fbpx

ლერი ბარნაბიშვილი: ცენტრალური ხელისუფლება მზადაა და მობილიზებულია, არცერთი მოქალაქე არ დარჩება გვერდში დგომისა და დახმარების გარეშე

მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი 6 თებერვალს იმერეთის რეგიონში მოსული სტიქიის შედეგად მიყენებულ ზიანს ადგილზე გაეცნო.

ლერი ბარნაბიშვილის თქმით, მერიისა და სხვა შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები სტიქიის ზონებში საგანგებო რეჟიმში მუშაობენ, მიმდინარეობს ზარალის დათვლა. სტიქიის შედეგად მიყენებული ზიანის სალიკვიდაციო პროცესებში ჩართულია მძიმე ტექნიკა და ცოცხალი ძალა, ჩართულია აგრეთვე ინფრასტრუქტურის სამინისტრო და საავტომობილო გზების დეპარტამენტი. ბარნაბიშვილის განცხადებით, ახლაც მიმდინარეობს გზების თოვლის საფარისგან გაწმენდა, რამდენიმე სოფელი რაჭასა და მაღალმთიან აჭარაში მოწყვეტილია ცენტრს. იწმინდება სოფლებთან მისასვლელი გზები, პარალელურად ხდება ელექტრო ენერგიის მიწოდების აღდგენა. ასევე გრძელდება სამუშაოები სტიქიით მიყენებული ზიანის აღმოსაფხვრელად.

განცხადება ლერი ბარნაბიშვილმა ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ოფჩაში გააკეთა, სადაც იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულთან ზვიად შალამბერიძესთან და მუნიციპალიტეტის მერთან ერთად სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახები მოინახულა.

მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის განცხადებით, ძლიერმა ქარმა და წვიმამ ბაღდათის მუნიციპალიტეტს და იმერეთის რეგიონის სხვა მუნიციპალიტეტებს პრობლემები შეუქმნა. ძლიერი ქარის შედეგად მოგლეჯილი იყო ხეები, დაზიანდა ელექტრო ენერგიის გადამცემი ხაზები. ბოლო მონაცემებით რეგიონში დაზიანებულია 600- ზე მეტი სახლი, სკოლები და საბავშვო ბაღები.

“6 თებერვალს განვითარებულმა სტიქიურმა მოვლენებმა, დასავლეთ საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში ზიანი მიაყენა მოსახლეობას, ინფრასტრუქტურას. სამწუხაროდ მაღალმთიან აჭარაში არის მსხვერპლი, დაღუპულია ორი ადამიანი და მინდა მივუსამძიმრო მათ ოჯახებს. ამ მონაცემებით სხვა რეგიონში მსხვერპლი არ გვაქვს.

ახლა ჩვენ ვიმყოფებით იმერეთში, სადაც ბოლო მონაცემებით დაზიანებულია 600- ზე მეტი სახლი, სკოლები საბავშვო ბაღები.
სტიქია განვითარდა ძირითადად ქარის, დიდთოვლობის და ძლიერი წვიმის სახით. რამაც წყალდიდობები გამოიწვია.
ზარალი გვაქვს ასევე რაჭა- ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში, სამეგრელოში, შიდა ქართლში, მცხეთა-მთიანეთში და მაღალმთიან აჭარაში.
სტიქიის დაწყების პირველი წუთებიდან ადგილობრივი ხელისუფლება კოორდინაციაში იყო ცენტრალურ ხელისუფლებასთან, საქმის კურსშია ყველა სამინისტრო. ხდებოდა დახმარება ტექნიკით და ცოცხალი ძალით, ჩართული იყო სამაშველო სამსახურები, ჩართული იყო აგრეთვე ინფრასტრუქტურის სამინისტრო და საგზაო დეპარტამენტი. ახლაც მიმდინარეობს გზების თოვლის საფარისგან გაწმენდა. რამდენიმე სოფელი რაჭასა და მაღალმთიან აჭარაში მოწყვეტილია ცენტრს. ხდება გზის გაწმენდა როგორც სოფლებთან მისასვლელი გზების, ასევე პარალელურად ხდება ელექტრო ენერგიის მიწოდების აღდგენა. ასევე გრძელდება სამუშაოები სტიქიით მიყენებული ზიანის აღმოსაფხვრელად.
რაც შეეხება ზარალის მოცულობას, ყველა დასახლებულ პუნქტში და ყველა ლოკაციაზე ვერ ხდება მისვლა. შესაბამისად ჩვენ გვაქვს პირველადი მონაცემები, შესაბამისად მუნიციპალიტეტები ითვლიან ზარალის ოდენობას და მასშტაბებს. რაც შეეხება მოსახლეობის დახმარებას ,მინდა გითხრათ რომ ცენტრალური ხელისუფლება მზადაა და მობილიზებულია. არცერთი მოქალაქე არ დარჩება გვერდში დგომისა და დახმარების გარეშე,-“განაცხადა ლერი ბარნაბიშვილმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება