fbpx

მამუკა მდინარაძე: ბიძინა ივანიშვილი სანქცირებულია, ორი მილიარდი დოლარი რომ გაუჩერეს შვეიცარიის ბანკში, მეტი სანქცია რა უნდა იყოს? ის არის კაცი, რომელმაც თავი გაწირა თავისი ქვეყნისათვის პირდაპირი გაგებით, არ შანტაჟდება ფულით

კრიტიკა გინდათ? გააკრიტიკეთ [ბიძინა ივანიშვილი]. იმ კაცს არ უკვირს კრიტიკა, ისეთ სიბინძურეებს კადრებთ, რომ შევეჩვიეთ ჩვენ ყველა ერთად და იმუნიტეტი გვაქვს თითოეულ ჩვენგანს ამასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით – ბიძინა ივანიშვილს. ბატონი ბიძინა არის კაცი, რომელიც ვერ მოინელეთ ვერასდროს. ახლა გადახვედით შვილზე და შეკვეთილ სტატიებზე, – ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე, ბრიტანულ გამოცემა “Daily Mail”-ში “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის და მისი შვილის, ბერა ივანიშვილის შესახებ დაწერილ სტატიას, სადაც აღნიშნულია, რომ ბრაზილიაში ბერა ივანიშვილი ამზადებს პირობებს იმ შემთხვევისთვის, თუ “ქართული ოცნების” დამფუძნებელს სანქციები დაუწესდება.

მდინარაძის განმარტებით, ბიძინა ივანიშვილის მიმართ უკვე მოქმედებს სანქციები, რისი მაგალითიც შვეიცარიის ბანკში გაჩერებული ორი მილიარდი დოლარია. მისივე თქმით, ივანიშვილი, რომელმაც საკუთარი ქვეყნისთვის თავი გასწირა, ფულით არ შანტაჟდება.

„სანქცირებულია, მეტი რა უნდა დაასანქცირონ, ორი მილიარდი დოლარი რომ გაუჩერეს შვეიცარიის ბანკში, მეტი სანქცია რა უნდა იყოს? – სანქცია, მგონი თქვენ გგონიათ, რომ უნდა ესროლონ ადამიანს თოფი. ადვოკატებმა ილაპარაკეს, თავად ბატონმა ბიძინამ ილაპარაკა. აბსოლუტური სისულელე და კლასიკური შეკვეთილი სტატიაა იმასთან დაკავშირებით, არამხოლოდ როგორ შეუტიონ ბიძინა ივანიშვილს, არამედ, მისი ოჯახის წევრებს, სად წავა ბერა ივანიშვილი, რა “დეილი მეილის” რომელიმე ჟურნალისტის საქმეა, ან რა თქვენი საქმეა ან რა შემკვეთის საქმეა, ასიათასობით დოლარს რომ იხდიან თითო სტატიაში და თან, მერე ქვეყნდება FARA-ზე ეს ყველაფერი. მიდის „ნაცმოძრაობიდან“ და მათი პატრონებისგან ეს შეკვეთები და გაჩერდნენ. დაანებეთ შვილებზე ბულინგს ხალხო თავი. რა კითხვაა, ბერა ივანიშვილი რატომ ცხოვრობს ბრაზილიაში? – ვინ გეკითხებათ, რატომ ცხოვრობს და რა დასკვნების გამოტანის საფუძველს გაძლევთ ეს. [ბიძინა ივანიშვილი] სანქცირებულია უკვე, უფრო ვეღარ დაასანქცირებენ. ვინმემ მისწერა ივანიშვილების ოჯახიდან, რომ ბრაზილიაში გადარიცხეთ ეგ თანხა თუ უკან დამიბრუნებთო, შვეიცარიის ბანკს, რომელიც ჩამოამხვეს მხოლოდ იმის გამო, რომ ბიძინა ივანიშვილი დაეშანტაჟებინათ? არ შანტაჟდება ეს კაცი. არის კაცი, რომელმაც თავი გაწირა თავისი ქვეყნისათვის პირდაპირი გაგებით, არ შანტაჟდება ამ ფულით და დაანებეთ თავი.“ – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება