fbpx

კახა კალაძე: პროტესტი შეგიძლია გამოხატო მშვიდობიანად, მაგრამ მოწოდება საკანონმდებლო ორგანოს ბლოკირებისკენ, პოლიციის მისამართით ქვებისა და ბოთლების სროლისკენ, არის მიუღებელი

არსებობს კადრები, სადაც ჩანს, რომ ხაბეიშვილი შევარდა პოლიციის კორდონში – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, ლევან ხაბეიშვილის ცემის ფაქტის შეფასებისას განაცხადა.

მისივე თქმით, არავის აქვს უფლება, პროვოკაციის გზით შევარდეს პოლიციის კორდონში და აკეთოს მოწოდებები ადმინისტრაციული შენობების ბლოკირებისკენ.

„ის, რომ სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებაა ქვეყანაში, ეს არის ევროპულობა და ევროპული ღირებულებები. განსხვავებული აზრის მოსმენის შესაძლებლობა უნდა გვქონდეს და არ უნდა გვიჭირდეს, რაც არ უნდა მიუღებელი და შესაძლოა, არასწორი იყოს. ეს ყველაფერი უნდა კეთდებოდეს კანონის ფარგლებში. კატეგორიულად დაუშვებელია პოლიციის კორდონში შევარდნა, რაც გუშინ ვნახეთ. ეს არ იყო პირველი შემთხვევა. ალეკო ელისაშვილი იყო პირველი, ვინც რამდენიმე დღის წინ, კანცელარიასთან, აქციაზე იკადრა პოლიციის კორდონში შევარდნა და მოწოდებები, რომ მას გაყოლოდნენ. იგივე ვიხილეთ გუშინ ხაბეიშვილის მონაწილეობით. ისმოდა მოწოდებები, რომ მომხდარიყო პარლამენტის ბლოკირება და ვინ აკეთებს ამას? – აკეთებენ ის რადიკალები, რომლებიც შემდეგ გაიპარებიან და ახალგაზრდებს შეატოვებენ პოლიციას“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, მშვიდობიანი აქციის მონაწილეებს კონკრეტული პირები მოუწოდებდნენ კანონსაწინააღმდეგო ქმედებებისკენ.

„მე დავინახე, რომ მიმდინარეობდა მშვიდობიანი აქცია, ასევე დავინახე, რომ კონკრეტული პირები მოუწოდებდნენ პარლამენტის და მთავრობის ადმინისტრაციის ბლოკირებისკენ, დავინახე სიტყვიერი შეურაცხყოფა პოლიციელების მიმართ, დავინახე ქვების და ბოთლების სროლა. ეს არ არის ევროპულობა. დავინახე ალეკო ელისაშვილის მიპარვაც მამუკა მდინარაძესთან და თქვენი ტელევიზიები და ის რადიკალები, რომლებიც დღეს ოპოზიციად იწოდება, ტაშს უკრავდა ამას. ეს არის სამარცხვინო. ყოველგვარი ძალადობა მიუღებელია ჩემთვის. მიუღებელია პოლიციელების მიმართ ძალადობა. როდესაც ხარ მშვიდობიანი მოქალაქე, შეგიძლია გააპროტესტო მშვიდობიანად, მაგრამ როდესაც მოუწოდებ ახალგაზრდებს საკანონმდებლო ორგანოს ბლოკირებისკენ, ქვების და ბოთლების სროლისკენ, ეს არის მიუღებელი“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება