fbpx

ნანა კაკაბაძე: ბიძინა ივანიშვილი პირობას იძლევა, რომ საქართველო 2030 წელს ევროკავშირის წევრი გახდება და აქედან ის დასკვნა გამოიტანეს, ევროპას ზურგი აქციაო – ნაც.პარტიების და ნაც.ენჯეოების მრუდე სარკეში ყურების მიუხედავად, 29 აპრილი გარდამტეხი დღე იყო საქართველოს უახლეს ისტორიაში

არასამთავრობო ორგანიზაციის “ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის” თავმჯდომარე, ნანა კაკაბაძე, 29 აპრილს გამართულ საერთო-სახალხო შეკრებას სოციალურ ქსელში აფასებს და აღნიშნავს, რომ რადიკალური ოპოზიციის გეგმა ითვალისწინებდა აქციის და მისი მონაწილეების მაქსიმალურ დისკრედიტაციას ყველა შესაძლო მეთოდით.

მისი განცხადებით, ოპოზიციის მრუდე სარკეში ყურების მიუხედავად, სინამდვილეში, 29 აპრილი უმნიშვნელოვანესი და გარდამტეხი დღე იყო საქართველოს უახლეს ისტორიაში, და ამ აქციით, ხელისუფლებამ მტერს და მოყვარეს დაანახა, რომ ხალხი და ხელისუფლება ერთადაა.

“9 აპრილი- შეხმიანება, ანტისაბჭოთა, ეროვნულ მოძრაობის სათავეებთან
29 აპრილის საერთო-სახალხო შეკრების შეფასებისთვის სპეციალურად დავაყოვნე ერთი დღე, რათა მომესმინა და წამეკითხა ნაც-პოლიტიკოსების, ნაც-ენჯეოებისა და ნაც-ტელევიზიების შეფასებები იმ სარეკორდო ხალხმრავლობაზე, რომელიც ვნახეთ ამ დღეს რუსთაველის გამზირზე.
მათი ერთიანი გეგმა ითვალისწინებდა აქციის და მისი მონაწილეების მაქსიმალურ დისკრედიტაციას ყველა შესაძლო უწესო მეთოდით.
ვინაიდან იმთავითვე ცხადი გახდა, რომ ხელისუფლების მხარდამჭერთა რაოდენობა უპრეცედენტოდ დიდი იქნებოდა, აქციის მონაწილეთა დაკნინების მიზნით მთავარმა ოპო-ებმა აქცენტი გადაიტანეს მიტინგზე მხარდამჭერების ვითომდა მოტყუებით „მირეკვაზე“,ან მათთვის „ხახვისა და კარტოფილის დარიგებაზე“, „სოფლელობაზე“, “ბედკრული” საჯარო მოხელეების საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ გამოყვანაზე და ათას ისეთ სასაცილო სისულელეზე, რომლისაც თვითონვე არ სჯეროდათ.
ამ ნარატივის დამტკიცების მცდელობას მიეძღვნა მთელი საღამო – მიტინგის დაწყებამდეც, მიმდინარეობის დროსაც და დასრულების შემდეგაც. საწყალი ნაც-მედიის ჟურნალისტები მთელი ამ ხნის განმავლობაში უმტკიცებდნენ საკუთარ ზომბირებულ მაყურებლებს, რომ იმ წუთას ისინი უყურებდნენ მეორეხარისხოვანი მოქალაქეების „რუსულ მარშს“, დაოთხილი დაძრწოდნენ და ცდილობდნენ ჯერ დაწყებამდე ჩამოსული მოქალაქეებისთვის წამოეცდენინებინათ, რომ მათ არ იცოდნენ, თუ სად და რატომ „მიერეკებოდნენ“ უფროსები, შემდეგ აქციიდან კანტი-კუნტად გასული მონაწილეების ოდენობა წარმოეჩინათ გრანდიოზულად (ანუ „ქოცებს აქცია დაეშალათ“) და მათთვის ეთქმევინებინათ, რომ საერთოდ არ აინტერესებდათ აქცია და როგორც კი დრო იხელთეს, მაშინვე დატოვეს შეკრება.
აქციის შემდეგ კი მთავარი აქცენტი გადაიტანეს მათივე შექმნილ სიცრუეზე, რომ თურმე ბიძინა ივანიშვილის გამოსვლაში აშკარად გამოჩნდა მისი ანტიდასავლურობა და პრორუსულობა. კაცი პირობას იძლევა, რომ საქართველო 2030 წელს ევროკავშირის წევრი გახდება (ანუ, 6 წელში იმას მივაღწევთ, რასაც თურქეთი 25 წელი დღემდე ელოდებაო) და აქედან ის დასკვნა გამოიტანეს, ევროპას ზურგი აქციაო. განსაკუთრებით ჩაეჭიდნენ ბიძინას სიტყვებს იმის შესახებ, რომ გლობალური ომის პარტიამ თავისი პოლიტიკით 2008 წელს ჯერ საქართველო, ხოლო 2014 წლიდან დღემდე უკრაინა ჩააგდო რუსეთის ხახაში და ეს პრორუსული ნარატივიაო. კი მაგრამ, ტყუილია, რომ დასავლეთის წაქეზებით და წაქეზებულების მხრიდან რუსეთისათვის მუშტების ქნევით დღეს საქართველოს 20% ოკუპირებულია, ხოლო უკრაინას პროცენტულად ამაზე მეტი ტერიტორია უკვე ჩამაჭრეს და ამ სახელმწიფოს ნგრევა დღესაც გრძელდება?
ნაც-პარტიების, ნაც-ენჯეოების და ნაც-ტელევიზიების მრუდე სარკეში ყურების მიუხედავად, სინამდვილეში 29 აპრილი უმნიშვნელოვანესი და გარდამტეხი დღე იყო საქართველოს უახლეს ისტორიაში. შინაური და გარეული მტრები, მუდმივად რომ ამუნათებდნენ საქართველოს ხელისუფლებას, ჩვენ ვართ მხოლოდ ქართველი ხალხი და მხოლოდ ჩვენ გამოვხატავთ მათ პოზიციასო, დღეს სწორედ ხალხმა გასცა პასუხი უპირველესად „დაუძინებელ მეგობრებს“, კიდევ ერთხელ მისცა ლეგიტიმაცია ხელისუფლების ნაბიჯებს და დაანახვა მათ, რომ საქართველოს ხელისუფლების ძალაუფლების წყარო ნამდვილად არის ქართველი ხალხი. მიშას ხელისუფლების დროს თუ მხოლოდ ნაცების ოპოზიციაში მყოფები კრეფდნენ შთამბეჭდავად მრავალრიცხოვან მხარდამჭერებს, დღეს მხოლოდ “ქართული ოცნება” ახერხებს ასეთი შთამბეჭდავი მასშტაბის აქციების ორგანიზებას საკუთარი მომხრეების მობილიზებით. ამჯერად თავს შევიკავებ აქციაში მონაწილეთა თუნდაც მიახლოებითი რაოდენობის დასახელებისგან, მაგრამ ყველა ობიექტური ადამიანი თანხმდება, რომ ეს ოდენობა მინიმუმ ხუთჯერ აღემატებოდა “ნაცების” და მათი ანასხლეტების მომიტინგეთა ოდენობას.
თან ეს ყველაფერი ხდებოდა იმ ბულინგის ფონზე, რომელსაც ნაც-ტელევიზიები, პარტიები და მათი პატრონები ოკეანის გაღმა-გამოღმა აწარმოებდნენ.
ამ მიტინგმა ფაქტობრივად ოქტომბრის არჩევნების ხელოვნურად გაყალბებულად გამოცხადებისგანაც დაიცვა ოცნება, ვინაიდან მომავალი საერთაშორისო დამკვირვებლებისთვისაც უხერხული იქნება ისეთი ტყუილის თქმა, რომელიც დღევანდელი რეალობისგან შორს იქნება.
ეს იყო ძალის დემონსტრირება რომელიც შედგა და რომელშიც ოცნებამ ოპოზიცია და გარე აქტორები 10:0-ზე დაამარცხა. დადო ბეჭებზე.
გამაოგნებლად შთამბეჭდავი იყო აქციის არა მარტო რაოდენობა, არამედ ორგანიზებულობა და თვითორგანიზებულობაც იყო უმაღლეს დონეზე. 29 აპრილის აქციით, ხელისუფლებამ მტერს და მოყვარეს დაანახა, რომ ხალხი და ხელისუფლება ერთადაა.
შეკრების დომინანტად „მამული, ენა, სარწმუნოების“ ქცევამ გაგვახსენა, ანტისაბჭოთა, ეროვნული მოძრაობის სათავეებთან შეხმიანებასაც.” – წერს ნანა კაკაბაძე.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება