fbpx

კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით ეროვნულ მუზეუმში გაიხსნა არსენ ფოჩხუას 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენა „დიდოსტატი არსენ ფოჩხუა“

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით საქართველოს ეროვნული მუზეუმის სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში გაიხსნა არსენ ფოჩხუას 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენა „დიდოსტატი არსენ ფოჩხუა“. გამოფენასთან ერთად გაიმართა საიუბილეო წიგნ-ალბომის პრეზენტაცია. ღონისძიებას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი, საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი ზაზა ლომინაძე, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე, სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის დირექტორის პირველი მოადგილე ნიკა ახალბედაშვილი, საქართველოს მწერალთა სახლის დირექტორი ქეთევან დუმბაძე, არსენ ფოჩხუას ოჯახის წევრები და სხვა მიწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

გამოფენის გამართვის იდეა 2022 წელს კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის, არსენ ფოჩხუას ოჯახში სტუმრობისას გაჩნდა. არსენ ფოჩხუას ქვრივის სურვილით მინისტრი ქუთაისში ხელოვანის ოჯახს ეწვია და მისი ნამუშევრები დაათვალიერა. შეხვედრისას ქალბატონმა ლია ქურციკიძემ თავისი მეუღლის ნამუშევრების გამოფენის სურვილი გამოხატა. კულტურის მინისტრმა ქალბატონ ლიას გამოფენის მოწყობაში დახმარება აღუთქვა და აღნიშნა, რომ მხატვრის საიუბილეო წელს მოეწყობოდა ექსპოზიცია და მომზადდებოდა კატალოგი.

გამოფენისთვის ნამუშევრები თემატურად შეირჩა. საექსპოზიციოდ წარმოდგენილია გულსაკიდები, გულსაბნევები, მძივები, როგორც მამონტის ეშვზე, ისე კოლხურ ბზაზე ამოწვის ტექნიკით შესრულებული ნამუშევრები, ქართული ორნამენტით ნაკვეთი ბროლის ლარნაკები, ლანგრები, კოლხური ბზისგან გაკეთებული ჭვირული ლარნაკები, დეკორატიული დანები. ასევე გამოიფინება გამოჩენილი ადამიანების პორტრეტები, დასურათებული „ვეფხისტყაოსანი“, ქართველი მეფეებისა და ისტორიული მოღვაწეების პორტრეტები და სხვა თემატური ნამუშევრები, საქართველოს მხარეების თემაზე შექმნილი რელიეფური კომპოზიციები, ალეგორიული და თავისუფალი თემატიკის ნამუშევრები, ქართული ორნამენტების ესკიზები, ბროლის ლანგრები და ლარნაკები, მცირე ფორმის ნიმუშები.

მხატვრის საიუბილეო ალბომში საზოგადოება გაეცნობა მხატვრის თანამედროვე დიდი მოღვაწეების შეფასებასა და ლადო გუდიაშვილის წერილს ა. ფოჩხუას შესახებ. შესავალ სტატიაში საუბარია დიდი ოსტატის შემოქმედების შესახებ. ასევე ვხვდებით ხეზე კვეთის ოსტატის სხვადასხვა დროს შექმნილ თემატურ თუ ალეგორიულ ნაწარმოებებს, გამოჩენილ ადამიანთა პორტრეტებს და მისი უნიკალური ქართული ორნამენტის ნიმუშების ესკიზებსა და გრაფიკულ ნამუშევრებს. საგულისხმოა, რომ პროექტის ავტორებმა აუცილებლად მიიჩნიეს ა. ფოჩხუას ორნამენტებითა და სხვადასხვა ესკიზით შექმნილი გასაფერადებელი რვეულების დაბეჭდვა, რათა ხელი შეუწყონ ბავშვებისა და ახალგაზრდების მხატვრული გემოვნების ჩამოყალიბებასა და ქართული ორნამენტის თავისებურებების შესწავლას. ბავშვებისთვის გასაფერადებელი რვეულების გამოცემა ხელს შეუწყობს მხატვრის შემოქმედების პოპულარიზაციასაც.

წიგნში მიმოხილულია არსენ ფოჩხუას შემოქმედება და მისი მნიშვნელობა ქართული სახვითი ხელოვნების განვითარებაში. წინასიტყვაობაში თავმოყრილია გამოჩენილი ქართველი მოღვაწეების გამონათქვამები მისი შემოქმედების შესახებ. წინასიტყვაობის ნაწილი ეძღვნება ხელოვანის მიერ ქაშუეთის ფრესკების შექმნასა და ლადო გუდიაშვილთან ურთიერთობას, ბროლზე ქართული ორნამენტებისა და ფიგურული გამოსახულებების შექმნას. განსაკუთრებით საყურადღებოა მხატვრის მიერ შექმნილი ქართული ორნამენტები, რომლებშიც ახლებურად არის გადამუშავებული ტრადიციული ქართული ჩუქურთმა.

არსენ ფოჩხუა 1923 წელს ქუთაისში დაიბადა. 1944-49 წლებში სწავლობდა თბილისის კონსერვატორიაში, ვიოლინოს კლასში. შემდგომ პედაგოგად მუშაობდა საქართველოს სახელმწიფოს სიმფონიურ ორკესტრსა და I სამუსიკო სასწავლებელში. ამავე დროს, არაჩვეულებრივად ხატავდა. 1946 წლიდან გრაფიკის ხელოვნებას ეუფლებოდა ლადო გუდიაშვილის ხელმძღვანელობით. 1946-47 წლებში ლადო გუდიაშვილის მიწვევით ა. ფოჩხუა ქაშუეთის ტაძრის მოხატვაში დამხმარე მხატვრად მონაწილეობდა. დიდი მხატვრის გვერდით მუშაობა ა. ფოჩხუასათვის ერთგვარ აკადემიად იქცა. 1953 წლიდან მუშაობდა კოლხურ ბზასა და ბროლზე. ა. ფოჩხუა, როგორც გრაფიკოსი, მონაწილეობდა სხვადასხვა გამოფენაში. 1956 წელს პირველად გამოფინა ბზისა და სადაფის ნაკეთობები. ხელოვანი წარმატებით მუშაობდა ბროლისა და ძვლის მხატვრულ დამუშავებაზე.

1977 წელს ქუთაისში არსენ ფოჩხუას ნამუშევრების პირველი პერსონალური გამოფენა მოეწყო. 1982 წელს მისი პერსონალური გამოფენა გაიმართა მოსკოვში. ექსპოზიციამ დიდი მოწონება დაიმსახურა და მას მეორე პერსონალური გამოფენა მოჰყვა, რომელიც რუსეთის ბუნების დაცვის საზოგადოების ინიციატივით მოეწყო. ამავე წელს ის საცხოვრებლად მშობლიურ ქუთაისში დაბრუნდა. 1982 წელს არსენ ფოჩხუას საქართველოს დამსახურებული არტისტის წოდება მიენიჭა. ხელოვანი 2001 წლის აპრილში გარდაიცვალა.

დამთვალიერებელს ეროვნულ მუზეუმში საიუბილეო გამოფენის – „დიდოსტატი არსენ ფოჩხუა“ – ნახვა 22 დეკემბრამდე შეუძლია.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება