ლევილის ქართველთა მამულში წარმატებით დასრულდა ნამეტია გოგუაძის საცხოვრისის (ამჟამად ე. წ. გუშაგის სახლი) სახურავის რეაბილიტაცია, ახალი კრამიტით გადახურვა და სახურავის აღდგენა ისტორიული სახით, ამავე კომპლექსის ფასადის რეაბილიტაცია და სასერვეროს, საწყობის, ადმინისტრატორის ოფისის სარემონტო სამუშაოები.
გარდა ამისა, რეაბილიტაცია ჩაუტარდა მამულის ტერიტორიაზე მდებარე კიდევ რამდენიმე შენობას და მოეწყო ექვსი სტუდიის ტიპის საცხოვრებელი, რომლებიც გამოყენებული იქნება სახელოვნებო რეზიდენციებისთვის. პარალელურად მიმდინარეობს და წელს დასრულდება მამულის ქვის გალავნის რეაბილიტაცია-რესტავრაცია.
გარდა ამისა, ახლახან დასრულდა შატოს, ბიბლიოთეკისა და პოლკოვნიკ წერეთლის საცხოვრებელი სახლის აზბესტისგან გაწმენდა. საყურადღებოა, რომ ამ სამუშაოს დაწყებამდე ჩატარდა ლევილის მამულის შენობა-ნაგებობების დიაგნოსტიკა აზბესტის შემცველობის დასადგენად, ვინაიდან საფრანგეთის კანონმდებლობა ითვალისწინებს ასეთ შემოწმებას ნებისმიერი მშენებლობისა თუ რეაბილიტაციის დაწყებამდე.
ამასთანავე, გრძელდება გალავნის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი, რომელიც წლის ბოლოს დასრულდება.
ინფორმაციისთვის: საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის მიერ საფრანგეთში შეძენილი ლევილის მამული 2016 წელს, 25-წლიანი მოლაპარაკებების შემდეგ, დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ გელა დუმბაძისა და იუსტიციის მაშინდელი მინისტრის, თეა წულუკიანის, ძალისხმევის შედეგად საქართველოს დაუბრუნდა. 2021 წლის ზაფხულში პროექტი, სახელწოდებით „პირველი რესპუბლიკის ისტორიული და კულტურული ქართულ-ფრანგული მემორიალური ცენტრის, ლევილის ქართული აკადემიის შექმნა“, გადაეცა ახალშექმნილ უწყებას – საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს.
აღსანიშნავია, რომ მამულის სამინისტროსთვის გადმოცემის შემდეგ მინისტრ თეა წულუკიანის ხელმძღვანელობით პარიზში, ლევილსა და თბილისში მამულის მმართველი კომიტეტის რამდენიმე სხდომა გაიმართა, რომლებზეც ერთხმად მიიღეს მამულის რეაბილიტაციის პროექტთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები.
შედეგად დაიწყო და აქტიურად მიმდინარეობს ლევილის მამულის აღდგენა. 2022-2023 წლებში ჩატარდა გალავნის, „გუშაგის სახლისა“ და პარკის პირველი ეტაპის სარეაბილიტაციო სამუშაოები. წარმატებით დასრულდა მამულის ისტორიული გალავნის კონსერვაცია. ნოემბერში მამულში იგეგმება სხვადასხვა მცენარის ნერგებისა და ვარდების დარგვა.
2022 წლის სექტემბერში კულტურის სამინისტრომ დაიწყო ლევილის მამულის მწვანე საფრის მოწესრიგება და სანიტარული ჭრა, რაც მამულში 30 წლის მანძილზე არ გაკეთებულა. მცენარეთა თავისებურებებიდან გამომდინარე, მამულის პარკში სამუშაოები რამდენიმე ეტაპად ჩატარდა და 2022 წლის დეკემბერში დამთავრდა. ამასთანავე, კულტურის სამინისტროს კონსულტანტმა ლევილის მამულის პარკის რეაბილიტაციისა და კეთილმოწყობის საკითხებში, ვერსალის სამეფო ბაღის ყოფილმა ხელმძღვანელმა და ვერსალის მუნიციპალიტეტის დიდი პარკის კომუნათა გაერთიანების სერვისების გენერალურმა დირექტორმა მანუელ პლუვინაჟმა პარკის განვითარების კონცეფციაში სათანადოდ წარმოსაჩენად სრულად აღნუსხა მამულის ხეხილი.
2022 წელს კულტურის სამინისტროს თანამშრომლებმა ლევილის მამულში ინვენტარიზაციის პროცესი დაასრულეს. შატოს სხვენში წლების განმავლობაში ჩადიოდა წყალი, რაც აზიანებდა სხვენსა და მთელ შატოს, ამიტომ შენობის რეაბილიტაციის დაწყებამდე, 2021 წელსა და 2022 წლის ნოემბერში, სამინისტროს ძალისხმევით შეკეთდა სხვენის სახურავი.
2026 წლის სექტემბრამდე მამულის ტერიტორიაზე მოეწყობა ლევილის ქართული აკადემია, სამუზეუმო და საარქივო სივრცე, ბიბლიოთეკა, საკონფერენციო დარბაზი, მედიათეკა და ქართული კუთხე (ქართული ოდა, ვენახი, ქვევრი და ქართული ღვინის პოპულარიზაციისთვის აუცილებელი კომპონენტები).