fbpx

მიხეილ ყაველაშვილი: ვიღაცა არახამიას ნებაზე უნდა იყოს დამოკიდებული, საქართველო გახდება თუ არა ევროკავშირის წევრი? ამას უნდა დავუხაროთ თავი? ეს შეურაცხმყოფელია!

„რაც შეეხება დავით არახამიას, ვინ არის საერთოდ ეს პერსონა, რა ესაქმება ჩვენს საქმეებთან ამ ადამიანს? ერთადერთი, გვარი აქვს ქართული, დანარჩენი, წესით, არანაირი შეხება არ უნდა ჰქონდეს ჩვენ სახელმწიფოსთან“, – ამის შესახებ გადაცემა „პოლიტიკურ პოსტში“ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, არახამიას დამოკიდებულება საქართველოს ხელისუფლების მიმართ შეურაცხმყოფელია და ამას ოპოზიციის წევრებიც არ უნდა ეგუებოდნენ.

„არახამია არის დანაშაულებრივი შუალედური რგოლი საქართველოს წინა ხელისუფლებასა და უკრაინის არსებულ ხელისუფლებას შორის. სხვა დამოკიდებულებას უკრაინის ხელისუფლებისგან ვერ ვხედავ, რომლებმაც გაუგებარი რაღაცები ჩაიდინეს და რომ არა ჩვენი ძალისხმევა და ქართველი ხალხის მტკიცე პოზიცია, დღეს, აქ, რა თქმა უნდა, მეორე ფრონტი იქნებოდა.

მოვუსმინე არახამიას ინტერვიუს. თითქოს, მიხვდა, რომ ქართველი ხალხი სხვა პოზიციაზეა და ახლა უარყოფა დაიწყო – ვის უნდოდა ომიო. მისი კოლეგები ითხოვდნენ!

ვინ არის არახამია, რომ საქართველოში ერთ-ერთ არხზე ზის და გვესაუბრება, რომ თუ ნიკა გვარამია გათავისუფლდება, დაელაპარაკება პრეზიდენტ ზელენსკის და ის საქართველოში უკრაინის ელჩს გამოაგზავნის – ეს რა დამოკიდებულებაა? ასეთი ურთიერთობა გვინდა? ამით უნდათ ევროკავშირთან დაგვაკავშირონ? ეს არის ჯანსაღი პროცესი? ვიღაცა არახამიას ნებაზე უნდა იყოს დამოკიდებული, საქართველო გახდება თუ არა ევროკავშირის წევრი? ამას უნდა დავუხაროთ თავი და ეს უნდა შევირგოთ? ეს შეურაცხმყოფელია! იქით მხარეს ვინც არიან, ხელისუფლების მოწინააღმდეგეები – არც ერთს არ აქვთ ღირსება?! თუ მართლა იმ კრიმინალური ჯგუფის გულშემატკივრები არ არიან, როგორ არ უნდა შეწუხდნენ, რომ ეს ვიგინდარა საქართველოს ხელისუფლებას ასე ესაუბრება!

არახამია მადლიერებას გამოხატავს ქართველი ხალხის მიმართ და ხელისუფლებას ამუნათებს, თითქოს, საქართველოს ხელისუფლებას უკრაინელი დევნილებისთვის არაფერი გაუკეთებია. ეს ჩვენი ბუნებაა, ქართველი ადამიანის და ამას ხვალაც გავაკეთებთ, მით უმეტეს, რომ ხელისუფლება ამაში პირველი მოქმედი პირია. ეს იგივე გზავნილია, რასაც ზოგიერთი ევროპარლამენტარი და ამერიკის საელჩო აკეთებს – ხალხს და ხელისუფლებას რომ მიჯნავენ. ამას უნდა ვებრძოლოთ. ეს პრობლემაა.“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება