fbpx

მიხეილ ყაველაშვილი: მაქსიმალურად ვუგულშემატკივროთ საქართველოს ნაკრებს, უფრო მეტად, ვიდრე 26 მარტს – ეს მათ შეუძლებელს შეაძლებინებს და საქართველოს ძლიერ მეტოქეზე გამარჯვების შანსი მხოლოდ ასე ექნება „ასრულდა მრავალი თაობის ოცნება

დღეს ჩვენი საფეხბურთო ნაკრები ღირსეულად არის წარმოდგენილი ევროპის ჩემპიონატზე.“ – ამის შესახებ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას „ხალხის ძალის“ პოლიტიკურმა მდივანმა, დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, 26 ივნისს უფრო მეტად უნდა ვუგულშემატკივროთ საქართველოს ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე, ვიდრე ეს 26 მარტს ხდებოდა. „მართლაც, განსაკუთრებული სიამაყეა ამ ფაქტის შეგრძნება. დღეს ყველა საუბრობს, დაწყებული ბავშვებით, დამთავრებული – ჩვენი მშობლების თაობით. მართლაც, ენით აღუწერელია იმ სიხარულისა და ბედნიერების განცდა, რაც თითოეულ ჩვენგანს ამ დღეებმა აჩუქა. დიახ, სწორედ ეს ძალა აქვს ფეხბურთს, რომლის საშუალებით ეს ბედნიერი დღეები ჯერ კიდევ გრძელდება და რა თქმა უნდა, ამ ყველაფრის შემოქმედები არიან, პირველ რიგში, ჩვენი საამაყო ბიჭები, რომლებიც აგრძელებენ ბრძოლას გამარჯვებისთვის. დიდი მადლობა მათ თავდადებას, ასევე, მათ მწვრთნელებს, ჩვენ საამაყო კოლეგას, ლევან კობიაშვილს და მის გუნდს, ვინც ამ სიხარულის დადგომაში დიდი წვლილი შეიტანა. დიახ, მეგობრებო, საქართველოს გამარჯვება გრძელდება. ფეხბურთი იყო ბოლო აკორდი იმ გუნდური სპორტის სახეობებიდან, რომელსაც არ ჰქონდა დიდ ტურნირზე თამაშის ბედნიერება და ეს დღეც დადგა. დიახ, ბოლო წლებში სპორტის ბევრ სახეობაში ჩვენი სპორტსმენები ხშირად იმარჯვებენ და ეს მხოლოდ დასაწყისია. მერწმუნეთ, ქვეყნის სტაბილური განვითარება უზრუნველყოფდა ამ წარმატებებს და მომავალშიც უფრო მეტ წარმატებებს უნდა ველოდოთ. დიახ, 26 ივნისს, ხვალინდელ შეხვედრაში, ჩვენს ბიჭებს სჭირდებათ გამარჯვება, ძალიან ძლიერ მეტოქესთან, ერთ-ერთ ფავორიტთან ევროპის ჩემპიონატზე. ვინ ითამაშებს და როგორ უნდა ითამაშონ, ეს საკითხი მივანდოთ პროფესიონალებს. მიუხედავად ზოგიერთების მავნებლური დამოკიდებულებისა, მაგალითად, პრეზიდენტის, რომელმაც ამ ერთიანი გუნდის დაყოფა განიზრახა. ასევე, ზოგიერთი რადიკალი ოპოზიციონერი და ენჯეო აქტივისტის, რომელიც ცდილობდა და ახლაც აგრძელებს განხეთქილების შეტანას ფეხბურთელებსა და მათ ხელმძღვანელობას შორის. დარწმუნებული ვარ, ყველა მაქსიმუმს გაიღებს საკუთარი დავალების შესასრულებლად, ამაში ეჭვის შეტანა, უბრალოდ, წარმოუდგენელია. გავეცანი რამდენიმე ჩვენი ფეხბურთელის კომენტარებს. ისინი ერთხმად აღნიშნავენ გულშემატკივრობის განსაკუთრებულ როლს, რომელიც მათ შეუძლებელს აკეთებინებს და ამ ფაქტს ყველაზე კარგად 26 მარტი ასახავს. ახლაც, მივმართავ საქართველოს: მეც თავად მაქვს განცდილი, თუ რა ძალა აქვს გულწრფელ და გულმხურვალე გულშემატკივრობას – წარმოუდგენელ ენერგიას გმატებს, ამიტომ, მოგმართავთ ყველას, ვინც გერმანიაში სტადიონზე იქნებით და ასევე, აქ, საქართველოში მყოფ ადამიანებს – დავუდგეთ მაქსიმალურად გვერდში ბიჭებს, უფრო მეტად, ვიდრე 26 მარტს. ჩვენი ერთიანობითა და სამშობლოს სიყვარულით, ეს დიდი მოზღვავებული ენერგია, მერწმუნეთ, მათ შეუძლებელს შეაძლებინებს და საქართველოს მხოლოდ ასე ექნება შანსი ძლიერ მეტოქეზე გამარჯვების.“ – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება