fbpx

კახა კალაძე: ჩემთვის ჩალის ფასი აქვს იმ ადამიანების განცხადებებს, რომლებიც გვიმტკიცებდნენ, რომ სააკაშვილის ხელისუფლება იყო „დემოკრატიის შუქურა“

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, წლების განმავლობაში ქვეყანაში ევროპული ღირებულებების მთავარი პრინციპები ფეხქვეშ იყო გათელილი. ამ დროს კი, თუნდაც ზოგიერთი ევროპელი პარტნიორი არაარსებულ დემოკრატიაზე საუბრობდა.

ჟურნალისტის კითხვაზე, რამდენად საფუძვლიანია შიდა და გარე კრიტიკა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით, კახა კალაძე პასუხობს, რომ ამ ადამიანების განცხადებებს, რომლებიც კანონს აპროტესტებენ, მისთვის ჩალის ფასი აქვს.

„ჩვენ ვსაუბრობთ ევროპულ მომავალზე, გვინდა ევროპასთან მეტად დაახლოება. თუმცა, რა არის ევროპული ღირებულებების მთავარი პრინციპი? ეს არის დაფუძნებული სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებაზე, გამჭვირვალობაზე, განსხვავებული აზრის მიღება-მოსმენაზე, საკუთრების უფლების დაცვაზე და ა.შ. ეს ყველაფერი წლების განმავლობაში ფეხქვეშ იყო გაფენილი.

აქედან გამომდინარე, ამ ადამიანების შეფასებებს ჩემთვის არაფრის ფასი აქვს. თუნდაც ზოგიერთი ევროპარლამენტარის განცხადებას ჩალის ფასი აქვს. მათი ნაწილი სააკაშვილის ხელისუფლებაში ყოფნის დროს, გამოდიოდა და გვიმტკიცებდა, რომ სააკაშვილის ხელისუფლება იყო „დემოკრატიის შუქურა“. ისინი თვალში ნაცარს გვაყრიდნენ, თეთრზე შავს გვეუბნებოდნენ. დღესაც იგივე მოცემულობა გვაქვს და იმავეს გვიმტკიცებენ თავიანთი განცხადებებით თუ მიღებული გადაწყვეტილებით, რასაც აქვეყნებენ. საბოლოო ჯამში, მერე ვიგებდით, თუ როგორ ხდებოდა ამ გადაწყვეტილებების მიღება. სხვათა შორის, იმ კანონით, რომელიც ამერიკაში უკვე წლებია მოქმედებს, გაიგო საზოგადოებამ თურმე როგორ ხდება ამ რეზოლუციების მიღება“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება