„თუნდაც ერთი ინიციატივა რომ განეხილა საქართველოს მთავრობას, რასაც პრეზიდენტი მოუწოდებდა, რა იქნებოდა დღეს საქართველოში? იქნებოდა თუ არა უკრაინიზაცია და იქნებოდა თუ არა საქართველო ომში?!“ – განაცხადა მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა მიხეილ ყაველაშვილმა მედიასთან საქართველოს პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლის შეფასებისას.
მისივე თქმით, საჭიროა ზემოხსენებული კითხვა საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ თავის თავს დაუსვას და პასუხის მიხედვით გააკეთოს არჩევანი.
„ხალხის ძალას“ კიდევ ერთხელ უნდა ვუთხრათ მადლობა, რომ პროცესები, რომელიც დაიწყო, ჩვენ წინასწარ გვქონდა არაერთხელ გაჟღერებული.
ხუმრობით ვიტყვი, რომ ჩვენ შეგვეძლო წინსწრებით დაგვეწერა მისი სიტყვა, რადგან ვიცოდით რასაც იტყოდა პრეზიდენტი, რომელიც დიდი ხნის გადასულია რადიკალურ ფრთაზე.
მე მინდა ჩვენს საზოგადოებას, რომელსაც საკმაოდ დიდი გამოცდილება დაუგროვდა, კიდევ ერთხელ მოვუწოდო, იყვნენ ფხიზლად.
ერთიან ფრონტს, რომელსაც დღეს ზურაბიშვილმა პლატფორმა დაარქვა, თავის ფანჩატურში უხმო, თითქოს რაღაც ახალი ძალა იქმნებოდეს, არადა ერთი და იგივე სახეებია. სხვათა შორის, მივესალმები ამ გაერთიანებას, რათა ერთხელ და სამუდამოდ დაინახოს ქართველმა საზოგადოებამ, ვინ არის ამ ქვეყნის ნამდვილი ჯაშუში და მტერი. თუ დავუკვირდებით ზურაბიშვილის გამოსვლას, რაზე ისაუბრა და რა აქცენტები გააკეთა, მარტივად მიხვდება ადამიანი.
სოზარ სუბარმა თავის გამოსვლაში კითხა, თუ რას მოუწოდებდა და რატომ ახსენა ოჩამჩირეში რაღაც ბაზის დაგეგმილი მშენებლობა, ასევე, სანქციებთან დაკავშირებული, თითქოსდა რუსეთთან კონფრონტაციის თემა, რაც არის სპეციალურად შემოტანილი საკითხი.
ჩვენ არაერთხელ აღგვინიშნავს, რომ ომში, რომელსაც ვერავინ ვერ აჩერებს, უკრაინა მძიმე მდგომარეობაშია. დღეს კი ზურაბიშვილმა თქვა, რომ უკრაინა ვერ გატეხესო. ვის უნდა ეს რეალობა? მათ სურთ ეს რეალობა.
მოგვიწოდებდა და გვამუნათებდა, როგორ ჩამოვრჩით უკრაინასო, როგორი დამთხვევაა მაკფოლის სიტყვებსა და პრეზიდენტის სიტყვებს შორის, თითქოს ჩამორჩენილები ვართ უკრაინას.
რეალობა, რომელიც დღეს არის უნდა შეაფასონ საქართველოს მოქალაქეებმა, რადგან ეს ყოველივე აუცილებლად გასათვალისწინებელია.
ერთი კითხვა მაქვს საქართველოს საზოგადოებისა და მოქალაქეების მიმართ – თუნდაც ერთი ინიციატივა რომ განეხილა საქართველოს მთავრობას, რასაც პრეზიდენტი მოუწოდებდა, რა იქნებოდა დღეს საქართველოში? იქნებოდა თუ არა უკრაინიზაცია და იქნებოდა თუ არა საქართველო ომში? ეს კითხვა უნდა დაუსვას თითოეულმა მოქალაქემ თავისთავს და ამის მიხედვით გააკეთოს არჩევანი.“ – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.