fbpx

იუსტიციის სამინისტროს საგრანტო პროგრამის ფარგლე ბში  სასჯელაღსრულების სამართლის ახალი სახელმძღვანელო  გამოიცა

იუსტიციის სამინისტროს საგრანტო პროგრამაში გამარჯვებული პროექტის ფარგლებში შემუშავდა და გამოიცა სასჯელაღსრულების სამართლის ახალი სახელმძღვანელო. სახელმძღვანელოზე იმუშავეს მორის შალიკაშვილმა, გივი მიქანაძემ, ზოია ხასიამ და ნუნუ მაღლაკელიძემ. 

სახელმძღვანელოში მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა პენიტენციური კოდექსის ნორმათა ანალიზს, სასჯელაღსრულების სფეროში საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებს.

ახალი სახელმძღვანელო განკუთვნილია როგორც დარგის სპეციალისტებისთვის, იურიდიული ფაკულტეტების სტუდენტებისა და პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებისთვის, ისე, სასჯელაღსრულების სფეროთი დაინტერესებული მკითხველისთვის.

საგრანტო პროექტის  შედეგები  იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ მინისტრის მოადგილეებთან, სახელმძღვანელოს ავტორებსა და აკადემიური წრის წარმომადგენლებთან ერთად შეაჯამა. 

მინისტრმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია სისტემის თანამშრომლებისა და, ზოგადად, იურისტების მომავალი თაობის მომზადება სასჯელაღსრულების სამართლის, ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა და პენიტენციური სამსახურის თანამშრომელთა უფლებების სფეროში.

,,სახელმძღვანელოში დეტალურად განხილულია პატიმართა და პენიტენციური დაწესებულების თანამშრომელთა უფლებები, რომელთა ცოდნა და დაცვა აუცილებელია პენიტენციური დაწესებულებების გამართულად და ეფექტიანად ფუნქციონირებისთვის. ასევე, წარმოდგენილია უცხოური ლიტერატურის, საერთაშორისო ნორმებისა და საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშების ანალიზი, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები, რაც ხელს შეუწყობს სასჯელაღსრულების სფეროთი დაინტერესებულ ადამიანებში საკითხზე მრავლისმომცველი წარმოდგენის ჩამოყალიბებას“, –  განაცხადა რატი ბრეგაძემ.

შეხვედრის მონაწილეებმა ისაუბრეს სასჯელაღსრულების სამართლის ახალი სახელმძღვანელოს აქტუალობასა და სასჯელაღსრულების სამართლის მიმართულებით ცნობიერების ამაღლების მნიშვნელობაზე.

საგრანტო კონკურსს იუსტიციის სამინისტრო ყოველწლიურად აცხადებს. მისი მიზანი ინოვაციური სერვისების დანერგვის ხელშეწყობა, ადამიანის უფლებათა დაცვის გაძლიერება და სამართლებრივი უსაფრთხოების განმტკიცებაა. წელს იუსტიციის სამინისტრო საგრანტო კონკურსში გამარჯვებულ 17 პროექტს აფინანსებს. საგრანტო პროგრამების მიზანი იუსტიციის სამინისტროს სისტემის საქმიანობაში სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობის ხელშეწყობა და სამოქალაქო ინიციატივების მხარდაჭერაა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება