fbpx

მას არანაირი ემოციური ბმა ჩვენს კონსტიტუციასთან არ აქვს – შეუძლია, ერთი ხელის აკვრით გვერდზე გადააგდოს კონსტიტუცია და იმოქმედოს ისე, როგორც მისი სურვილები კარნახობს

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციას ეხმიანება, რომლის თანახმად, პრეზიდენტს პარიზში, „მშვიდობის ფორუმზე“ დასასწრებად, მთავრობისთვის თანხმობა არ მოუთხოვია.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში აღნიშნა, სალომე ზურაბიშვილი მოქმედებს ისე, როგორც მისი სურვილები კარნახობს.

„სამწუხაროდ, სალომე ზურაბიშვილმა კიდევ ერთხელ არ გაიზიარა ჩვენი რჩევა, რომ არ გახსნას კონსტიტუციის დარღვევის პანდორას ყუთი. მეორე მხრივ, ქართველმა ხალხმა თავისი სიტყვა უკვე თქვა 18 ოქტომბერს, როდესაც იმპიჩმენტის საკითხი იყო პარლამენტში. ერთადერთი მიზეზი, რატომაც სალომე ზურაბიშვილი თანამდებობაზეა, ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერა.

სალომე ზურაბიშვილი პირველი არის ასეთ თანამდებობაზე, რომელიც ასე ღიად, უხეშად, არაფრად ჩაგდებით ეპყრობა ქართულ კონსტიტუციას. ჩანს, რომ მას არანაირი ემოციური ბმა ჩვენს კონსტიტუციასთან არ აქვს. მას შეუძლია, ერთი ხელის აკვრით გვერდზე გადააგდოს კონსტიტუცია და იმოქმედოს ისე, როგორც მისი სურვილები კარნახობს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ,,პარიზის მშვიდობის ფორუმში“ მონაწილეობის მისაღებად საფრანგეთში გაემგზავრა, რომელიც 10-11 ნოემბერს გაიმართება.

18 ოქტომბერს, პარლამენტში პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი ჩავარდა. სალომე ზურაბიშვილის თანამდებობიდან გადაყენებას 86-მა დეპუტატმა მისცა ხმა, ხოლო ერთი წინააღმდეგ წავიდა. კენჭისყრა ფარული წესით ჩატარდა. პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის 100 დეპუტატის ხმა იყო საჭირო. რეგისტრაცია კი 90-მა დეპუტატმა გაიარა.

საქართველოს პრეზიდენტმა კონსტიტუცია დაარღვია – ეს გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის საიმპიჩმენტო წარდგინებასთან დაკავშირებით 2023 წლის 16 ოქტომბერს გამოაცხადა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება