სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებასთან დაკავშირებით ბოლო დღეების განმავლობაში გაკეთებული განცხადებები სიცრუეა“, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა. მისი თქმით, მიმდინარე წლის დეკემბერში ევროკავშირს აქვს შესაძლებლობა, საქართველოს გაწევრიანებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები გაუხსნას. „ჩვენ ორი დღის განმავლობაში, ვისმენდით ცრუ განცხადებებს, თითქოს, საქართველოს მთავრობამ შეაჩერა ევროინტეგრაციის პროცესი. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ ეს ტყუილი და სამარცხვინო განცხადებაა, რომელიც, მათ შორის, ევროკავშირის ელჩისგან მოვისმინეთ. აქ იკვეთება ის სპეკულაციები და მანიპულაციები, რაც საქართველოსთან მიმართებაში აქვთ. მე გუშინაც ვთქვი, პრემიერმაც ძალიან მკაფიოდ განაცხადა, რომ დეკემბერში იმართება ევროკომისიის სხდომა. მათ აქვთ შესაძლებლობა, საქართველოს მოლაპარაკებები გაუხსნან. თუ ეს დგას დღის წესრიგში, არავინ ამბობს უარს ამაზე, როგორც ამას თავად წარმოაჩენენ. გახსნან მოლაპარაკებები და ნახონ, ხელისუფლება მიიღებს თუ არა ამას. შესაბამისად, ეს ყველაფერი „თითიდან გამოწოვილია“. ჩვენ, რა თქმა უნდა, ევროინტეგრაციის პროცესს ვაგრძელებთ, ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელი გვაქვს მოწერილი და რაც არის გათვალისწინებული, იმ დღის წესრიგს მივყვებით. 2028 წლისთვის ჩვენ 90%-ზე მეტი ვალდებულება გვექნება შესრულებული და უკვე მზად ვიქნებით, ევროკავშირში გაწევრიანებისთვის“, – განაცხადა კახა კალაძემ. თბილისის მერის თქმით, დასავლელი პოლიტიკოსების ნაწილს საპარლამენტო არჩევნების შედეგები არ მოეწონა, ახლა კი საზოგადოების დაპირისპირებას ცდილობენ. „ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსიც და მოლაპარაკებების გახსნაც ფორმალობაა და ამას თავადაც ამბობდნენ. ჯერ ხომ გვაშანტაჟებდნენ, სანამ კანდიდატის სტატუსს მოგვცემდნენ. ამას იყენებდნენ იმისთვის, რომ საზოგადოება ერთმანეთისთვის დაეპირისპირებინათ, მოეხდინათ სახელმწიფო გადატრიალება, რევოლუცია, სისხლისღვრა, მაგრამ არ გამოუვიდათ. დღეს, უკვე ახალი იარაღი აქვთ – მოლაპარაკებების გახსნა-არგახსნის სახით. ჩვენ ვამბობთ, რომ საქართველოს მთავრობა მზადაა, გახსნან მოლაპარაკებები, მაგრამ ისინი ამ ყველაფერს შანტაჟისთვის იყენებენ, რომ არეულობა მოახდინონ. მათ არჩევნებში მიღებული შედეგები არ მოეწონათ, აგენტურამ და ქვეყნის მოღალატეებმა რომ ვერ გაიმარჯვეს. შესაბამისად, დღეს, ყველაფერს აკეთებენ, რომ ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალება მოახდინონ“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.