fbpx

ნედ პრაისის განცხადება იმის აღიარებაა, რომ ამერიკის ხელისუფლება საკუთარი ქვეყნისთვის სხვა დემოკრატიული პრინციპებით სარგებლობს, ხოლო ჩვენ – სხვას გვთავაზობს

„ნედ პრაისის დღევანდელი განცხადება იმის შესახებ, რომ „ხალხის ძალის“ მიერ წარდგენილი ახალი კანონპროექტი საქართველოში სიტყვის თავისუფლებას და დემოკრატიას უქმნის საფრთხეს, იმის აღიარებაა, რომ ამერიკის ხელისუფლება საკუთარი ქვეყნისთვის სხვა დემოკრატიული პრინციპებით სარგებლობს, ხოლო ჩვენ – სხვას გვთავაზობს“, – ამის შესახებ გადაცემაში „პოსტ ანალიტიკა“ მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა თამარ ჩიბურდანიძემ განაცხადა.

მისი თქმით, დასავლეთი ორმაგ სტანდარტებს იყენებს, როდესაც დემოკრატიულ პრინციპებს უგულებელყოფს და საქართველოსგან თამაშის სხვა წესების მიღებას მოითხოვს.

„სხვა დემოკრატიული პრინციპები არის ის, რაც გუშინ კუბილიუსმა ევროპიდან მესიჯად გამოგვიგზავნა, რომ თუ არ ვითამაშებთ მათი წესებით, კანდიდატის სტატუსს ვერ მივიღებთ. დღეს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმაც, ნედ პრაისმაც იგივე გვითხრა, რომ თუკი არ გავითვალისწინებთ მათ შეხედულებებს, ვერ მივიღებთ ევროატლანტიკური სივრცის წევრობას. ანუ, იმ დემოკრატიულ პრინციპებზე, რომლითაც სახელმწიფოს შენებისას გვინდა ვიხელმძღვანელოთ, გვეუბნებიან, რომ გვერდზე გადავდოთ და მათგან შეთავაზებული თამაშის ახალი წესები მივიღოთ, რომელიც ერთადერთ გზამდე მიდის – საქართველომ ქვეყნის მართვის ექსკლუზივი სხვა ქვეყანას ჩააბაროს. საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება სწორედ ამას არ აკეთებს. ვისურვებდი, რომ არცერთმა ქართულმა ხელისუფლებამ არ ჩააბაროს სხვა ქვეყანას მართვა“, – განაცხადა ჩიბურდანიძემ.

„ხალხის ძალის“ წევრის განმარტებით, მოძრაობის მიერ წარდგენილი კანონპროექტი, რომელმაც უკვე საერთაშორისო გამოხმაურება მოიპოვა და დასავლელი პოლიტიკოსების ნაწილის კრიტიკის ობიექტი გახდა, სწორედ აშშ-ის საკანონმდებლო სივრციდან არის აღებული და ქვეყნის უსაფრთხოების დაცვას გულისხმობს. ამიტომ, გასაკვირია უცხოელ პოლიტიკოსთა ნაწილის ის რეაქცია, რომელიც აღნიშნულმა კანონპროექტმა მიიღო. 

„ამერიკა არის სახელმწიფო, რომელმაც გათვალა და ეს კანონი –  „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“, 1938 წელს შეიმუშავა, მაშინ, როდესაც მსოფლიოში ფაშიზმი ჯერ კიდევ არ იყო გამეფებული, რითაც საკუთარი ქვეყნის უსაფრთხოება დაიცვა. რას გულისხმობს უსაფრთხოების დაცვა: უცხოეთიდან შემოდინებული თანხა კონკრეტულ მიზნებს ემსახურება – სიტყვის თავისუფლების გაძლიერებას, დემოკრატიული პრინციპების ჩამოყალიბებას, სამოქალაქო საზოგადოების გაზრდას და სხვ. მაგრამ, ამის უკან არის კიდევ კონკრეტული პოლიტიკური  მიზნები, რომლის შემსწრე უცხოეთიც და ჩვენც ვყოფილვართ. შესაბამისად, ამერიკა არის ქვეყანა, რომელიც ყველა წერტილს ქოლავს იმისთვის, რომ საკუთარი უსაფრთხოება დარტყმის ქვეშ არ დააყენოს. მაშინ რა ხდება, რატომ არის ჩვენთვის დემოკრატია სხვა ფერის, სხვა ნირის, სხვა რჯულის, განსხვავებით იმისგან, რაც თავად დასავლეთში ხორციელდება? ეს არის ის მწვავე კითხვები, რომელთაც „ხალხის ძალა“ ღიად სვამს და რომლებითაც ქართულ მოსახლეობას ესაუბრება“, – აღნიშნა თამარ ჩიბურდანიძემ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება