fbpx

ნანა კაკაბაძე – ბიძინა ივანიშვილის მიმართ შვეიცარიის ბანკის დამოკიდებულებამ ბევრი პოზიცია გააშიშვლა

ნანა კაკაბაძე – ბიძინა ივანიშვილის მიმართ შვეიცარიის ბანკის დამოკიდებულებამ ბევრი პოზიცია გააშიშვლა. რუსეთთან პირდაპირ ომში ჩაბმას თავს არიდებენ, აშშ-ც, ევროპის ქვეყნებიც და სხვებიც და რატომღაც ეს არავის უკვირს, ხოლო თუ საქართველოს ხელისუფლება მოიქცევა ასე, მაშინვე დაესევიან დასაკორტნად შინაური თუ გარეული ყვავ-ყორნები – წერს Facebook-ის გვერდზე არასამთავრობო ორგანიზაცია “ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის” თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე. მისი თქმით, ყველა ქვეყნის გონიერი ხელისუფლება სწორედ ასე უნდა იქცეოდეს და ცდილობდეს, წასაგებად განწირული ომი და სისხლისღვრა, თავის ხალხს, აარიდოს. “რას მოითხოვენ საქართველოსგან? ბიძინა ივანიშვილის მიმართ შვეიცარიის ბანკის დამოკიდებულებამ ბევრი პოზიცია გააშიშვლა. ხელისუფლების მომხრეებმა ამის უკან აშშ-ს პირდაპირი ზეწოლა და მუქარა დაინახეს – თუ საქართველოში რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტი არ გაიხსნება, ივანიშვილს ამ ბანკში არსებულ ნახევარ მილიარდიან ქონებას უბრალოდ წავართმევთო. (ბოლშევიკური მეთოდებით ადამიანების გაკულაკებებს ლიბერალები დღეს დემოკრატიას და ევროპულ ღირებულებებს არქმევენ) ხელისუფლების მოწინააღმდეგეებიდან ზოგმა თქვა, რა შუაშია აშშ, ეგ ივანიშვილს მხოლოდ ელანდება, მაგრამ მთავარი სტრატეგიული პარტნიორის მიმართ ასეთი ეჭვის გამოთქმაც კი ქვეყნის მტრობააო, ზოგმა კი პირდაპირ განაცხადა, დიახ, მთავარი სტრატეგიული მოკავშირე რასაც მოითხოვს, იმას როცა არ ასრულებ, ე. ი. რუსეთის მხარეზე ხარ და თუ დროზე არ მოვიშორეთ ეს ხელისუფლება, საქართველო დაიღუპებაო. მოკლედ, ყველა შემთხვევაში ეს ხელისუფლება მოსაშორებელიაო. ძალიან უცნაურად ლაგდება ყველაფერი. ერთის მხრივ, რადგან აშშ და მთელი დასავლეთი ცდილობს, რომ ყველა შემთხვევაში რუსეთი უკრაინასთან ომში უნდა დამარცხდეს და ამისთვის მატერიალურ-ტექნიკური, ფინანსური თუ იდეოლოგიური დახმარების კუთხით მაქსიმუმს აკეთებს, ბუნებრივია, რომ მის ინტერესებში შედის, თუ საქართველოში, მოლდოვაში ან სხვაგან რუსეთის წინააღმდეგ მეორე, მესამე და მეათე ფრონტები გაიხსნება. ამიტომ ლოგიკურია, რომ აშშ და მთელი დასავლეთი ამისკენ უბიძგებდეს საქართველოსაც და სხვა ქვეყანასაც, ხოლო ქართველი „ძალიან ვაჟკაცი“ და „ძალიან პატრიოტი“ პოლიტიკანები ხან შემოვლით და ხან უკვე პირდაპირაც მოითხოვენ, რომ საქართველომ გახსნას მეორე ფრონტი. ესენი სხვებს ეძახიან მონებს, არადა, სწორედ თვითონ ამჟღავნებენ მონურ ბუნებას, როდესაც ვაშინგტონის ცკ-დან წამოსულ რომელიმე მითითებაზე თუ ვინმე რაიმე კითხვის ნიშანს დასვამს ან საქართველოს ინტერესების შესაბამისობის პრიზმაში გაატარებს, მაშინვე ეცემიან დასაბულინგებლად, რუსეთუმის, მოღალატის, ნაძირალის, ბნელის და ათასგვარი სხვა სისაძაგლის იარლიყს მიაკერებენ და სისხლმოწყურებული ვამპირებივით დიდ სიამოვნებას იღებენ მათ იდეოლოგიურ ჩაქოლვასა და განადგურებაში. ეს სულით და ხორცით ბოლშევიკ-ფაშისტები თავის თავს ლიბერალებს ეძახიან. რაც შეეხება აშშ-ს და მთელ დასავლეთს, მათ მიმართ ერთ ძალიან ლოგიკურ კითხვა დავსვამთ, რომელიც ალბათ ჩვენი „ლიბერალებისთვის“ ძალიან გემრიელი „ჩასაქოლ-ჩასაქვესკნელებელი“ ლუკმა იქნება: თქვე დალოცვილებო, რადგან ასე ღიად და დაუფარავად აცხადებთ უკრაინაში რუსეთის დამარცხების გეგმებისა და მისწრაფებების შესახებ, რაკი რუსეთის დასამარცხებლად უკრაინისთვის პრაქტიკულად ყველანაირი შეიარაღების მიწოდებას აანონსებთ და ახორციელებთ კიდეც, რატომ თვითონ თქვენს ჯარისკაცებს არ აგზავნით რუსეთთან საომრად, რატომ პირდაპირ არ უცხადებთ ომს „ტერორისტ სახელმწიფოს“, ეს ხომ ბევრად უკეთესი, ეფექტური და გამარჯვების სწრაფად მომტანი საშუალება იქნებოდა, ვიდრე ის, რომ თქვენი ტექნოლოგიებისა და ფინანსების გამოყენებით საზარბაზნე ხორცად იყენებდეთ უკრაინელებს, ქართველებს და სხვა ერებს? თუ თქვენ პირდაპირ გამოუცხადებთ ომს რუსეთს, გარწმუნებთ, თქვენი ჩართულობით გაძლიერებულები, ჩვენც (და ალბათ სხვებიც) გაბედულად და ვაჟკაცურად ჩავებმებოდით ამ ომში, მაგრამ როდესაც თქვენ ცდილობთ, რომ ჩვენს ზურგს ამოეფაროთ, ჩვენ წინ გაგვრეკოთ და საზარბაზნე ხორცად გამოგვიყენოთ, რა თქმა უნდა, ასეთი პირობებით საქართველოს ხელისუფლებაც და ქართველი ხალხიც რუსეთთან ომში ჩაბმის წინააღმდეგი არის და იქნება. ყველა ქვეყნის გონიერი ხელისუფლება სწორედ ასე უნდა იქცეოდეს და ცდილობდეს, წასაგებად განწირული ომი და სისხლისღვრა, თავის ხალხს, აარიდოს. რუსეთთან პირდაპირ ომში ჩაბმას თავს არიდებენ, აშშ-ც, ევროპის ქვეყნებიც და სხვებიც და რატომღაც ეს არავის უკვირს, ხოლო თუ საქართველოს ხელისუფლება მოიქცევა ასე, მაშინვე დაესევიან დასაკორტნად შინაური თუ გარეული ყვავ-ყორნები” – წერს ნანა კაკაბაძე

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება