fbpx

ისკო დასენი ოპოზიციური მედიის ცრუ ბრალდებებს პასუხობს

“საზოგადოებას მოეხსენება, რომ 2016 წელს მმართველი პარტიის ,,ქართული ოცნების“ სიით ვიყარე კენჭი არჩევნებში და საქართველოს პარლამენტის წევრი გავხდი. სწორედ ამ ფაქტის შემდეგ დაიწყო ჩემი და ჩემი ოჯახის წევრებზე ზეწოლა, ცილისმწამებლური კამპანიები, ოპოზიციურად განწყობილი ტელევიზიების მიერ ე.წ. ,,ფეიკსიუჟეტების“ მომზადება, ჩემს ოჯახში შემოჭრები, და ა.შ.
ამ მიმართებით, რადიკალური ოპოზიციის მხარდამჭერი ტელევიზიებიდან განსაკუთრებული ცინიზმით და შეურაცხყოფით გამოირჩევა ტელეკომპანია ,,ტვ პირველი“.
წლების განმავლობაში ამ ტელევიზიის წარმომადგენლები ჩემს სახელს უკავშირებდნენ ისეთ ადამიანებს, რომლებთანაც, უმეტეს შემთხვევაში, ნაცნობობაც კი არ მაკავშირებს, რომ არაფერი ვთქვა იმ გამოგონილ დანაშაულებრივ ქმედებებზე, რომლებშიც თითქოს და მე ვმონაწილეობ.
ტელეკომპანიას სხვადასხვა დროს არაერთი მცდელობა ჰქონდა, სამართალდამცავ ორგანოებში ჩემი მრავალწლიანი საქმიანობის პერიოდზე რაიმე კომპრომატი მოეპოვებინა და ამით მოეხდინა ჩემი დისკრედიტაცია, რაც უშედეგო აღმოჩნდა. ასევე, შედეგი არ გამოიღო ჩემი, როგორც პარლამენტის წევრის მიერ ნაწარმოები დეკლარაციების გადამოწმებამ და მათთვის სასურველი დარღვევების ძიებამ. საზოგადოებამ არც ის დაიჯერა, თითქოს და მე და ჩემი ოჯახის წევრები ე.წ. ,,ქოლცენტრების“ დანაშაულებრივ სქემაში ვიყავით ჩართულნი და, მსუბუქად რომ ვთქვათ, ვაიჟურნალისტებს ამ შემთხვევაშიც კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ.
ამჯერად, საზოგადოებამ იხილა ტელეკომპანია ,,ტვ პირველი“-ს შემოთავაზებული ახალი ფეიკნიუსი, რომლის სიუჟეტი კინოკომპანია ,,ბოლივუდი“-ს ყველაზე უფრო ფანტასტიური ჟანრის ფილმს მოგვაგონებს და მხოლოდ ღიმილს იწვევს. სხვა მხრივ კი, თუ საკითხს სერიოზულად შევხედავთ, აშკარაა, რომ ყოველ ჯერზე ტელეკომპანია ,,ტვ პირველი“ ცდილობს ნებისმიერი ჭორი თუ გამოგონილი აბსურდი პირადად მე დამიკავშიროს და უკიდურესად უარყოფითი კუთხით წარმომაჩინოს, რაც ჩემი დისკრედიტაციის გზით მმართველი პარტიისათვის ჩრდილის მიყენებას ისახავს მიზნად. ყოველივე ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს რადიკალური ოპოზიციისა და მათი მხარდამჭერი მედიასაშუალებების სრულ უუნარობას და ის ვერასდროს იქნება შედეგიანი.” – ისკო დასენი

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება