fbpx

კუდის ყოფილი მაღალჩინოსანი სოსო თოფურიძე ბულგარეთში დააკავეს

„მანამდეც არ მესმოდა, რატომ მეუბნებოდნენ სტატუსზე უარს, მაგრამ ლტოლვილთა სააგენტოში დაპატიმრება მართლაც მიუღებელია. ბოლოს და ბოლოს, ბულგარეთი არის ევროკავშირსა და ნატოს წევრი თავისუფალი ქვეყანა, რომლითაც მე აღფრთოვანებული ვარ. მისი ქუჩები მშვიდია, ხალხი იღიმის, როგორც საქართველოში – ამიტომაც მიყვარდა ბულგარეთი ”.

ეს კომენტარი კუდის ყოფილმა მაღალჩინოსანმა, სოსო თოფურიძემ რადიო თავისუფლების  ბულგარეთის ბიუროს მას შემდეგ მისცა, რაც ის 3-დღიანი საექსტრადაციო პატიმრობიდან გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

როგორც გამოცემა წერს, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თოფურიძე ბულგარეთში ლტოლვილის სტატუსს და საქართველოში ექსტრადიციას ერთნაირად ელოდება.

ის 2012 წელს, საქართველოდან გაქცევის შემდეგ ჯერ თურქეთში ცხოვრობდა ანონიმურად, შემდეგ კი ბულგარეთში არალეგალურად გადავიდა და 2019 წელს პოლიტკური თავშესაფრის მიღების მოთხოვნით შესაბამის უწყებებს მიმართა.

ბულგარეთის ლტოლვილთა სახელმწიფო სააგენტომ (SAR) მისთვის ლტოლვილის სტატუსი მიენიჭებაზე უარი თქვა, ვინაიდან მიიჩნია, რომ არ არსებობს მტკიცებულება საქართველოში სოსო თოფურიძის პოლიტკური დევნის შესახებ.

სოსო თოფურიძემ სოფიის სასამართლოსაც მიმართა, რომელმაც იგივე დასკვნა გამოიტანა. სანამ საკითხი კიდევ ერთ ინსტანციაში განიხილებოდა, თოფურიძე საქართველოს მოთხოვნით დააკავეს.

ის გაათავისუფლეს სამი დღის შემდეგ გირაოს სანაცვლოდ. ამჯერად სოსო თოფურიძე ერთი მხრივ, ლტოლვილის სტატუსის მოლოდინშია, მეორე მხრივ კი იმის, რომ მოხდება საქართველოში მისი ექსტრადიცია.

„ჩემთვის ყველაზე მიუღებელი ისაა, რომ იმ ინსტიტუციის შენობაში დამაკავეს, რომელსაც შველას ვთხოვდი“, – განაცხადა სოსო თოფურიძემ და იქვე განაგრძო – „განა ბულგარეთი ევროკავშირისა და ნატოს წევრი ქვეყანა არ არის? თავისუფალი ქვეყანა, რომელსაც ასე ვაფასებ?“

პოლკოვნიკი სოსო თოფურიძე მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში, 8 წლის განმავლობაში იყო საქართველოს საიდუმლო სამსახურის უფროსის მოადგილე და საკმაოდ დიდი გავლენებით სარგებლობდა. ის გახლდათ კონსტიტუციური უსფრთხოების დეპარტამენტის დირექტორის, დათა ახალაიას მარჯვენა ხელი და სხვა ფუნქციებთან ერთად, იყო მთავარი საკონტაქტო პირი საპატრიარქოსთან. გავრცელებული ინფორმაციით, მისი სახელი ფიგურირებს არაერთ ხმაურიან საქმეში.

სოსო თოფურიძეს და კუდის სხვა მაღალჩინოსნებს – დათა ახალაიას, გერონტი ალანიას და ოლეგ მელნიკოვს სასამართლომ ბრალი 2012 წელს წაუყენა. მათ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთაში ადანაშაულებენ.

გამოძიების ინფორმაციით, 2005 წლის იანვარში კუდის მაღალჩინოსნებმა სასტიკად ცემეს პოლიციის თანამშრომლები, რომლებმაც თითქოსდა შეურაცხყოფა მიაყენეს მაშინდელი შს მინისტრის, ვანო მერაბიშვილის მეუღლეს, თაკო სალაყაიას. ამ საქმეში ბრალდებულ სოსო თოფურიძეს და დათა ახალაიას დაუსწრებლად 3,9 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვთ შეფარდებული. მან დათა ახალაიას მსგავსად ქვეყანა 2012 წელს, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ დატოვა – ჯერ თურქეთში ცხოვრობდა სრულიად მარტო და ანონიმურად, შემდეგ კი ბულგარეთში გადავიდა, სადაც პოლიტკური თავშესაფარი მოითხოვა.

გაუზიარე!

0Shares
0 0

კომენტარის დატოვება

error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია