fbpx

ორშაბათიდან ვიწყებთ მასობრივი ვაქცინაციის პროცესს-ირაკლი ღარიბაშვილი

ორშაბათიდან ვიწყებთ მასობრივი ვაქცინაციის პროცესს, თხოვნით მივმართავ მოსახლეობას, გამოვიჩინოთ სამოქალაქო პასუხისმგებლობა, რადგან ამ პროცესში ჩვენი მოქალაქეების აქტიურობა და ჩართულობა გადამწყვეტია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ჯანდაცვის სისტემა სრულად არის მობილიზებული, რათა ორშაბათიდან დაიწყოს მასობრივი ვაქცინაციის პროცესი.

„ქალბატონი ტიკარაძის ხელმძღვანელობით, მთელი სამინისტრო, ჯანდაცვის სისტემა არის სრულად მობილიზებული. ჩვენ გვქონდა ასევე შეხვედრა კერძო სექტორის წარმომადგენლებთან, კერძო კლინიკების ხელმძღვანელებთან და მათთან სრულ კოორდინაციაში ვართ, რათა ორშაბათიდან დავიწყოთ მასობრივი ვაქცინაციის პროცესი. ამ პროცესში ჩვენს მოქალაქეებს აქვთ განსაკუთრებული პასუხისმგებლობა. ჩვენი მთავრობის და პირადად ჩემი სახელით, მინდა თხოვნით მივმართო ჩვენს მოსახლეობას, გამოვიჩინოთ სამოქალაქო პასუხისმგებლობა, ისე როგორც ჩვენ პანდემიის დასაწყისში მოვიქეცით და ვაჩვენეთ მართლაც უმაღლესი პასუხისმგებლობის დონე. ახლა ამ პროცესში, ვაქცინაციის პროცესში არის გადამწყვეტი სწორედ ჩვენი მოქალაქეების აქტიურობა და ჩართულობა. ჩვენ ერთის მხრივ, უნდა დავიცვათ ჩვენი თავი და ჯანმრთელობა და მეორეს მხრივ, რა თქმა უნდა, ჩვენს გარშემო მყოფების მიმართ უნდა გამოვიჩინოთ სოლიდარობა. ჩვენი მშობლების, ოჯახის წევრების, ნათესავების, კოლეგების – ყველას მიმართ, ვინც ჩვენ გარშემო დგას. კიდევ ერთხელ მინდა თხოვნით მოგმართოთ, რომ ორშაბათიდან სრულად იქნება მზად მთელი სისტემა. რეგისტრაცია დაიწყება ხვალიდან. უკვე ორშაბათიდან, ჩვენ დავიწყებთ მთელი ქვეყნის მასშტაბით მასობრივ ვაქცინაციას. დაახლოებით 350 ბრიგადა, რომელიც არის დაკომპლექტებული ექიმებით, შესაბამისი აღჭურვილობით, მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიშლებიან და ჩვენ ამ პროცესს წარმატებით ვმართავთ. ჩვენი გათვლებით, დღეში, დაახლოებით, 20-დან 25 ათასამდე აცრა უნდა ჩავატაროთ, რომ თვეში მინიმუმ ნახევარი მილიონი ადამიანის აცრა განვახორციელოთ“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება