fbpx

კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ არ ვაპირებ ,,ქართული ოცნებიდან,, გასვლას-კახა კახიშვილი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი კახა კახიშვილი მის მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებაზე განმარტებას აკეთებს და აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე პარტია „ქართული ოცნების“ დატოვებას არ გეგმავს.

როგორც მან „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, იმ შემთხვევაში, თუ როდესმე პარტიას დატოვებს, სხვა პარტიებს არ შეუერთდება.

„გუშინ, „პალიტრანიუსის“ ეთერში, როდესაც ჟურნალისტმა კითხვა დამისვა, განვაცხადე, რომ ამ ეტაპზე არ ვგეგმავ და არც საფუძვლები მაქვს ვისაუბრო იმაზე, რომ შეიძლება „ქართული ოცნება“ დავტოვო. შემდგომ კითხვა იყო, გამორიცხავთ, რომ როდესმე დატოვებთო? გამორიცხვით რა თქმა უნდა, ვერაფერს გამოვრიცხავ, ადამიანები ხელს აწერენ, მუდმივად ცხოვრებას აპირებენ, მაგრამ მერე გარკვეული პრობლემები ჩნდება. რა შემთხვევაში შეიძლება დატოვოთ „ქართული ოცნებაო“ და იმ შემთხვევაში, თუ უკვე ვნახავ, რომ ჩემი რესურსი და შესაძლებლობები „ქართულ ოცნებაში“ ამოწურულია-თქო. სამწუხაროდ, საზოგადოების ნაწილმა ისე აღიქვა ეს, რომ პარტიიდან გასვლის თაობაზე განცხადება იყო. კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ ამ ეტაპზე არანაირად არ ვაპირებ გასვლას, ყოველ შემთხვევაში, მე არ ვაპირებ.

იმ შემთხვევაში, თუ თეორიულად ვიმსჯელებთ, რომ შეიძლება ოდესმე პარტია დავტოვო, სხვა პარტიაში გადასვლას არ ვაპირებ. შესაბამისად, ამ ეტაპზე პარტიის დატოვებას ნამდვილად არ ვფიქრობ, რადგან პარტიაში ბევრი ისეთი ადამიანია, ვისაც პატივს ვცემ, პირველ რიგში, ამ პარტიის დამფუძნებლებს ვცემ პატივს და იმ ადამიანებს, ვისთანაც ბევრი წელია ერთ პარტიაში ვიყავით და სხვადასხვა საკითხებზე ვმუშაობდით. შესაბამისად, თუ ვნახე როდესმე, რომ ჩემი რესურსი ამოწურულია, მე არ მისმენენ და ა.შ, რა თქმა უნდა, მივიღებ გადაწყვეტილებას, მაგრამ ეს იქნება თუ არ იქნება, ან როდის იქნება, ვერ გეტყვით“, -განაცხადა კახიშვილმა.

მან პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის დღევანდელი განცხადებაც შეაფასა და დაადასტურა, რომ 2 სხვადასხვა კომიტეტის თავმჯდომარეობაზე შემოთავაზება მიიღო, თუმცა გარკვეული მიზეზების გამო, უარი განაცხადა.

„საწყენია, როდესაც გუნდის ხელმძღვანელობა ისე აკეთებს გუნდის წევრის განცხადებაზე კომენტარს, რომ როგორც ჩანს, თავად კომენტარი არ მოუსმენია. წინააღმდეგ შემთხვევაში, მიხვდებოდა, რომ წასვლაზე საუბარი ნამდვილად არ ყოფილა. რაც შეეხება კომიტეტების თაობაზე შემოთავაზებას, სიმართლე გითხრათ, მიმაჩნდა, რომ ეს არის გუნდის საქმე და 4 კაცში განხილული საკითხი მაინც და მაინც არ იყო ის საკითხი, რომელიც შესაძლებელია შემდგომში პრესით განვიხილოთ, თუმცა, ამ განცხადებით, ბატონმა  ირაკლი კობახიძემ თავადაც დაადასტურა, რომ ჩემთვის დიდი საოცნებო საფუძველი თანამდებობა არ იყო და არც არის. დიახ, იყო შემოთავაზება, სხვადასხვა მიზეზების გამო უარი ვთქვი იმიტომ, რომ ჩემთვის მთავარი ის კი არ არის, თანამდებობაზე ვიყო, მთავარი ისაა, რას გავაკეთებ რომელიმე თანამდებობაზე. როდესაც ვიფიქრე, რომ იქ ვერაფერს ისეთს ვერ გავაკეთებდი, უარი ვთქვი“, – განაცხადა კახიშვილმა.

მან არ დააკონკრეტა, რის გამო თქვა შემოთავაზებაზე უარი.

„არ მინდა ამ საკითხზე საუბარი. ეს არის ჩემი პრინციპი ცხოვრებაში. ჩემი აზრით, არ არის ლამაზი, როდესაც გუნდში განხილული საკითხები გარეთ გამოგაქვს“, – აღნიშნა კახიშვილმა.

გაუზიარე!

0Shares
0 0

კომენტარის დატოვება

error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია