fbpx

“ოცნების” მხრიდან შემოთავაზებული იყო, რომ თუ თვითმმართველობის არჩევნებში “ოცნება” 40%-ზე ნაკლებს აიღებდა, მაშინ 2022 წელს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნებოდა-ალეკო ელისაშვილი

გამოგნებელი და აუხსნელი ამბავია, როცა მოლაპარაკების მაგიდაზე მართლმსაჯულების რეფორმირების საკითხი დევს, ამას ხელს ჰკრავ და მაგიდიდან იმ მოტივით გადააგდებ, რომ ვადამდელი არჩევნები გინდა, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას პარტია “მოქალაქეების” ალეკო ელისაშვილმა ლიდერმა განაცხადა.

ელისაშვილმა, რომელიც ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში მედიატორის ჩართულობით გამართული ხელისუფლებისა და მმართველი გუნდის გუშინდელი შეხვედრის მონაწილე იყო, გარკვეული საკითხები დააკონკრეტა, რაც დეპუტატის ინფორმაციით, მოლაპარაკების მაგიდაზე იყო წარმოდგენილი.

“მოლაპარაკების მაგიდაზე იდო პროკურატურის, მათ შორის მთავარი პროკურორის არჩევის, საპროკურორო საბჭოს დაკომპლექტების, სასამართლოს რეფორმირების საკითხი. როდესაც მაგიდაზე ისეთი ისტორიული საკითხი დევს, როგორიცაა სასამართლოსა და პროკურატურის რეალური რეფორმა და ამაზე უარს მხოლოდ იმიტომ ამბობ, რომ გინდა ან ვადამდელი არჩევნები ან პლებისციტი, ეს აუხსნელი და გამაოგნებელია. საუბარი იყო საპარლამენტო კომიტეტების თავმჯდომარის თანამდებობების განაწილებაზე, საარჩევნო რეფორმაზე. რა თქმა უნდა, იყო პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების საკითხი, თუმცა იყო სურვილი, რომ აღნიშნული საკითხი ამ მოლაპარაკებების მიღმა გასულიყო. “ქართული ოცნების” მხრიდან შემოთავაზებული იყო, რომ თუკი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში “ქართული ოცნება” 40%-ზე ნაკლებს აიღებდა, მაშინ 2022 წელს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნებოდა. ეს ყველაფერი ოპოზიციისთვის მიუღებელი აღმოჩნდა”, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა

დეპუტატის თქმით, გუშინდელ შეხვედრაზე საუბარი მხარეებს შორის კონსტრუქციულ რეჟიმში მიდიოდა, თუმცა თავად შედეგი დესტრუქციული იყო. ელისაშვილი იმასაც ამბობს, რომ ვადამდელი არჩევნების მოთხოვნამ თავისი თავი ამოწურა და ოპოზიციამ რეალობას თვალი უნდა გაუსწოროს.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება