ასევე, „პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, ექსპრემიერის გუნდში იქნება მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი ნათია მეზვრიშვილი.

როდის გაიმართება გიორგი გახარიას პარტიის პრეზენტაცია და რა იქნება პარტიის ძირითადი მიზანი, ჯერჯერობით, უცნობია. ყოფილ პრემიერს ამ საკითხზემედიასთან, ჯერჯერობით, არ უსაუბრია. წყარო ,,პრაიმ თაიმი,,

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება